ახალი ამბები

დოლიძე მთავრობას მოუწოდებს, დავითგარეჯას დაცული ტერიტორიის სტატუსი მიანიჭონ

21 ოქტომბერი, 2019 •
დოლიძე მთავრობას მოუწოდებს, დავითგარეჯას დაცული ტერიტორიის სტატუსი მიანიჭონ

საქართველოს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე მთავრობას ინიციატივით მიმართავს და მოუწოდებს, დავითგარეჯას დაცული ტერიტორიის სტატუსი მიანიჭოს. როგორც დოლიძე აცხადებს, დავითგარეჯას მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად გარდაქმნა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბულობას განმუხტავს და, ამავდროულად, ორივე მხარეს საერთო სარგებელს მოუტანს:

“მე მინდა დღეს გავახმოვანო პოლიტიკური შეთავაზება, რომ დავითგარეჯას მიენიჭოს დაცული ტერიტორიის სტატუსი. დაცული ტერიტორიის სტატუსი საშუალებას მოგვცემს, რომ დავითგარეჯა გადაიქმნას მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად, გეოპოლიტიკური მნიშვნელობის ობიექტად, რომლის საერთო საერგებლობა, ტურისტული, ეკოლოგიური ეკონომიკური და კულტურული საშუალებით გვექნება ორივე მხარეს.

ეს განმუხტავს დაძაბულობას ჩვენსა და აზერბაიჯანს შორის და ამავე დროს დავითგარეჯას გადააქცევს მსოფლიო მიზიდულობის ობიექტად. საერთო მოხმარების დაცული ტერიტორიები შექმნილია მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას, მათ შორის, კანადასა და ამერიკას, პოლონეთსა და ჩეხეთს, ნორვეგიასა და შვედეთს შორის სწორედ იმიტომ, რომ თავის დროზე ტრანსსასაზღვრო დაძაბულობები იყო ამ ქვეყნებს შორის”, – ამბობს დოლიძე.

ანა დოლიძემ ჟურნალისტებს 200-გვერდიანი გეგმაც წარუდგინა, რომელშიც მისი თქმით საუბარია სწორედ იმ სარგებელზე, რასაც ქვეყანას დავითგარეჯასათვის დაცული ტერიტორიის სტატუსის მინიჭება მოუტანს:

“ეს 200-გვერდიანი გეგმა მომზადებულია მეცნიერთა დიდი ჯგუფის მიერ წლების წინ. არის მხარდაჭერილი საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის მსოფლიო ბანკის დახმარებით. ამ გეგმაში კარგადაა აღწერილი ის უზარმაზარი სარგებელი, რომელსაც დავითგარეჯასთვის დაცული ტერიტორიის სტატუსის მინიჭება მოუტანს საქართველოს. მე მივმართავ საქართველოს მთავრიბას, ხელიდან არ გაუშვას ეს უნიკალური შესაძლებლობა და დაიწყოს ქმედითი ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ დავითგარეჯას მიენიჭოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის დაცული ტერიტორიის სტატუსი”, – ამბობს დოლიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი