ახალი ამბები

“მნიშვნელოვანი ის კი არ არის, რა იგულისხმა, არამედ – რაც ითქვა” – იონათამიშვილი ბესელიაზე

24 ოქტომბერი, 2019 • 1592
“მნიშვნელოვანი ის კი არ არის, რა იგულისხმა, არამედ – რაც ითქვა” – იონათამიშვილი ბესელიაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი ეხმაურება ეკა ბესელიასთან მომხდარ ინციდენტს, როდესაც დამოუკიდებელმა დეპუტატმა შშმ კოლეგას მიმართა რეპლიკით: “რაღაცებით ნუ სარგებლობ”.

მომხდართან დაკავშირებით იონათამიშვილმა ნეტგაზეთს წერილობით მიმართა:

“ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, რომ ჩემსა და ეკას შორის კამათი ვატო შაქარაშვილის [საკრებულოს წევრი] შემოსვლა-არშემოსვლის გამო არ დაწყებულა, რადგან ამ საკითხზე ისევე, როგორც მთლიანად კომიტეტს, მკაფიო პოზიცია მქონდა და არ ვეწინააღმდეგებოდი ვატოს დარბაზში შემოსვლას.

ჩვენს შორის კამათი დაიწყო მას შემდეგ, რაც ეკა ბესელიამ თქვა, რომ უმრავლესობის დეპუტატები წინა დღეს, კითხვის დასმის შემდეგ გავედით და არ ვესწრებოდით [მოსამართლეობის კანდიდატ] ლევან მიქაბერიძის მოსმენას. მე გავაპროტესტე ეს განცხადება, ვინაიდან მაღალი პასუხისმგებლობით ვეკიდები კომიტეტში მიმდინარე პროცესს, მაქსიმალურად ვესწრები თითოეული კანდიდატის მოსმენას. ჩემი აქტიური მონაწილეობით გამოვხატავ დამოკიდებულებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით, რითაც ვფიქრობ, რომ მაგალითს ვაძლევ კოლეგებსაც და საზოგადოებასაც. მე ასე ვიქცევი მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ჯანმრთელობისთვის ერთ პოზიციაზე დიდი ხნით გაჩერება რისკების შემცველია. გამონაკლისი არ იყო ლევან მიქაბერიძის მოსმენის დღეც და დაახლოებით 7- საათიანი სხდომა მხოლოდ ორჯერ დავტოვე, ერთხელ იმიტომ, რომ გადავჯექი ეტლიდან, რითაც მცირე ხნით დავისვენე, ხოლო მეორედ – შევხვდი შშმ პირთა დღის ცენტრების წარმომადგენლებს. ამიტომ, ბესელიას ეს განცხადება მივიღე, როგორც ჩემს მიმართ გამოთქმული უსამართლობა, რასაც, ჩემდა სამწუხაროდ, მისგან კიდევ უფრო მძიმე რეპლიკა დაემატა…”, – ნათქვამია იონათამიშვილის წერილში.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ გიორგი მიქაუტაძეს უსმენდნენ, ეკა ბესელიასა და რატი იონათამიშვილს შორის კამათი 22 ოქტომბერს მოხდა.

კამათისას ეკა ბესელიამ რატი იონათამიშვილს მიმართა რეპლიკით: “ნუ სარგებლობ რაღაცებით”.

“დაწყნარდი, რატი, შენ ყველაფერზე ნუ გვპასუხობ. სირცხვილი ის არის, რასაც ხალხი უყურებდა და ახლა დაწყნარდი, ნუ სარგებლობ რაღაცებით. ნუ მაწყვეტინებ სიტყვას, ეთიკა იქონიე, რა დღეში ხარ? მე ვცდილობ, არ აგყვე ხოლმე შენ და არ არის საჭირო იმ დროს ჩარევა, როდესაც მმართველ პარტიას გამოქომაგება უნდა. თავს დაიცავენ თვითონ, მგონია, რომ უკეთესად”, – ასე მიმართა ეკა ბესელიამ რატი იონათამიშვილს, რომელიც შშმ პირია.

ეკა ბესელიამ “ნეტგაზეთს” მოკლეტექსტური შეტყობინებით მისწერა, რომ მისი რეპლიკა რატი იონათამიშვილის შეზღუდულ შესაძლებლობას არ ეხებოდა და მსგავსი რამ არასდროს დაუშვია.

“ბატონი რატი სარგებლობს იმით, რომ აქვს მაღალი ხმა და იოლად შეუძლია გადაფაროს ჩემი საუბარი, რაც არაერთხელ გაუკეთებია. მე არ მაცდიდა საუბარს და ხმამაღლა საუბრობდა”, – განაცხადა ბესელიამ.

მან დამატებით განმარტება მოგვიანებით ფეისბუკზე გაავრცელა ტელეკომპანია იმედის სიუჟეტთან დაკავშირებით, სადაც ის საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა გააკრიტიკეს.

“უხერხულია ჩემი მხრიდან ვინმეს დისკრიმინაციაზე საუბარი. კილაძე-მათიკაშვილებს ( ისევ ეს ახალი კომკავშირლები) თუ არ ახსოვთ, თავად რატი იონათამიშვილს მაინც უნდა ახსოვდეს გაეროს შშმპ კონვენცია, რომელიც თაროზე იყო შემოდებული და გიორგი ახმეტელმა მთხოვა ყურადღება მიმექცია, რატიფიცირების პროცესი რომ დაძრულიყო და ბოლომდე მიმეყვანა. 2013 წელი იყო და მალევე დავიწყე და დავასრულე ამ კონვენციის რატიფიცირების საკითხი ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტში. მეტს ამ თემაზე არაფერს ვიტყვი. მხოლოდ ერთს დავამატებ – პოლიტიკოსისთვის პირადი ტრაგედიაა, როცა მისი მორალი პარტიულ მესიჯბოქსზეა დამოკიდებული”, – დაწერა ბესელიამ.

იონათამიშვილის თქმით, რაც შეეხება იმას, თუ კონკრეტულად რა იგულისხმება „რაღაცებით სარგებლობაში“, ის ბესელიას გულრწფელობას დაიჯერებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის განმარტებას გააკეთებდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებთან:

“ვისაც ძალიან მწვავე რეაქცია ჰქონდათ, რადგან ჩვენ ხშირად მიგვითითებენ „მდგომარეობით სარგებლობაზე“. ეს მენტლიტეტი ჩვენთვის რეალური ბარიერია. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანი ის კი არ არის, რა იგულისხმა, არამედ – რაც ითქვა. მე ყოველთვის ვაფასებდი მის როლს CRPD-ის რატიფიცირების პროცესში, მაგრამ ეს ფაქტი კი არ გვათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან, არამედ გაცილებით უფრო მაღალ სტანდარტს გვიწესებს შშმ პირების მიმართ”, – ამბობს რატი იონათამიშვილი საპასუხოდ.

მასალების გადაბეჭდვის წესი