ახალი ამბებისაზოგადოება

პედაგოგი, რომლის წყალობითაც სურამი ქართული ვიკიპედიის ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორია

21 მარტი, 2018 •
პედაგოგი, რომლის წყალობითაც სურამი ქართული ვიკიპედიის ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორია

ჯაბა ლაბაძე ორ ათწლეულზე მეტია ისტორიის პედაგოგია. სხვა მასწავლებლებისგან იმით განსხვავდება, რომ მოსწავლეებს ქართულენოვანი ვიკიპედიისთვის ასწავლა წერა და დავალების სახით სწორედ ვიკისტატიების მომზადებას აძლევდა. შედეგად, სტატისტიკის თანახმად სურამი, რომელშიც სულ 10 ათასი ადამიანიც კი არ ცხოვრობს, ქართულენოვანი ვიკიპედიის ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორია.  “ნეტგაზეთი” შეეცადა ჯაბა ლაბაძისა და მისი მოსწავლეების შესახებ მეტი ინფორმაცია მოეპოვებინა.

[red_box]ისტორიის მასწავლებელი[/red_box]

ხაშურის რაიონის სოფელ ქემფერში დავიბადე, 26 წელი ვცხოვრობდი იქ. ამჟამად ხაშურში ვცხოვრობ. ძალიან კარგია და ბევრ რამეს ვუმადლი იმას, რომ სოფელში დავიბადე.

ჩემი პედაგოგიური პრაქტიკა 1994 წელს დაიწყო. 19 ოქტომბერი იყო, ჩემმა მომავალმა დირექტორმა მთხოვა, სკოლაში დამეწყო პედაგოგად მუშაობა. მაშინ რთული მდგომარეობა იყო ქვეყანაში და სკოლა რომ არ დახურულიყო, კადრები სჭირდებოდათ. მაშინ ცხინვალის პედაგოგიურ ინსტიტუტში ვსწავლობდი, დაუსწრებელზე, პირველკურსელი ვიყავი. ერთი დღე ვთხოვე მოსაფიქრებლად და 20 ოქტომბრიდან მასწავლებელი ვარ.

პედაგოგად მუშაობა ხაშურის რაიონის სოფელ ქემფერში დავიწყე და იქ 11 წელი ვასწავლიდი, შემდეგ ორი წელი სოფელ ბეკმის საჯარო სკოლის მასწავლებელი ვიყავი და უკვე 8 წელია, რაც სურამის საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი ვარ.

2010 წელს მასწავლებელთა სერტიფიცირების პროგრამა გამოცხადდა. სურამის სკოლაში კომპიუტერული მენეჯერის თანამდებობაზე ვმუშაობდი. სკოლის დირექტორის ინიციატივით და მოტივაციით გავბედე და  უნარების გამოცდაზე გავედი, ჩავაბარე. მეორე წელს დაიშვა ისტორიის საგანი საგამოცდოდ, ისიც იმ წელსვე ჩავაბარე და სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსი მივიღე.

ისტორიის პედაგოგი ჯაბა ლაბაძე

ისტორიის პედაგოგი ჯაბა ლაბაძე

როგორ “დაავადდა” ვიკიპედიით?

11 წელია ვიკიპედიისთვის სტატიებს ვწერ. 2008 წლის თებერვალში გუგლით ინფორმაცია მოვძებნე და ძებნის პირველ შედეგად სისტემამ ვიკიპედია ამომიგდო, ძალიან პატარა სტატია იყო და ქვემოთ ეწერა, რომ შემეძლო მისი დარედაქტირება. რომ გავყევი ბმულს, სხვა სამყაროში აღმოვჩნდი – კვადრატული ფრჩხილები, დაკლაკნილი ფრჩხილები, კოდები, გაოგნებული დავრჩი. მაშინ დავრეგისტრირდი, მაგრამ ვერაფერი გავიგე და ეს ანგარიში გავაუქმე, უკვე ივნისში ხაშურის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ამერიკის კუთხე გაიხსნა და აირექსის პროგრამის ფარგლებში დაევალთ, რომ ვიკიპედიის გაკვეთილები ჩაეტარებინათ, რათა რეგიონებში მოსახლეობისთვის ესწავლებინათ, თუ რა იყო ვიკიპედია.

მაშინ ამ ბიბლიოთეკის პიარმენეჯერად ვმუშაობდი, მთხოვეს, რომ მეც გამევლო ეს გაკვეთილები და შედეგად, 10 წელია დაავადებული ვარ ვიკიპედიით. სულ ორი გაკვეთილი ჩამიტარდა. მე  ვწერ ძირითადად ისტორიასა და გეოგრაფიაზე, ჩემი პირველი სტატია ვიეტნამის კომუნისტი ლიდერის ხო ში მინის შესახებ დავწერე.

[yellow_box]რატომ ასწავლის მოსწავლეებს ვიკიპედიისთვის წერას?[/yellow_box]

ექსპერიმენტებს ვატარებდი იმისათვის, რომ მოსწავლეებს ისტორია შეყვარებოდათ. მოსწავლეებს მეხუთე-მეექვსე კლასიდან ვასწავლიდი, რომ არსებობს ვებ-გვერდი ვიკიპედია, სადაც შეიძლება ინფორმაცია მოიძიოს. პირველივე წლის შემდეგ გამოიკვეთა, რომ ბევრი ინფორმაცია არ იყო ხელმისაწვდომი. მათ შორის, ისტორიული მოვლენებისა თუ პიროვნებების შესახებ.

თავიდან ვაძლევდი დავალებას, რომ ინტერნეტით მოეძიებინათ ინფორმაცია, რაც ისტორიის გაკვეთილად ჰქონდათ. თუ არ იყო ხოლმე სტატია, ხშირად მე ვწერდი ვიკიპედიისთვის ამ სტატიას, რომ მათ ენახათ. ასე გაგრძელდა დაახლოებით 3 წელიწადი. როდესაც მეათე კლასში გადავიდნენ, აღმოჩნდა, რომ  სახელმძღვანელო ძალიან უინტერესო იყო მათთვის. ყველაფერი თითქმის წინა წლებში აქვთ ნასწავლი გაფანტულად. შევატყვე, რომ ბავშვებში ისტორიის სწავლების მოტივაციამ იკლო. რა უნდა გამეკეთებინა? ვიფიქრე და მოვიფიქრე ასეთი რამ- მათ ეწერათ უშუალოდ ვიკიპედიისთვის ისტორიული სტატიები.

თავიდან ვიკიპედიის გაკვეთილები ჩავუტარე და ვიკიტექნოლოგიები ანუ შიდა სამზარეულო ვასწავლე. ამის შემდეგ მოძიებული მასალების ვიკიპედიაში შეტანა დავიწყეთ.

ასევე გავაკეთე შეფასების სქემა ამ აქტივობისთვის, სტატიის მოცულობის და თემის მიხედვით. შეფასების კრიტერიუმების მიხედვით ვუწერდი ნიშანს ჟურნალში. ერთი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი სტატია შეიქმნა ან დარედაქტირდა და უფრო ვრცელი გახდა.

კლასში უმეტესობა ჩართულია ვიკიმუშაობის პროცესში, ვინც არაა ჩართული, ან კომპიუტერი არ აქვთ, ან სურვილი.  მართალია, ვერ წერენ სტატიებს, მაგრამ მასალებს იძიებენ.

ჩემი თავისთვის მიკითხავს, რომ არა ვიკიპედია, რა უნდა მეკეთებინა ინტერნეტში?! ჩემთვის სასიამოვნო პროცესია, როდესაც რაღაცას ვაკეთებ და მსიამოვნებს, რომ სრულიად უანგაროდ შექმნილ სტატიას საზოგადოება იყენებს. აქედან ამოდის ყველა ვიკიპედიელი. დღესაც მეკითხებიან – რამდენი გაქვს ხელფასი? უკვირთ, მართლა? არაფერს არ იღებთ? ადამიანი შინაგანად უნდა იყოს თანახმა მოხალისეობრივ პრინციპებზე და წეროს. ჩვენს ქვეყანაში ეს კულტურა არ არსებობს, მეზობელი ქვეყნისგან განსხვავებით, სადაც წამოიწყეს კამპანია – “ერთი სომეხი, ერთი სტატია”. [სომხეთის] პრემიერ-მინისტრიც და მთავრობის წევრებიც ჩაერთნენ ამ კამპანიაში. ვერ დავძარით ამ მხრივ სიტუაცია, რომ მსგავსი რამ გაგვეკეთებინა, თუმცა, რაც შემიძლია, მაქსიმალურად დავიდვარ და ვიკიპედიის აგიტაციას ვეწევი არა მხოლოდ ჩემი რაიონის, სხვა რაიონების და რეგიონების მასშტაბით. მე ჩამიტარებია გაკვეთილები სხვა სკოლის ბავშვებისთვის ვიკიკლუბის ფარგლებში. მათ შორის, მაღალმთიან აჭარაშიც.

თეკლა, ნინო, ზაური, გიორგი, თემო, ანი, დავითი სურამის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. ყველა მეთერთმეტე კლასის მოსწავლეა დათოს გარდა, რომელიც მერვე კლასშია. ყველანი ქართულენოვანი ვიკიპედიისთვის წერენ და ამ გამოცდილებას მათ ისტორიის მასწავლებელს, ჯაბა ლაბაძეს უმადლიან.

თეკლა ლომიძე 16 წლის, სურამის მეორე საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე

ადვილი რომ ყოფილიყო, პირველად ქალაქებზე დავწერეთ, შემდეგ- უკვე ისტორიულ პირებზე, მე პირადად ისტორიკოს იან ასმანზე დავწერე პირველი სტატია.

თეკლა ლომიძე 16 წლის, სურამის მეორე საჯარო სკოლიდ მე-11 კლასის მოსწავლე

ჩემი მეგობრებიც წერენ ვიკიპედიაში და ერთმანეთს ვუზიარებთ გამოცდილებას, ვეხმარებით, ვაწვდით ინფორმაციას. ასე უფრო საინტერესოა. სტატიების წერის გარდა  ამ პროცესში განსხვავებული ურთიერთობებიც გვიყალიბდებოდა, ეს ერთმანეთისადმი და ვიკიპედიისადმი სიყვარულია.

მინდა, რომ მეტი სტატია დავწერო. როდესაც შევდივარ და სტატია არ მხვდება, გული მწყდება. როგორც ჟურნალისტისთვისაა მთავარი მიზანი, რომ ხალხს რეალური და მაქსიმალურად ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს, ასევეა ჩვენთვისაც – დავწეროთ სტატიები, რომლებიც გამოგონილი არაა. ჩვენი მოვალეობაა ეს, ძალიან მომწონს, როდესაც ჩემს დაწერილს სხვა ადამიანი კითხულობს.

ანი ლოლაძე, 16 წლის, სურამის მეორე საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე

ვიკიპედიისთვის მეათე კლასიდან ვწერ. პირველად მოლდოვის სოფლებზე დავწერე. თავიდან ქალაქებზე, პიროვნენებზე ვწერდი, ეს უფრო მიადვილდებოდა, ახლა – ფლორასა და ფაუნაზე.

ანი ლოლაძე, 16 წლის, სურამის მეორე საჯარო სკოლიდ მე-11 კლასის მოსწავლე

ძალიან მიხარია, როცა სხვები კითხულობენ ჩემს დაწერილს. შეიძლება ჩემი სტატიები რამდენიმე ადამიანმა წაიკითხა, ხომ? ჩემს თანატოლებს როდესაც ვეუბნები, რომ ვიკიპედიისთვის ვწერ, უკვირთ ხოლმე, მეკითხებიან -როგორ? მისწავლებია მათთვის, ჩემს დასაც ვასწავლე. 

ლიკა ხარაზიშვილი, 16 წლის, სურამის მეორე საჯარო სკოლი მე-11 კლასის მოსწავლე

მეცნიერება ჩემი საყვარელი თემაა და ძირითადად მეცნიერებზე ვწერ, ფიზიკოსებზე და ატრონომებზე.  შარშან ავსტრიელ მეცნიერზე მილევა მარიჩზე დავწერე. მილევა ფიზიკოსი იყო, ალბერტ აინშტაინის ცოლი.

ახლა კიდევ ერთ ვიკიკონკურსში ვმონაწილეობ “ქალები, რომლებსაც არასდროს შეხვედრილხართ” და ქალ მეცნიერზე ვწერ ამ კონკურსის ფარგლებში. სტატია, რომელსაც ახლა ვამზადებ ავსტრიელ ფიზიკოსზე ლიზა მაიტნერზეა, რომლის საპატივსაცემოდაც ქიმიური ელემენტების პერიოდულ სისტემაში 109-ე ელემენტს მაიტნერიუმი ეწოდა.

ლიკა ხარაზიშვილი, 16 წლის, სურამის მეორე საჯარო სკოლიდ მე-11 კლასის მოსწავლე

2016 წელს სომხეთში ვიყავი ერთკვირიან ვიკიბანაკში. ძალიან საინტერესო გამოცდილება მივიღე, გავიცანი იქაური ვიკიმომხმარებლები, ჩემი თანატოლები, ჩემზე დიდები და პატარები. სომხეთიდან და ლიბანიდან იყვნენ ძირითადად. სხვათა შორის, იქაც იყო კონკურსი, ვინ მეტ სტატიას დაწერდა, და პირველი დღის ლიდერი ვიყავი. ეს კარგად დამამახსოვრდა.

ყოველთვის მინდოდა, რომ ჩემი ხმა ხალხისთვის მიმეწვდინა და ამისთვის ვიკიპედია ვიპოვე. მოხალისეობასაც თავისი პასუხისმგებლობა აქვს იმიტომ, რომ ყველანაირი ანაზღაურების გარეშე, შენგან უნდა მოდიოდეს წერის სურვილი. მოხალისეობა უფრო მნიშვნელოვანია –  უფრო სასიკეთო საქმეცაა და საინტერესოც.

გიორგი ცერცვაძე, 16 წლის, სურამის მეორე საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე

პირველად მეექვსე კლასში გავიგე, რა იყო ვიკიპედია, ოღონდ ინფორმაციას ვიძიებდი, მაშინ არ ვწერდი, მეგონა, რომ მხოლოდ ადმინისტრატორები წერდნენ და რიგით ინტერნეტ-მომხმარებელს ამის გაკეთება არ შეეძლო. მეათე  კლასში გავიგე, რომ შემიძლია მეც დავწერო ან განვავრცო სტატია. სტატიების წერა ბავშვებმაც დავიწყეთ  და, როგორც ვიცი, საკმაოდ მოიმატა ამის შემდეგ მასალების რაოდენობამ. მე პირველად საქართველოს სოფლების შესახებ ვწერდი, შემდეგ სხვა ქვეყნის სოფლებზეც და, მგონი, გამოგვივიდა.

ზაურ ცერცვაძე,  16 წლის, სურამის მეორე საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე

ვიკიპედია  მეც ჯაბა მასწავლებლისგან გავიგე, მაგრამ ჩემი მიზანი სპორტზე წერა იყო. ფეხბურთი ძალიან მიყვარს. პირველი სტატია აფრიკელ ფეხბურთელზე აბდულ ფატაუ დაუდას შესახებ დავწერე. ყველაფერზე შეგიძლია დაწერო, წიგნი იქნება, კინო თუ მოწყობილობა.  სპორტით დავიწყე, მაგრამ შემდეგ რელიგიურ თემატიკაზე გადავედი.

ზაური ცერცვაძე, 16 წლის, სურამის მეორე საჯარო სკოლიდ მე-11 კლასის მოსწავლე

შემდეგ ორ პროექტში მივიღე მონაწილეობა, ეს იყო ბაშკირეული პროექტი, ქართული და ბაშკირული ვიკიპედია თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან და კონკურსი ჰქონდათ. ბაშკირეთის შესახებ უნდა დაგვეწერა, ამ პროექტის ორგზის გამარჯვებული ვარ.

მე პირადად (ალბათ, ყველას) ვიკიპედია განვითარებაში დამეხმარა, პირველ რიგში, სწავლობ წყაროების მოძიებას, ეს მხოლოდ თარგმანი არ არის. ძალიან ბევრჯერ მივსულვარ ბიბლიოთეკაში, წიგნებში მიძებნია ინფორმაცია. რაც ყველაზე მთავარია, ეს არის ურთიერთობები ერთმანეთთან. ვიკიპედიით ძალიან ბევრი ჩემი თანატოლი გავიცანი, არა მარტო სურამიდან, ასევე მთელი საქართველოდან. 2017 წელს  ერთკვირიანი ვიკიბანაკი იყო წყნეთში, საქართველოს ყველა მხარიდან იყვნენ ჩამოსულები.

თემურ ჭიღლაძე, 16 წლის, სურამის მეორე საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე

პირველი სტატია ზაურის და ჯაბა მასწავლებლის დახმარებით ეგვიპტელ ისტორიკოსზე, მანეთონზე დავწერე. ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში ერთდღიანი ბანაკები ეწყობა და სტატიებს ვამზადებთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. აფხაზეთზე დავწერეთ, ახლა სამაჩაბლოზე ვაკეთებთ. ელემენტარული ნანგრევი რომ იყოს, რაც მნიშვნელოვანია, იმის შესახებაც კი ვწერთ და ჩვენი წვლილი შეგვაქვს. რა სტატიებიც დავწერეთ აფხაზეთის შესახებ, ქართულ, ინგლისურ და აფხაზურ ენებზეა. 

დავით შუბითიძე, 13 წლის, სურამის მეორე საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე

რამდენიმე ფეხბურთელზე ინფორმაციას ვიძიებდი, მაგრამ ერთ-ერთზე არ იყო სტატია და ვცადე ჩემით შემექმნა, შეიძლება ბევრი ვერ დავწერე, მაგრამ ვცადე. ჩემი მეგობრებისგან გავიგე, რომ ჯაბა მასწავლებელი ვიკიპედიის აქტიური მომხარებელი იყო და მინდოდა მე თვითონაც დამეწერა. ეს მონდომება იმან განაპირობა, რომ ჩემთვის დადებითი ემოციაა, როდესაც ჩემს დაწერილ სტატიას  თანატოლი კითხულობს.


ქართული ვიკიპედიის ადმინისტრატორი მიხეილ ჭაბუკაშვილი ამბობს, რომ “ვიკიპედიის” კვლევის თანახმად, საქართველოში 53%-მა არ იცის, რომ ვიკიპედია ინტერნეტ- ენციკლოპედიაა და ის სამთავრობო ვებ-გვერდი ჰგონიათ. საქართველოს ვიკიპედიაში სამხრეთ კავკასიის რეგიონის მასშტაბით ყველაზე ცოტა სტატიაა გამოქვეყნებული –  120 000. რაც შეეხება ხარისხს, როგორც მიხეილ ჭაბუკაშვილი ამბობს, ვიკიპედიას აქვს თავისის შიდა საზომი, რასაც უწოდებენ სტატიის სიღრმეს. ამ თვალსაზრისით, ქართული ვიკიპედია  სამხრეთ კავკასიის რეგიონში საუკეთესოა.

მასალების გადაბეჭდვის წესი