ახალი ამბები

ლაგოდეხის საკრებულოს არჩევნებში “ოცნების” კანდიდატი იმარჯვებს – წინასწარი შედეგები

28 ოქტომბერი, 2019 • 1229
ლაგოდეხის საკრებულოს არჩევნებში “ოცნების” კანდიდატი იმარჯვებს – წინასწარი შედეგები

დღეს, 27 ოქტომბერს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენის, ადიგენის მუნიციპალიტეტის არალის და მარტვილის მუნიციპალიტეტის კიწიის თემებში საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართებოდა.

ლაგოდეხის გარდა, ორივე მუნიციპალიტეტში, სადაც არჩევნები ჩატარდა კენჭს მხოლოდ ერთი, ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი იყრიდა. რაც შეეხება ლაგოდეხს, საკრებულოს მანდატისთვის “ქართული ოცნების”, “ევროპული საქართველოსა” და “მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” კანდიდატები იბრძოდნენ.

წინასწარი შედეგების მიხედვით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში “ქართული ოცნების” კანდიდატი ლიდერობს. ამ დროისთვის სულ 4 უბნიდან მონაცემები დათვლილია 3 უბნის მიხედვით და “ქართული ოცნების” კანდიდატს ხმათა 83 პროცენტი აქვს.

საარჩევნო პროცესს აკვირდებოდა არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ი. როგორც ორგანიზაციაში აცხადბენ, არჩევნების დღეს, უშუალოდ საარჩევნო უბნებზე უბნის გახსნის, კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცესმა ძირითადად, მშვიდ და ორგანიზებულ ვითარებაში და მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა. თუმცა, ISFED აღნიშნავს, რომ კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობისას, ყველა (7-ვე) საარჩევნო უბანზე, მასიური სახე ჰქონდა „ქართული ოცნების“ კოორდინატორებისა და აქტივისტების მობილიზების და მათ მიერ ამომრჩევლის აღრიცხვის მანკიერი ტრადიციის გაგრძელებას:

“რიგ შემთხვევებში, საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩევლის აღრიცხვას კოორდინატორები საკუთარ ავტომობილებში აწარმოებდნენ. ლაგოდეხის 25-ე საარჩევნო უბნის მიმდებარედ განთავსებული იყო მაგიდები, სადაც „ქართული ოცნების“ კოორდინატორები ამომრჩეველს კენჭისყრის შენობაში შესვლამდე, სიების მეშვეობით აღრიცხავდნენ” – აცხადებენ ორგანიზაციაში.

„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ მსგავსი ქმედებები წარმოადგენს ამომრჩევლის ნების კონტროლს, რაც ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს
ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენაზე და შესაძლოა ამომრჩევლის მიერ აღქმული იქნას, როგორც ირიბი ზეწოლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი