კორცხელში მომხდარ ინცინდენტში ნიკა მელია “ქართულ ოცნებას” და კახა კალაძეს ადანაშაულებს. ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა “პოსტსკრიპტუმის” ეთერში ისაუბრა. როგორც მელია ამბობს, პირები, რომლებიც დაპირისპირებაში იღებდნენ მონაწილეობას, ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში მდებარე ორივე საარჩევნო უბანზე გადაადგილდებოდნენ და ცდილობდნენ საარჩევნო პროცესისთვის ხელის შეშლას:
“ჩვენი ინფორმაციით, ისინი აპირებდნენ მსგავსი დარბვევის მოწყობას დაახლოებით საღამოს ექვსიდან რვა საათამდე, მაგრამ, როგორც ჩანს, გეგმა შეეცვალათ, ან ვიღაცამ მათი ხელმძღვანელობის დირექტივა არ შეასრულა კარგად და ორის ნახევარზე მოხდა ის, რაც მოხდა. მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ძალიან დიდი შანსი აქვს ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს, რომ გაიმარჯვოს ამ არჩევნებში და ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ ეს არჩევნები ჩაეშალათ” – ამბობს მელია.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა მოსახლეობის შევიწროებასაც:
“მას შემდეგ, რაც აქ დარბევა მოხდა, უვარდებოდნენ [მოსახლეობას] ოჯახებში და აშინებდნენ, რომ ისინი არ წამოსულიყვნენ არჩევნებზე. ყველაფერი გააკეთს იმისათვის, რომ განცდა ჰქონოდათ კორცხელში მაცხოვრებელ ადამიანებს, რომ საარჩევნო უბანზე მისვლა არის საშიში, რომ ჩვენს მხარდამჭერებს ელემენტარულად შეეშინებოდათ არჩევნებზე მოსვლის. მაგრამ პირიქით მოხდა” – განაცხადა ნიკა მელიამ.
ნიკა მელიას თქმით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მუშაობას კონსტრუქციულად გააგრძელებს და დაპირისპირებაში არ ჩაერთვება:
“ეს იყო დაგეგმილი კალაძის და ივანიშვილის მიერ. ისინი ცდილობენ, რომ მსგავს ჭრილში გადაიტანონ დაპირისპირება. რა თქმა უნდა, ჩვენ, როგორც პასუხისმგებელი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელები, ყველაფერს გავაკეთბთ იმისთვის, რომ მშვიდობიანი ჭრილიდან არ ამოვვარდეთ და 8 ოქტომბრამდე მივიდეთ ისე, როგორც უნდა მივიდეთ საარჩევნო ყუთებთან. არ არის ეს ის სცენარი, რომელიც ქვეყანას მოუტანს გამარჯვებას. ივანიშვილი ცდილობს, რომ ქაოტური მდგომარეობა შექმნას სრულიად ქვეყანაში, მაგრამ ჩვენ მას ამ თამაშში არ ავყვებით” – თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა “პოსტსკრიპტუმთან” ინტერვიუში.