პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომათა დარბაზში, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძესთან გასაუბრება მიმდინარეობს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე არ შეუშვეს.
დარბაზში ადგილების არარსებობის მიზეზით მას შესთავაზეს, ადგილი დაეკავებინა იმავე დარბაზის მეორე სართულის აივანზე და იქიდან ედევნებინა სხდომისთვის თვალი. აღსანიშნავია, რომ ასეთ შემთხვევაში დოლიძეს არ ექნებოდა კანდიდატისთვის კითხვების დასმის საშუალება.
“მივედი მიქაუტაძის გასაუბრებაზე და არ შემიშვეს დარბაზში, რომელიც გამოტენილია აპარატის თანამშრომლებით. სხდომა არის საჯარო. პარლამენტი არის საქართველოს მოქალაქეების შეკრების ადგილი. შიგნით, მარცხენა ფლანგი აპარატის თანამშრომლებით არის დაკომპლექტებული და არიან დეპუტატები. ეს არის ვითომ დემოკრატიული პროცესი, რომ არ ანერვიულდეს გიორგი მიქაუტაძე, ვინმემ არ დაუსვას კითხვა, რომელიც მას ცოტა გააოფლიანებს. ეს ვინმეს დემოკრატიად მიაჩნია? “გალიორკაზე” დაჯდეს აპარატის უფროსი და ირაკლი კობახიძე მიისვას გვერდზე”, – განაცხადა ანა დოლიძემ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ანა დოლიძეს სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს. ანრი ოხანაშვილის თქმით, მომართვის შემთხვევაში ცდილობს, თუ მოქალაქეს უშუალოდ დარბაზში სურს სხდომაზე დასწრება, ეს უზრუნველყოს, თუმცა ანა დოლიძეს კომიტეტის თავმჯდომარისთვის მსგავსი განცხადებით არ მიუმართავს.
“უხერხულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მხრიდან ტყუილის ტირაჟირება. ეს დარბაზი განკუთვნილია პარლამენტის წევრებისთვის, მედიის წამომადგენლებისა და საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის. კონკრეტული ადგილები გადანაწილებულია, თუ სად სხედან არასამთავრობოები, ადვოკატთა ასოციაცია, სახალხო დამცევლი და ა.შ. შეკითხვების დასმის უფლება არის განსაზღვრული. თუკი ვინმე გვთხოვს, რომ დარბაზში დავასწროთ, ეს ადგილები არის განსაზღვრული. თუმცა ინტერესი არის დიდი და თუკი ვინმეს აქვს დასწრების სურვილი და ადგილები აქ არ გვაქვს თავისუფალი, ვთავაზობთ აქვე დარბაზში, აივანზე დასწრების უფლებას და მასაც შევთავაზეთ იგივე. როგორც ჩანს, იუკადრისა მოქალაქეებთან ერთად დაჯდომა, რაც ძალიან უხერხულია საბჭოს წევრის მხრიდან”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.