ახალი ამბები

I ოქტომბრიდან დღემდე უკანონო ტაქსაობისთვის 2000-მდე მძღოლი დააჯარიმეს

23 ოქტომბერი, 2019 • 1152
I ოქტომბრიდან დღემდე უკანონო ტაქსაობისთვის 2000-მდე მძღოლი დააჯარიმეს

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, დღეისთვის A კატეგორიის 11 ათასამდე ტაქსია რეგისტრირებული სისტემაში. მისი თქმით, ოქტომბრის პირველი დღეების განმავლობაში მათი რიცხვი 2 000-მდე იყო, გასულ კვირას კი- 8 000. ამის შესახებ მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

“ტაქსების რეფორმა საკმაოდ წარმატებული გამოდგა, მიუხედავად იმისა, რომ ოპონენტების მხრიდან მოდიოდა შემოტევები. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს რეფორმა შედგა და წარმატებულად მიმდინარეობს პროცესი”, – განაცხადა მერმა.

მისივე იფორმაციით, ტაქსის ნებართვის გარეშე ან სანებართვო წესების დარღვევით გაწეული მომსახურების ფაქტებზე პირველი ოქტომბრიდან დღემდე დაახლოებით 2000-მდე ტაქსის მძღოლი დაჯარიმდა. ამ 2000-დან 700 ტაქსის მძღოლი რეფორმის პირველ დღეს დააჯარიმეს. თუმცა პარლამენტი გამოვიდა ინიციატივით, რომ მხოლოდ პირველ ოქტომბერს დაჯარიმებული ტაქსისტებისთვის ერთჯერადი ამნისტია გამოაცხადონ და მძღოლებს ჯარიმები ჩამოაწერონ.

გარდა ამისა, მან ასევე ისაუბრა ტაქსის მანათობლების შესახებ. კალაძის განცხადებით ჯერჯერობით 9 000-მდე მანათობელია გაცემული.

“მგონია, რომ მანათობლები ლამაზია და მოუხდა ქალაქს. მგზავრებისთვისაც საინტერესოა და ძალიან მარტივად შეუძლიათ ერთმანეთისგან განასხვავონ ტაქსი, რომელიც დაკავებულია და რომელიც შეუძლიათ გააჩერონ. თუ გაიზრდება A კატეგორიის ტაქსების რიცხვი, კიდევ შეისყიდიან მანათობლებს”, – აღნიშნავს მერი.

მისივე განცხადებით, კვლავ გაგრძელდება იმ მძღოლების დაჯარიმება, ვინც ლიცენზიის გარეშე გააგრძელებს ამ მომსახურებას.

თეთრი ფერის ტაქსების რეგულაცია ძალაში მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან შევიდა. თბილისის მერიის ახალი რეგულაციით, ტაქსის მომსახურებას კლიენტებს ვეღარ გაუწევენ სამკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილები. გარდა ამისა, ტაქსით მომსახურების შესაბამისი ლიცენზიის გარეშე განხორციელება 200 ლარით ჯარიმდება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი