ახალი ამბები

ათასობით ქართული საიტის დაჰაკვაზე გამოძიება დაიწყო

28 ოქტომბერი, 2019 • 1263
ათასობით ქართული საიტის დაჰაკვაზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ათასობით ვებგვერდის დაჰაკვაზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

გამოძიება თავდაპირველად დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევას გულისხმობს.

დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით. ხოლო იგივე ქმედება:

  • წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
  • სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
  • არაერთგზის;
  • რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია,

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

მოგვიანებით გამოძიებას დაემატა სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლი, რაც კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს.

28 ოქტომბერს ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი გახდნენ სახელმწიფო უწყებების, მედიასაშუალებების, სასამართლოების, კერძო ორგანიზაციებისა და არასამთავრობოების ვებსაიტები.

კომპანია “პროსერვისში” ნეტგაზეთს უთხრეს, რომ მათ სერვერებზე მიმდინარეობს ჰაკერული თავდასხმა, რის შედეგადაც ამ დროისათვის [13:33] 2 ათასამდე ვებსაიტია დაჰაკული, ეს რაოდენობა კი იზრდება.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ისინი პრობლემის გამოსწორებაზე მუშაობენ და ხარვეზის აღმოვფხვრას ერთ საათში ვარაუდობენ.

აღნიშნული საიტების მთავარ გვერდზე ჩანს საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ საკააშვილის ფოტო, წარწერით I’ll be back (მე დავბრუნდები).

ყველა ქართული ვებსაიტი, რომლებზეც ჰაკერული შეტევაა – განახლებადი

მასალების გადაბეჭდვის წესი