ახალი ამბები

საოკუპაციო ხაზთან ვითარება გამწვავებული არ არის, სამწუხაროა, ასე რომ აფასებენ – გომელაური

26 ოქტომბერი, 2019 • 1384
საოკუპაციო ხაზთან ვითარება გამწვავებული არ არის, სამწუხაროა, ასე რომ აფასებენ – გომელაური

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მიიჩნევს, რომ შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზთან, სადაც რუსი სამხედროები ბოლო პერიოდში პატრულირებენ და მავთულხლართებს ამონტაჟებენ, ვითარება გამწვავებული არ არის.

“რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი ფაქტი იყო, როცა ევროკავშირის დამკვირვებელი დააკავეს და გადაიყვანეს. აქედან გამომდინარე, ყოველთვის პრობლემა აქვს ხოლმე პრესას, მოქალაქეებს, რატომ არ გვიშვებთ, შევალთ – აი ეს პრობლემაა, შეიძლება დააკავონ და დიდი პრობლემა შეიქმნას. ვითარება იქ გამწვავებული ნამდვილად არ არის, ასე ვერ შევაფასებდი, რომ გამწვავებულია. ძალიან სამწუხაროა, რომ ასე აფასებენ”, – დღეს, 26 ოქტომბერს უთხრა გომელაურმა ჟურნალისტებს.

მინისტრის თქმით, ასევე არასწორია იმის თქმა, რომ როდესაც საოკუპაციო ხაზთან მავთულხართებს ამონტაჟებენ, საქართველო კარგავს ახალ ტერიტორიას.

“ეს ტერიტორიები ჩვენ დავკარგეთ 2008 წლის ომის შემდეგ. ეს, ალბათ, კარგად უნდა აიხსნას, შეიძლება, მთავრობის ასახსნელიც არის. ახლა სადაც ღობე არ არის გავლებული, გადავდივართ? ვხნავთ? ვთესავთ? ან ნათესავებთან მივდივართ? – ვერ მივდივართ, ხომ? დაკეტილია ჩვეულებრივად. იქ ღობე იქნება თუ რუსული ჯარი იდგება და არ შეგვიშვებენ, ჩემთვის ერთი და იგივეა. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, ღობე რომ ივლება და გამყოფ ხაზს აკეთებენ, მაგრამ იმის თქმა, რომ საქართველომ კიდევ დაკარგა 500 მეტრი ტერიტორია, არა, ეს დაკარგული იყო 2008 წლის ომის შემდეგ”, – ამბობს გომელაური.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი