19 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრს, კობა კოშაძეს. კოშაძე ორი დღის წინ იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. ის ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ იარაღი ჩაუდეს.
რუსთავი 2-ის ცნობით, დაცვის მხარე მისთვის 10 000- ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას პატიმრობა შეუფარდა. ნეტგაზეთს სასამართლოს პრესსამსახურში დაუდასტურეს, რომ კოშაძეს პატიმრობა შეეფარდა.
არხის ცნობითვე, კოშაძემ სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ თბილისში შემოსვლისას სამართალდამცავებმა გააჩერეს და მისი მანქანის ჩხრეკა დაიწყეს; ამ დროს, კოშაძის თანახმად, ერთ-ერთმა სამართალდამცავმა, სავარაუდოდ, ჩადო ავტომობილში იარაღი.
„დავინახე, რომ გვერდით ხელის მუხრუჭთან იდო იარაღი, გამეცინა და ვუთხარი, ეს არ არის ჩემი- მეთქი და რაო? რა დაინახეო, რასაც შენ ხედავ, ის დავინახე- მეთქი… მაკაროვი შენი არისო? მე ვუთხარი, არ არის ჩემი, როგორ არ არის, გაიგებ მერე, ვისი არის და როგორ არისო. დაიწყეს შევსება” ,- ციტირებს არხი კოშაძეს.
სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლი (236-ე), რითაც კოშაძე დააკავეს, 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
გაიგეთ მეტი:
ოქრუაშვილის დაცვის წევრს იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან