ახალი ამბები

პროკურატურამ ომბუდსმენს ჯიშკარიანის საქმის მასალები არ გადასცა

23 ოქტომბერი, 2019 • 1252
პროკურატურამ ომბუდსმენს ჯიშკარიანის საქმის მასალები არ გადასცა

პროკურატურამ სახალხო დამცველს არ გასაცდა სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში დადანაშაულებული საკრებულოს დეპუტატის საქმის მასალები. როგორც ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, სახალხო დამცველმა საქართველოს გენერალურ პროკურატურას სთხოვა საქმის სრულყოფილი შესწავლისთვის, საგამონაკლისო წესით, უზრუნველყოს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის სისხლის სამართლის საქმის გაცნობა, თუმცა პროკურატურამ აღნიშნულ თხოვნაზე უარი განაცხადა.

სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, საკითხის სიმძიმიდან და მგრძნობელობიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს გენერალურ პროკურატურას, საგამონაკლისო წესით დაუშვან სახალხო დამცველის აპარატისთვის საქმის მასალებზე წვდომა.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ქალთა მიმართ ძალადობის მასშტაბების და სიმძიმის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, სამართალდამცავი უწყებების მხრიდან თითოეულ შემთხვევაზე დროული და ეფექტური რეაგირება განხორციელდეს.

აღნიშნული განცხადება ომბუდსმენის აპარატმა ნინო ლომჯარიასა და თამთა თოდაძის შეხვედრის შემდეგ გაავრცელა. აპარატში აღნიშნავენ, რომ სახალხო დამცველმა უშუალოდ დაზარალებულისგან და ადვოკატისგან მოისმინა საქმესთან დაკავშირებული დეტალები, მათ შორის გამოძიების ეტაპზე არსებული შესაძლო ხარვეზები.


თანამშრომელმა  “ქართული ოცნების“ დეპუტატი და საკრებულოს წევრი ილია ჯიშკარიანი სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა.

როგორ ქალი ჰყვება, ილია ჯიშკარიანმა ნასვამ მდგომარეობაში მასთან სექსუალური კავშირის დამყარება სცადა, მას შემდეგ კი, რაც ქალმა წინააღმდეგობა გაუწია, დეპუტატი ფიზიკურად გაუსწორდა.

თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს პროკურატურამ ბრალი 8 ოქტომბერს წარუდგინა. მას თანამშრომლის, თამთა თოდაძის მიმართ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას და ცემას ედავებიან (სსსკ-ის 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ 126-ე მუხლის პირველი ნაწილით).

თავად ილია ჯიშკარიანი ბრალს არ აღიარებს და სიცრუეს უწოდებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი