ახალი ამბები

“ხელისუფლება ცდილობს, ქაღალდზე მაინც იყოს ისე, როგორც მას უნდა” – 20 ივნისს დაშავებულები

28 ოქტომბერი, 2019 • 1396
“ხელისუფლება ცდილობს, ქაღალდზე მაინც იყოს ისე, როგორც მას უნდა” –  20 ივნისს დაშავებულები

თბილისის საქალასო სასამართლომ 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებულ 16 პირს დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭა. მათ შორის, რომელთა დაზარალებულად ცნობას საია ითხოვდა, 20 ივნისს დაშავებული მაკო გომური და ირაკლი ხვადაგიანიც იყვნენ.

მაკო გომურის თქმით, მისი აზრით, ის და სხვა ადამიანები ხელისუფლებას უხერხულ სიტუაციას უქმნიან და დაზარალებულის სტატუსის არქონასაც ამით ხსნის:

“პირველად რომ მივმართეთ პროკრუატურას, ვიცოდი, უარყოფით პასუხს მივიღებდით. მეორე მიმართვისას მეგონა, დადებით პასუხს მივიღებდით. სასამართლოზე უკვე დარწმუნებით ვიცოდი, რომ დადებითი პასუხი იქნებოდა. არ ვიცი, რის გამო შეიცვალა. 4 თვეა იძიებენ. შეიძლება კიდევ ერთი წელი დასჭირდეთ გამოსაძიებლად. ალბათ, ამის გამო მოვიდა უარყოფითი პასუხი.

როგორც ვიცი, ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან. რა თქმა უნდა, ბრძოლას ვაპირებ ბოლომდე. მარტო მე ხომ არ ვარ? ჩემთან ერთად უამრავი ადამიანია. ალბათ, ყველა უხერხულ სიტუაციას ვქმნით. ერთ ადამიანს რომ მისცენ სტატუსი, გამოდის, დანარჩენებსაც უნდა მისცენ”, – ამბობს მაკო გომური, რომელმაც 20 ივნისის დარბევის დროს თვალი დაკარგა.

მსგავსი ახსნა აქვს ირაკლი ხვადაგიანსაც, რომელიც ამბობს, რომ პოლიციელებმა 20 ივნისს დაკავებისას სცემეს. “სოვლაბის” მკვლევრის თქმით, ამ გზით ხელისუფლება ცდილობს, მოვლენებს ფურცელზე მაინც მისცეს მისთვის მისაღები ინტერპრეტაცია:

“ფაქტობრივად, დაგვტოვეს სამართლებრივი ჩარჩოს მიღმა. გამოდის, რომ გარდა პოლიტიკური შეფასებისა და ბრძოლისა, სახელმწიფო არ გვიტოვებს სხვა გზას ჩვენი უფლებების დასაცავად და მომხდარზე კანონიერი ენით სახელის დასარქმევად. ცხადი იყო თავიდანვე, ვის მხარეს გადასწია სასწორი გამოძიებამ. ისინი მიიჩნევენ, რომ პოლიციელები არიან მთავარი მსხვერპლი და არა ათობით და ასობით მოქალაქე.

ფაქტობრივად, ეს მაინც მიდის პოლიტიკურ პასუხისმგებლობამდე. არანაირად არ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი იმ პოლიციელის ვინაობა, ვინც მე ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენა. ის სახელმწიფოს სახელით მოქმედებს და ზემდგომის დავალებას ასრულებს. ეს არის პოლიტიკური ტვირთი, პოლიტიკური პასუხსიმგებლობა, რომელიც სასურველი იყო იმავე დღეებში აეღოთ ადამიანებს, ვისაც ეს ეკუთვნოდა. ეს არის განწირული მცდელობა სახლემწიფოს მხრიდან, რომ ქაღალდზე მაინც ისე იყოს, როგორც მას უნდა”, – ამბობს ხვადაგიანი.

საიამ დაზარალებულების სახელით სასამართლოს 2019 წლის 11 ოქტომბერს მიმართა მას შემდეგ, რაც პროკურატურამ მათ სტატუსის მინიჭებაზე უარი დაუსაბუთებლად უთხრა. როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე ამბობს, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ყველა დაზარალებულს სტატუსს მიანიჭებს, უნდა აღიაროს, რომ მასშტაბური დანაშაული მოხდა, თუმცა ამის ფონზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა არავის აუღია:

“პოლიტკური ნება არ აქვს პროკურატურას ელემენტარულად, რომ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭოს ამდენ ადამიანს. წარმოიდგინეთ, ორჯერ და სამჯერ მეტი ადამიანია, ვისაც სასწრაფო დახმარება დასჭირდა, ვისი ჰოსპიტალიზებაც მოხდა 20-21 ივნისის ღამეს. თუ ხელისუფლება ადგება და ამდენ ადამიანს მიანიჭებს სტატუსს, ეს ნიშნავს, რომ, სავარაუდოდ, ხელისუფლებამ დიდი და მასშტაბური დანაშაული ჩაიდინა”.

როგორც სალაძე ამბობს, 20-21 ივნისს დაშავებული ადამიანებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას უნდა მოჰყოლოდა პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებაც, მათ შორის, გიორგი გახარიას მხრიდან. საიას თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ სტატუსზე უარის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს არის.

საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგიერთი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით.

პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი. დაზიანებები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. 2-მა მოქალაქემ დაკარგა თვალი.

ამ საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 67 სამართალდამცველი და 4 მოქალაქე.

სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე 16 პირი დაზარალებულად არ ცნო – საია

მასალების გადაბეჭდვის წესი