ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

“მამაჩემი დის დაკრძალვაზე ახალგორიდან თბილისში ვერ ჩადის” – იზოლაციის 51 დღე

25 ოქტომბერი, 2019 • 2410
“მამაჩემი დის დაკრძალვაზე ახალგორიდან თბილისში ვერ ჩადის” – იზოლაციის 51 დღე

ორმოცდამეთერთმეტე დღეა, ე.წ. რაზდახანის გამშვები პუნქტი ჩაკეტილია და ახალგორის რაიონი ფაქტობრივად იზოლირებულია. საოკუპაციო ძალებმა და დე ფაქტო ხელისუფლებამ რაიონის შესასვლელი 4 სექტემბერს სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით, უსაფრთხოების მიზნით, ჩაკეტეს და მის გახსნას 6 სექტემბრისთვის აპირებდნენ, თუმცა პირობა არ შესრულდა. 

ამის მიზეზი ჩორჩანაში აგებული საგუშაგოა და, როგორც აცხადებენ, სანამ ქართული მხარე ამ საგუშაგოს არ აიღებს, გზების გახსნას არ აპირებენ.

რა პრობლემები შეექმნათ ახალგორელებს საზღვრის ჩაკეტვის შემდეგ?

2019 წელს ოსურმა მხარემ უკვე მეორედ ჩაუკეტა ეთნიკურ ქართველებს ერთადერთი გადმოსასვლელი პუნქტი თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე. პირველად 11 იანვრიდან 25 მარტამდე –  გრიპის ვირუსის გავრცელების მოტივით. 

ადგილობრივთა მონაყოლით, საგუშაგოს ბოლო ჩაკეტვამ უფრო მეტი ჰუმანიტარული პრობლემები შეუქმნა მათ – თუკი პირველ ჯერზე ჯანმრთელობის პრობლემების გამო პაციენტები წითელ ჯვარს თბილისის მიმართულებით შედარებით ადვილად გადმოჰყავდა, ბოლო პერიოდში ეს მექანიზმიც აღარ მუშაობს – მძიმე პაციენტები ცხინვალში გადაჰყავთ. 

გარდა ამისა, თუკი წინა პერიოდში დაკრძალვებზე გადმოსვლას ასე თუ ისე ახერხებდა ახალგორის მოსახლეობა, ამჯერად ვერც ამას ახერხებენ.

“მამიდა მომიკვდა მანდ და მამაჩემი ვერ გადმოდის”, – გვეუბნება ახალგორელი აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი. როგორც ის ამბობს, მაშინ ახალგორს სხვა გამგებელიც ჰყავდა – “პიროვნული ფაქტორიც მუშაობს, ვინაიდან ის [ვლადიმერ გულიევი] პირადად იყო ხოლმე ჩართული პრობლემების გადაჭრაში. დღეს სხვა გამგებელი გვყავს აქ [ვიტალი მამიტოვი] “.

ინფორმაციული ჩაკეტილობა

ახალგორელების ნაწილმა რაიონი მის ჩაკეტვამდე დატოვა, დარჩენილები კი დე ფაქტო საზღვარზე ვერც გადმოდიან და ვერც შედიან. ნეტგაზეთის რესპონდენტიც ერთ-ერთი მათგანია, ვინც ახალგორის დატოვება მოასწრო, თუმცა მისი ოჯახის წევრები კვლავ იქ იმყოფებიან. მას ვინაობის გამხელა არ სურს, რადგან, როგორც თვითონ ამბობს, ეშინია.

“ახალგორში ინფორმაციული ჩაკეტილობაა და ნებისმიერი სახის ინფორმაციის გამავრცელებელი შეიძლება რაღაც ფორმით დაისაჯოს. რატომ? იმიტომ, რომ იქ უკონტროლო სიტუაციაა, ეს არის მათთვის “სიმართლის გავრცელების საფრთხე”. თუ ადამიანი სწავლობს, მუშაობს ან უბრალოდ ცხოვრობს იქ – ეს უკვე საფრთხეა. დიახ, გვაშინებენ, რომ სიმართლე გარეთ არ გავიტანოთ და ეს არ არის ახალი ამბავი. ახლა მთავარია, ვინ გაბედავს და ვინ გარისკავს, რომ ხმა ამოიღოს და ყველას გააგებინოს სიმართლე”, – ამბობს ნეტგაზეთთან საუბრისას ადგილობრივი მცხოვრები.

ჩვენი რესპონდენტი გვიყვება, რომ რაიონში ვითარება ყოველდღიურად უარესდება – ადგილობრივი მოსახლეობა შეშინებულია და გაურკვევლობაშია, რადგან მათ არავინ ეუბნება, როდის გახსნიან დე ფაქტო საზღვარს – ხალხი ფაქტობრივად იზოლირებულია,  ერთადერთი სასიცოცხლო ხაზი მათთვის ჩაიკეტა და ხალხი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა.

“შეიძლება საზღვარი არ გაიხნას, მაგრამ იმედი ხომ მაინც უნდა ჰქონდეს ხალხს? მთავრობა მათ ამასაც კი არ აძლევს. შეიძლება ბევრი რამე ვერ მოხდეს ისე, როგორც გვინდა, მაგრამ ხალხს მინიმუმ იმედი მაინც სჭირდება და ამ მხრივაც არაფერია”, – ახალგორელი.

მედიკამენტებითან და პროდუქტებთან დაკავშირებული პობლემები:

მისი თქმით, პროდუქტებისა და მედიკამენტების დეფიციტი უკვე თვალში საცემი გახდა. გარდა ამისა, ადგილზე ცხინვალიდან შეტანილი პროდუქცია ძალიან გაძვირდა.

ზვიად ზვიადაძის განცხადებით, ეს ვითარება არა მხოლოდ ახალგორის, არამედ სრულიად ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას აზიანებს.

მისივე ინფორმაციით, 11 სექტემბერს ადმინისტრაციული საზღვრით 2 ადამიანი გადმოიყვანეს იმ მიზეზით, რომ მათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდათ. ისინი კლინიკებში გადაიყვანეს და ამ ეტაპზე კარგად არიან. გარდა ამ შემთხვევისა, მსგავსი თხოვნით არავის აღარ მიუმართავს მათთვის და, შესაბამისად, სხვა არც არავინ გადმოუყვანიათ. 

“ჩემი ინფორმაციით, ახალგორში ბევრი ონკოლოგიური პაციენტია, ბევრს ესაჭიროება ისეთი წამალი, რომელიც ადგილზე არ იშოვება, არიან გეგმურ მკურნალობაზე. მინდა გავიხსენო ერთი შემთხვევა: ახალგორში იყო შეხვედრა თანამდებობის პირთან, სადაც ადამიანები მედიკამენტებით იყვნენ მისულები და ჰქონდათ მხოლოდ ერთი კითხვა: “ეს მედიკამენტები თუ გამოგველევა, შეიძლება დავიხოცოთ და რა ვქნათ?”. რა თქმა უნდა, ამ კითხვაზე პასუხი ვერავინ გასცა და მათთვის არც საზღვარი გახსნილა”, –  გვიყვება ადგილობრივი.

პენსიებთან დაკავშირებული პრობლემები

გზის დაკეტვამ პრობლემა შეუქმნა ასაკობრივ პენსიონერებსაც, რომლებიც ქართულ პენსიაზე არიან დამოკიდებული. ადგილზე ფასების ზრდის პარალელურად, პენსიის გარეშე დარჩენილ ახალგორებლებს რთულ ვითარებაში უწევთ არსებობა. 

“მათი ერთადერთი საარსებო ახლა მხოლოდ “ნისიაა”, – ამბობს ახალგორის მცხოვრები ჩვენთან საუბარში.

პენსიონერებისა და სხვა მოქალაქეებისთვის შექმნილ სირთულეებზე საუბრობს ახალგორის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილიც.

“ყველასთვის ცნობილია, რომ პენსიონერებს სხვა შემოსავალი არ აქვთ და პენსიას ვერ იღებენ. გარდა ამისა, მედიკამენტები არ არის, სურსათი არ არის, ჯანდაცვა ხელმიუწვდომელია და ა.შ. ეს მოსახლეობა არის ოკუპანტებისა და სეპარატისტების მიერ აყვანილი ტყვეობაში”, – განაცხადა თინიკაშვილმა.

განათლების მიღებასთან დაკავშირებული პრობლემები

გზის ჩაკეტვის გამო სწავლის გაგრძელებას ვერც ახალგორში ჩარჩენილი სტუდენტები ახერხებენ. 

ამ შემთხვევისგან განსხვავებით, წინა პერიოდებში, როდესაც იდენტური პრობლემები იქმნებოდა გადაადგილებასთან დაკავშირებით სხვადასხვა საბაბით [მაგალითად, გრიპის ვირუსი], სტუდენტები დე ფაქტო ხელისუფლებამ გამშვები პუნქტით გაატარა.

რას ამბობს ქართული მხარე?

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო სამინისტროს წარმომადგენლის, ზვიად ზვიადაძის განცხადებით, აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით ქართული მხარის პოზიცია ცალსახაა – არ აპირებენ საგუშაგოს აღებას, რადგან “ის მდებარეობს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და მისი მიზანია, ადგილობრივი მოსახლეობის დაცვა. საგუშაგო არ არის არანაირი პროვოკაციის მატარებელი და არც არანაირი საფრთხეს წარმოადგენს ვინმესთვის”.

როდის გაიხსნება ადმინისტრაციული გამშვები პუნქტი, ჯერჯერობით უცნობია. როგორც ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ნუგზარ თინიკაშვილი და ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, ამასთან დაკავშირებით არაერთი ჭორი გავრცელდა და კონკრეტული თარიღებიც დასახელდა, თუმცა ეს ინფორმაცია არაზუსტია.

“ქართული მხარე ყველანაირად ცდილობს ეს პრობლემა მოაგვაროს. შეხვედრები თითქმის ყოველ კვირა იმართება, თუმცა ჯერჯერობით რაიმე კონკრეტული შედეგი არ მოუტანია. ჩვენები ითხოვენ გზის გახსნას, ისინი კი- ჩორჩანაში პოსტის აღებას, რასაც ჩვენ არ ვთანხმდებით. საქართველოში, შენს მიწა-წყალზე, რას გააკეთებ, ოკუპანტები და სეპარატისტები არ უნდა გკარნახობდნენ. ყველაფერზე რომ უკან დავიხიოთ, არც ეგ იქნება სწორი”, – განაცხადა ნეტგაზეთთან საუბრისას ნუგზარ თინიკაშვილმა.

გაურკვეველი მომავალი

ქართული მხარის ცნობით, ე.წ. რაზდახანის გამშვეიბ პუნქტის გახსნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. თუმცა მხარეთა განსხვავებული პოზიციების გამო შედეგები არაპროგნოზირებადია. 

“თუ ეს მდგომარეობა გაგრძელდება, რამდენიმე ჩემი ნაცნობი, ვისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია, შეიძლება დაიღუპოს”, – ამბობს ადგილობრივი.

ზვიადაძემ ნეტგაზეთთან საუბრისას განაცხადა, რომ აუცილებლად გაითვალისწინებენ იმ მოსწავლეებისა და სტუდენტების მდგომარეობას, რომლებმაც აღნიშნული საკითხის გამო ვერ შეძლეს დე ფაქტო საზღვარზე გადმოსვლა და სწავლის გაგრძელება. მან ასევე აღნიშნა, რომ დაგეგმილია კიდევ ერთი ტექნიკური შეხვედრა, სადაც დამატებით მოხდება ამ საკითხის დაყენება და იმედოვნებს, რომ რაიმე კონკრეტულ პასუხს მიიღებენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი