ნეტგაზეთი | ენგურჰესი დროებით ჩერდება – ვინ იყიდის ელექტრონერგიას აფხაზეთისთვის ენგურჰესი დროებით ჩერდება – ვინ იყიდის ელექტრონერგიას აფხაზეთისთვის – Netgazeti
RU | GE  

ენგურჰესი დროებით ჩერდება – ვინ იყიდის ელექტრონერგიას აფხაზეთისთვის

ავტორი: მარიანა კოტოვა, სოხუმი


2021 წლის თებერვლიდან მაისის ჩათვლით ენგურჰესის 15. 5 კილომეტრი სიგრძის დერივაციულ გვირაბში, რომლის მეშვეობითაც წყალსაცავიდან წყალი აგრეგატებს მიეწოდება, სარემონტო სამუშაოები ჩატარდება. შესაბამისად, მისი დაშრობა და იმ ხუთივე აგრეგატის შეჩერება იქნება საჭირო, რომელიც ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. სავარაუდოდ, ელექტროენერგია ამ პერიოდში საქართველოში და, შესაბამისად, აფხაზეთშიც რუსეთიდან ან აზერბაიჯანიდან შემოვა. ხარჯებს გვირაბის რემონტზე მთლიანად ქართული მხარე ევროპის განვითარების ბანკიდან აღებული სესხით დაფარავს.

ასეთი ინფორმაცია მიაწოდა აფხაზ ჟურნალისტებს “ენგურჰესზე” ვიზიტის დროს ჰესის ხელმძღვანელობამ. 

“ამ პერიოდში საქართველო ენგურჰესიდან ვეღარ მიიღებს 500 მილიონ კილოვატ საათს. ამ ნაკლებობის შევსება მოუწევთ თბოელექტროსადგურიდან  ან ელექტროენერგიის ყიდვით რუსეთიდან ან აზერბაიჯანიდან. აფხაზეთს კი ამჟამად, ენგურჰესის გარდა,  ელექტროენერგიის მისაღებად სხვა წყაროები არ აქვს. აღნიშნული საკითხი კიდევ არაერთხელ  იქნება განხილვის საგანი ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის”, – ამბობს ენგურჰესის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონია.

ჯერ უცნობია, იყიდის თუ არა ქართული მხარე 2021 წლის რამდენიმე თვის განმავლობაში ელექტროენერგიას აფხაზეთისთვისაც. 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, რომ პროექტი მომზადების პროცესშია და სარემონტო სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე დეტალები მოგვიანებით დაზუსტდება.

დღესდღეობით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ენერგიის 60%-ით ქართული მხარე სარგებლობს, ელექტროენერგიის 40%-ს კი აფხაზეთი უფასოდ იღებს. 

თუმცა, როდესაც ჰესი ჩერდება, საქართველო იძულებულია ელექტროენერგია 5,5 ცენტად იყიდოს, მაშინ როდესაც ენეგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ღირებულება 0,7 ცენტია. 

რატომ უნდა გაჩერდეს ენჰგურჰესი?

როგორც ენგურჰესის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონია ჰყვება, ენგურჰესის რეაბილიტაციის მნიშვნელოვანი ფაზის – დერივაციული გვირაბის რემონტი ბევრჯერ გადადეს, მაგრამ დღეს უკვე შეუძლებელია მისი გადადება. 

“ყველა ექსპერტი, რომელიც საქმეშია ჩართული და ყველა ჩვენი სპეციალისტი, რომლებიც სადგურში წლებია მუშაობს, აცხადებენ, რომ რემონტის გადადება უკვე აღარ შეიძლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ავარიის დროს სადგური უკვე ოთხ თვეზე მეტხანს იქნება გაჩერებული”, – ამბობს მებონია. 

ლევან მებონია; ფოტო: ნეტგაზეთი/მარიანა კოტოვა

როგორც სპეციალისტები ჰყვებიან, გვირაბში პროფილაქტიკური სამუშაოები ყოველ ხუთ წელში ერთხელ უნდა ტარდებოდეს. თუმცა უკანასკნელად 2006 წელს დაცალეს. დღესდღეობით დაზიანებების მასშტაბი იმდენად დიდია, რომ 250 მილიონი კილოვატი მოცულობის ელექტროენერგიისთვის საჭირო წყალი იკარგება დაზიანებული ნაპრალებიდან, რაც ფულად ეკვივალენტში მილიონ დოლარს უტოლდება. 

“ეს არის აფხაზეთის რამდენიმე თვის მოხმარება. 6 მილიონი დოლარის ღირებულების ელექტოენერგია იქნებოდა ეს, თუკი მას საზღვარგარეთ ვიყიდდით”, – ამბობს მებონია. 

ენგურჰესის თაღოვანი კაშხალის დეპარტამენტის დირექტორი ჯონი ჭანია ჰყვება, რომ სპეციალისტებმა სამი წლის წინ დაცალეს გვირაბი დაზიანებების შესაფასებლად.

“ჩვენ სწორედ იმ ადგილებს და მონაკვეთებს ჩავუტარებთ რემონტს, რომლებიც გამოკვლეული და აღწერილია”, – ამბობს ჭანია. 

აფხაზი ჟურნალისტებისთვის მიწოდებული ინფორმაციის შესაბამისდ, გვირაბის რემონტისთვის სესხს 32 მილიონი ევროს ოდენობით საქართველოს მთავრობას მისცემს ევროპის საინვესტიციო ბანკი.

“1998 წელს 100 მილიონი ევრო ავიღეთ, პირველ ეტაპზე 66 მილიონი დაიხარჯა. ამჟამად მეოთხე ფაზაა. არადა, მაშინ ეს ავანტიურად შეფასდა.

თბილისში ელექტროენერგია დღეში ორი საათით მიეწოდებოდა. სიტუაცია რადიკალურ ზომებს მოითხოვდა. ენერგოსისტემის აღსადგენად ევროპელებისგან დიდი ოდენობის ვალის აღება გადავწყვიტეთ, ვალის დასაბრუნებლად კი – ტარიფების გაზრდა, რათა 10-12 წელში გაგვესტუმრებინა ეს ვალი. როგორც აღმოჩნდა, ეს სქემა სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა და დღეს საქართველოში ენერგეტიკა კარგად ვითარდება”,- გვიყვება აფხაზ ჟურნალისტებს დავით მირცხულავა, საქართველოს ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი და ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში.

დავით მირცხულავა ენგურჰესსზე; ფოტო: ნეტგაზეთი/მარიანა კოტოვა

რაც შეეხება დაგეგმილ დერივაციული გვირაბის რემონტს, ლევან მებონიას თქმით, ეს სამუშაო დღე-ღამეში 24 საათს მოითხოვს. რემონტისთვის სპეციალურად 800-900 ადამიანს დაიქირავებენ, რომლებიც გვირაბში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით და მასალებით ხვრელებს ამოავსებენ. 

“ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, სამყოფია იმისთვის, რომ ორჯერ შევამციროთ დანაკარგი, მაგრამ ყველა ნაპრალს ვერ ამოვავსებთ. იმისთვის, რომ მთლიანად გავარემონტოთ გვირაბი, საჭიროა წელიწადნახევარი შეუჩერებლად ვიმუშაოთ, თუმცა ასე ხანგრძლივადაც ვერ შევაჩერებთ სადგურის მუშაობას”, – ამბობს მებონია.

სპეციალისტები გვიხსნიან, რომ გარდა ამისა, რემონტი სადგურს კატასტროფისგან დაიცავს – მნიშვნელოვანმა დაზიანებამ გვირაბში შეიძლება წყლის დიდი რაოდენობით გაჟონვა გამოიწვიოს. 

სწორედ ამიტომ, ენგურჰესის ხელმძღვანელობა და ქართველი ენერგეტიკოსები მიიჩნევენ, რომ 2021 წელს დაგეგმილი რემონტის გადადება აღარ შეიძლება და ქართული მხარე ყველა ფინანსურ ვალდებულებას საკუთარ თავზე აიღებს.

აფხაზეთის როლი

“იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთი ენგურჰესს ფულს არ უხდის ელექტროენერგიისთვის, თავად მოსახლეობა საკუთარ თავზე ვერც ახლა იგრძნობს ცვლილებებს”,-  განუცხადა ჟურნალისტებს ენგურჰესზე დავით მირცხულავამ.

თუმცა, ამავე დროს, თავად აფხაზეთის ენერგოკომპანია “ჩერნომორენერგოში” აცხადებენ, რომ აფხაზეთი ელექტროენერგიას საკუთარი ფულით, უფრო სწორად, რუსეთის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ყიდულობს კრიზისების დროს. 

“საქმე ის არის, რომ ყველა ოპერაცია მიმდინარეობს თბილისში. რუსული ენერგეტიკისთვის აფხაზეთი, როგორც ასეთი, არც არსებობს. ყველაფერი საქართველოსა და რუსეთს შორის შეთნხმების საფუძველზე ხორციელდება. სწორედ ამ შეთანხმების საფუძველზე აფხაზეთი ელექტროენერგიას “ყუბანერეგოსგან” ყიდულობს და სხვაობას საკუთარი ბიუჯეტიდან იხდის”,-  ასე განმარტავენ სიტუაციას “ჩერნომორენერგოში”. 

ეს სქემები საკმაოდ რთულია გასაგებად და არც ისე პოპულარული თემაა აფხაზ პოლიტიკოსებსა და მედიის წარმომადგენლებში, რადგანაც ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. აფხაზეთში ამის შესახებ ღიად ბოლო დრომდე არც არავინ საუბრობდა. 

როდესაც ენგურჰესის შეჩერება და ელექტროენერგიის ეკონომიის თემა აქტუალური გახდა, აფხაზ ენერგეტიკოსებს უკვე მოუწიათ მოყოლა, როგორ მუშაობს აფხაზეთის ენერგომომარაგების სისტემა და რამდენად არის დამოკიდებული საქართველოზე. 

აფხაზური მხარისთვის უფასოდ მიწოდებულ ელექტროენერგიაზე ენთუზიაზმით არც თავად ქართული მხარე საუბრობს. 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი