ახალი ამბები

პროკურატურა: ინტერპოლმა ადეიშვილის ძებნა ერთი ქვეყნის მიერ მინიჭებული ლტოლვილის სტატუსის გამო შეწყვიტა

14 აპრილი, 2015 •
პროკურატურა: ინტერპოლმა ადეიშვილის ძებნა ერთი ქვეყნის მიერ მინიჭებული ლტოლვილის სტატუსის გამო შეწყვიტა

“2015 წლის 9 აპრილს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო ინტერპოლის გენერალური სამდივნოს წერილი, რის საფუძველზეც ქართულ მხარეს ეცნობა, რომ ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ გაუქმდა ზურაბ ადეიშვილის მიმართ გამოცემული წითელი ცირკულარი. ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ ზ. ადეიშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის გაუქმების ძირითად საფუძვლად მიუთითა ქართული მხარისათვის უცნობი ერთ-ერთი სახელმწიფოს მიერ ზ. ადეიშვილისთვის მინიჭებული ლტოლვილის სტატუსი. 

 

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ ზ. ადეიშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო ისე, რომ ქართული მხარისგან არ მოუთხოვია დამატებითი არგუმენტაციის ან შესაბამისი  დოკუმენტაციის წარდგენა და ქართული მხარისთვის ხსენებული ფაქტი ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც ძებნილი პირის მიმართ გაუქმდა წითელი ცირკულარი. შესაბამისად, საქართველოს მთავარი პროკურატურა საკითხის განხილვის პროცესში მოკლებული იყო შესაძლებლობას, რათა ზ. ადეიშვილის მიმართ ძებნის გაგრძელების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით დამატებით საკუთარი არგუმენტაცია წარედგინა ინტერპოლის გენერალური სამდივნოსთვის. 

უახლოეს პერიოდში საქართველოს მთავარი პროკურატურა გეგმავს მითითებულ საკითხთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურების განხორციელებას”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.


მთავარი პროკურატურა არ აკონკრეტებს, რომელმა ქვეყანამ მიანიჭა ადეიშვილს ლტოლვილის სტატუსი. ნეტგაზეთი მის ადვოკატ ოთო კახიძესაც დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ იგი არც უარყოფს და არც ადასტურებს ცნობას იმის თაობაზე, რომ მის კლიენტს თავშესაფარი მიღებული აქვს, თუმცა მეტი კონკრეტიკისაგან ადვოკატმაც თავი შეიკავა.


საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირების რეესტრში აღარ არის. ინტერპოლის ვებგვერდზე ადეიშვილის შესახებ მონაცემები აღარ იძებნება.

 

როგორც ნეტგაზეთს ადეიშვილის ადვოკატმა ოთარ კახიძემ განუცხადა, დაცვის მხარე პერიოდულად უგზავნიდა ინტერპოლს საქმის მასალებს ადეიშვილის საქმესთან დაკავშირებით და ცდილობდა იმის დადასტურებას, რომ ადეიშვილი საქართველოში პოლიტიკური ნიშნითაა დევნილი, თუმცა, ადვოკატის თქმით, ინტერპოლისაგან საბოლოო პასუხი არ მიუღია. ადვოკატი ამბობს, რომ ბოლო ასეთი მიმოწერა ინტერპოლთან 4 თვის წინ ჰქონდა.

 

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს ზურაბ ადეიშვილის მიმართ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გამოცხადების თაობაზე შუამდგომლობით  2013 წლის 10 იანვარს მიმართა. ადეიშვილზე წითელი ცირკულარით ძებნა კი 2013 წლის 14 ნოემბერს გამოცხადდა. 2013 წლის ნოემბერში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ადეიშვილი უნგრეთში ცხოვრობდა და ამ ქვეყანაში თავშესაფრის მიღების პროცედურებიც დაიწყო. ადვოკატმა ოთო კახიძემ მაშინ ნეტგაზეთს უთხრა, რომ მისი ინფორმაციით, ადეიშვილს პოლიტიკური თავშესაფარი ჰქონდა მიღებული, თუმცა არ დაუკონკრეტებია რომელ ქვეყანაში.

 

 

მაიდნის მოვლენების შემდეგ, როდესაც უკრაინაში ხელისუფლება შეიცვალა, ადეიშვილი უკრაინაში გამოჩნდა. უკრაინის იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის, გია გეწაძის ინფორმაციით, ზურაბ ადეიშვილი უკრაინის ანტიკორუფციულ კანონმდებლობაზე მუშაობს ექსპერტის სტატუსით.

 

 

 ინტერპოლმა წითელი ცირკულარით ზურაბ ადეიშვილისა და დავით კეზერაშვილის ძებნა ერთდროულად დაიწყო. ორგანიზაციის ვებგვერდზე კეზერაშვილი კვლავ ძებნილადაა მოხსენიებული, ხოლო ადეიშვილი – არა.

 

 

ადეიშვილს საქართველოში ბრალი სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით და პატიმართა დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით დაუსწრებლად წაუყენეს. მას ასევე ბრალად ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციისა და დანაშაულთა პროვოკაციის ორგანიზება.


მასალების გადაბეჭდვის წესი