ახალი ამბები

გეოგრაფიის, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების საუკეთესო მასწავლებლები დააჯილდოვეს

24 ოქტომბერი, 2019 • 971
გეოგრაფიის, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების საუკეთესო მასწავლებლები დააჯილდოვეს

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ გეოგრაფიის, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების 2019 წლის საუკეთესო მასწავლებლის კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა.

  • სამოქალაქო განათლების საუკეთესო მასწავლებელი გახდა თემურ სუყაშვილი (მარნეულის №2 და №5 საჯარო სკოლა)
  • გეოგრაფიის საუკეთესო მასწავლებელი – მარინე ვართუმაშვილი (გორის №12 საჯარო სკოლა ) ,
  • ისტორიის საუკეთესო მასწავლებლის ტიტული კი ჯაბა ლაბაძეს ერგო (ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის №2 საჯარო სკოლა).

კონკურსში,რომელიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით ტარდება, მონაწილეებს ადგილობრივი და საერთაშორისო საგნობრივი სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული კომისია აფასებდა.

როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს, სპეციალური კომისიის წევრები დაესწრნენ თითოეული კანდიდატის გაკვეთილს, ჩაატარეს ინტერვიუები სასკოლო საზოგადოებისა და ადგილობრივი თემის წევრებთან, ასევე შეისწავლეს თითოეული მასწავლებელის პორტფოლიო. კონკურსში მონაწილე 8 ფინალისტიდან გამარჯვებულად თითოეული საგნის ერთი სპეციალისტი დასახელდა, რომელთაც მასწავლებლის სახლმა სიგელები, სამკერდე ნიშნები და სახელმძღვანელოები გადასცა.

ისტორიის საუკეთესო მასწავლებლის წოდების მქონე ჯაბა ლაბაძე ორ ათწლეულზე მეტია ისტორიის პედაგოგია. მის შესახებ ნეტგაზეთმა ვრცელი სტატია ჯერ კიდევ 2018 წლის მარტში მოამზადა.

ჯაბა ლაბაძე სხვა მასწავლებლებისგან იმით განსხვავდება, რომ მოსწავლეებს ქართულენოვანი ვიკიპედიისთვის ასწავლა წერა და დავალების სახით სწორედ ვიკისტატიების მომზადებას აძლევდა. შედეგად, სტატისტიკის თანახმად სურამი, რომელშიც სულ 10 ათასი ადამიანიც კი არ ცხოვრობს, ქართულენოვანი ვიკიპედიის ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორია.

უფრო ვრცლად ჯაბა ლაბაძისა და მისი მოსწავლეების შესახებ წაიკითხეთ ნეტგაზეთის სტატია:

პედაგოგი, რომლის წყალობითაც სურამი ქართული ვიკიპედიის ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორია

 

მასალების გადაბეჭდვის წესი