იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრ ანა დოლიძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ პაატა სილაგაძისთვის კითხვის დასმის საშუალება არ მიეცა.
კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილის თქმით, მოსამართლეობის კანდიდატების პარლამენტში მოსმენის პროცედურაზე პოლიტიკური კონსულტაციების შედეგად შეთანხმდნენ და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პარლამენტის წევრების გარდა, კითხვების დასმის საშუალება აქვთ სახალხო დამცველის წარმომადგენელს, სამეცნიერო სფეროს (კერძოდ, თამარ ზარანდიას და ჯონი ხეცურიანს), ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელს და არასამთავრობო სექტორს.
“აქედან გამონაკლისის დაშვების არანაირი ობიექტური საფუძველი არ გვაქვს”, – აღნიშნა ოხანაშვილმა და ანა დოლიძეს შესთავაზა, კომიტეტის თავმჯდომარეს მიაწოდოს წერილობით შეკითხვა და ის გაახმიანებს.
“თქვენ ჩემზე კარგად იცით, რომ ის ე.წ. წესი, რომელზეც თქვენ საუბრობთ, სამართლებრივად არავითარი წესი არ არის. სამართლებრივად წესი არის მხოლოდ ის წესი, რომელიც შესაბამისი პროცედურით არის მიღებული და გამოქვეყნებული. ეს “წესი” არის თქვენი შიდა შეთანხმება, რომელიც რეგლამენტის და კონსტიტუციის ზევით არავინ უნდა დააყენოს. მე, როგორც მოქალაქე, მოგმართავთ, მომცეთ უფლება, ერთი კითხვა დავუსვა კანდიდატს”, – მიმართა ანა დოლიძემ ანრი ოხანაშვილს და დასძინა, რომ მაგალითად, გიგა ბოკერიასთან რაზე შეთანხმდა კომიტეტის თავმჯდომარე, წესი ვერ იქნება.
“მე გიგა ბოკერიასთან არაფერი მაქვს შესათანხმებელი”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა და ანა დოლიძის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
გუშინ, 22 ოქტომბერს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომათა დარბაზში, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ გიორგი მიქაუტაძესთან გასაუბრება მიმდინარეობდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე არ შეუშვეს.
“გალიორკაზე” დაჯდეს კობახიძე” – დოლიძეს მიქაუტაძის მოსმენაზე კითხვის დასმის საშუალება არ მისცეს