ახალი ამბები

ტრამპმა, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ლიდერის სიკვდილი დაადასტურა

27 ოქტომბერი, 2019 • 1352
ტრამპმა, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ლიდერის სიკვდილი დაადასტურა

აშშ-ის ძალებმა ჩაატარეს სამხედრო ოპერაცია, რომლის შედეგადაც მოკლეს ე.წ “ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი, განაცხადა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პრეს-კონფერენციის დროს. ტრამპმა აღნიშნა, რომ ბაღდადისთან ერთად ლიკვიდირებულნი არიან სხვა ტერორისტებიც.

ტრამპის თქმით, ბაღდადიმ თავის სამ შვილთან ერთად თავი აიფეთქა, ხოლო დნმ-ის ტესტმა დაადასტურა, რომ ლიკვიდირებული ტერორისტი მართლაც ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერია.

“ბაღდადის ლიკვიდაცია დემონსტრირებს აშშ-ის სურვილს, დაამარცხოს “ისლამური სახელმწიფო“ და სხვა ტერორისტული ორგანიზაციები“, – განაცხადა ტრამპმა.

“ეს ველური მონსტრები ვერ დააღწევენ თავს საბოლოო ბედს და უფლის სამსჯავროს“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

“ბაღდადი და ლუზერებს, რომლებიც მასზე მუშაობდნენ, წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რაში შეაბიჯეს ფეხი“; “ბაღდადი ძაღლივით მოკვდა“ – დაამატა ტრამპმა.

ტრამპმა აგრეთვე მადლობა გადაუხადა თურქეთს, რუსეთს, სირიას, ქურთებს და აშშ-ის სამხედროებს, რომლებმაც ოპერაციაში მიიღეს მონაწილეობა.

პრეს-კონფერენციამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Twitter-ში დაწერა, რომ “რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მოხდა“, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.

წარმატებული ოპერაციის შესახებ განაცხადა სირიის დემოკრატიული ძალების მეთაურმაც, მაზლუმ აბდიმ: “წარმატებული და ისტორიული ოპერაცია შედგა აშშ-ის დაზვერვასთან ერთობლივი მუშაობის შედეგად“. მისივე თქმით, ოპერაცია ხუთი თვის განმავლობაში ტარდებოდა.

აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი ტერორისტულ ორგანიზაციას სათავეში 2010 წელს ჩაუდგა, მას შემდეგ, რაც მისი წინამორბედი აბუ ომარ ალ-ბაღდადი მოკლეს. იქამდე, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის შესახებ სხვა ცნობებიც გავრცელებულა – რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 2017 წლის ივნისში აცხადებდა, რომ “ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი რუსეთის საჰაერო ძალების იერიშის შედეგად ლიკვიდირებულია, თუმცა, ინფორმაცია არ დადასტურდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი