პროკურატურას ვუთხარი, რა ბრძანება გავეცით – გომელაური მაჩალიკაშვილის საქმეზე

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური დღეს, 26 ოქტომბერს, ჟურნალისტებს ესაუბრა იმის შესახებ, თუ რა უთხრა პროკურატურას სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე. გომელაური და სხვა მაღალჩინოსნები აღნიშნულ საქმეზე პროკურატურაში რამდენიმე კვირის წინ დაკითხეს.

“მივაწოდე ინფორმაცია, რა ბრძანებები გავეცით, ვისი ნებართვით დაიწყო ღონისძიება, რაც  საჭირო იყო, ყველა ინფორმაცია მივაწოდე პროკურატურას”, – თქვა ვახტანგ გომელაურმა. მის კომენტარს შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

მინისტრის განცხადებით, სპეცოპერაციის მიმინარეობისას კონკრეტული სპეცრაზმელი წყვეტს, რას მოიმოქმედებს და ამას უწყების ხელმძღვანელობას არ უთანხმებს.

“მე თვითონ ვიყავი რიგითი სპეცრაზმელი და 8 წელი მომიწია მუშაობა. იქ მე  ვწყვეტ,  უკვე უნდა ვისროლო თუ არ უნდა ვისროლო. ამას არ ეკითხები, ბატონო მინისტრო, ცეცხლი გავხსნა თუ არ გავხსნა. იქ შენ ხარ მინისტრიც, პრემიერ-მინისტრიც და ყველაფერი. პროკურატურა იძიებს საქმეს.  თუ მოხდა გადაცდომა, პროკურატურამ და სასამართლომ უნდა გვითხრას, მე ვერ შევაფასებ. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ოპერაციის დაწყებას წყვეტს მეთაური, სპეცდანიშნულების რაზმის და არა მინისტრი.  კონკრეტულ სროლას წყვეტს ინდივიდუალური სპეცრაზმელი”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.


19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმელის გასროლილი ტყვიით თავის არეში დაიჭრა. მაჩალიკაშვილი 10 იანვარს საავადმყოფოში გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავების მომენტში მაჩალიკაშვილი სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ყუმბარის ამოქმედებას ცდილობდა. ვერსიას დაჭრილის ოჯახი კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მას მძინარე მდგომარეობაში ესროლეს.

მაჩალიკაშვილების სახლში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ვახტანგ გომელაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა. თემირლანის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი შვილის მკვლელობაზე პასუხისმგებელ პირებს შორის ვახტანგ გომელაურსაც ასახელებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.