ახალი ამბები

კახა ბექაური კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებას გასცდა – კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის

24 ოქტომბერი, 2019 • 1240
კახა ბექაური კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებას გასცდა – კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის

“კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის” მიიჩნევს, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებას გასცდა და მედიის შინაარსში შეიჭრა.

საქმე ეხება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორ ვასილ მაღლაფერიძისადმი მიწერილი წერილს, რომელშიც შეფასებულია “ჟურნალისტიკის რესურსცენტრის” მიერ მომზადებული ფილმი “რეკლამის ეფექტი საზოგადოებრივ მაუწყებელზე”. წერილის თანახმად, მასალა შეიცავს ბევრ მცდარ ინფორმაციას.

სატელეკომუნიკაციო ბაზრის მარეგულირებელი ორგანოს თავმჯდომარის მიერ ფილმის შინაარსის ამგვარი ანალიზი, კოალიციის “მედიის ადვოკატირებისთვის” შეფასებით, ეწინააღმდეგება საქართველოს კანონდებლობას და არის მედიის შინაარსში შეჭრა.

“აღნიშნული წერილი შეიცავს მნიშნელოვან რისკებს და წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას. მიგვაჩნია, რომ კომისიის თავმჯდომარე არ უნდა აჭარბებდეს საკუთარ უფლებამოსილებას და უნდა მოქმედებდეს მხოლოდ კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული მანდატის ფარგლებში. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას არ აქვს უფლებამოსილება, შეაფასოს მედიაპროდუქტის შინაარსი”, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

კოალიციისვე მოსაზრებით, კომისიის წერილი წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან. მედიასაშუალების მიერ არაზუსტი ფაქტის გავრცლება შესაძლებელია განხილული იყოს, ერთი მხრივ, მაუწყებელში არსებული თვითრეგულირების ფარგლებში, მეორე მხრივ კი, შესაძლოა გახდეს სამოქალაქო სამართლებრივი დავის საგანი. დაუშველებელია მედიაპროდუქტის განხილვა, შეფასება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

კოალიცია მიუთითებს, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ უკრძალავს კომისიას განმარტება გააკეთოს ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ჩანაწერებზე, მაგრამ არ გააჩნია უფლებამოსილება შეაფასოს მედიაპროდუქტის შინაარსი და მტკიცებითი ფორმით დაადგინოს ინფორმაციის სიზუსტე, ამის საწინააღმდეგოდ კახა ბექაურის წერილიდან ირკვევა, რომ სწორედ ასე შეფასდა “ჟურნალისტიკის რესურსცენტრის” მიერ მომზადებული ფილმი.

ამასთან, წერილი არ არის კომისიის სამართლებრივი აქტი და გაურკვეველია, რომელი სამართლებრივი ნორმის საფუძველზე არის მომზადებული.

კოალიცია მიუთითებს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კომისიის მიერ გავრცელებული წერილის/განცხადების მიღების პროცედურა გაუგებარი და გაუმჭვირვალეა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი