ახალი ამბები

ოქრუაშვილის პარტიის განცხადებით, იარაღზე, რომლის ფლობასაც კოშაძეს ედავებიან, მისი დნმ არაა

24 ოქტომბერი, 2019 • 1258
ოქრუაშვილის პარტიის განცხადებით, იარაღზე, რომლის ფლობასაც კოშაძეს ედავებიან, მისი დნმ არაა

ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრების თქმით, ოქრუაშვილის დაცვის წევრის, კობა კოშაძის დნმ არ აღმოჩნდა იარაღზე, რომლის უკანონო ფლობასაც მას პროკურატურა ედავება.

“გამარჯვებული საქართველოს” წევრი გურამ ჩალაგაშვილი აცხადებს, რომ მიიღეს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მისი თქმით ადასტურებს, რომ კოშაძეს იარაღი “ჩაუდეს” და ამიტომ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ:

“პირველი გზავნილი იცანიშვილისაგან ირაკლი ოქრუაშვილისადმი, რომ იგი არ შემოსულიყო ქართულ პოლიტიკაში, იყო ის, რომ ივლისის თვეში პოლიციელებმა იარაღი ჩაუდეს და დაიჭირეს ირაკლი ოქრუაშვილის უახლოესი მეგობარი, მისი ოჯახის წევრი კობა კოშაძე და ის დღეს პატიმრობაშია. ეს იყო პირველი გზავნილი და, როგორც ყველას მოგეხსენებათ, ამის შემდეგ ერთ კვირაში დააკავეს ირაკლი ოქრუაშვილიც.

მინდა მივმართო პროკურატურას, თადუმაძეს, და ვუთხრა, რომ ერთი კვირის წინ ჩვენ წარვადგინეთ ექსპერტიზის დასკვნა, სადაც წერია, რომ იარაღზე კობა კოშაძის თითის ანაბეჭდები არ ამოსულა. ამასთან ერთად, პროკურატურას ჰქონდა არგუმენტი, რომ მიმდინარეობდა მეორე ექსპერტიზა, სადაც უნდა ყოფილიყო დნმ-ის პასუხი. დღეს ჩვენ მივიღეთ დასკვნა, სადაც წერია, რომ იარაღზე, მჭიდზე და ვაზნებზე არც დნმ-ის კვალი არ არის აღმოჩენილი კობა კოშაძის. მოგმართავთ სრული კატეგორიულობით, დაუყოვნებლივ იქნას გათავისუფლებული კობა კოშაძე საპატიმროდან”, – ამბობს ჩალაგაშვილი.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ორშაბათს საღამომდე კოშაძე საპატირმოს არ დატოვებს, პარტია იმ 4 პოლიციელის ვინაობას და პერსონალურ ინფორმაციას გაასაჯაროებს, რომლებმაც კოშაძე დააკავეს.

ექსპერტიზის დასკვნის საკითხზე “ნეტგაზეთი” დაუკავშირდა საქართველოს პროკურატურას. უწყებაში გვითხრეს, რომ ვინაიდან გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს, კითხვებით მათ უნდა მივმართოთ. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ვინაიდან საქმე სასამართლო განხილვის ეტაპზეა, საქმის მასალებთან დაკავშირებით ბრალდების მხარეს ან სასამართლოს უნდა მივმართოთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი