ახალი ამბები

კომიტეტმა “ბიბლიური თავისუფლების” წინააღმდეგ ტომარაძის წინადადება ჩააგდო

22 ოქტომბერი, 2019 • 1749
კომიტეტმა “ბიბლიური თავისუფლების” წინააღმდეგ ტომარაძის წინადადება ჩააგდო

პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა მოქალაქე ზვიად ტომარაძის საკანონმდებლო წინადადებას სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე.

ტომარაძე სამხედრო სამსახურის შესახებ კანონის 30-ე მუხლიდან, სადაც არის ჩამონათვალი, თუ ვინ შეიძლება მოითხოვოს სამხედრო სამსახურის გადავადება, სიტყვა მღვდელმსახურის ამოღებას გეგმავდა.

ტომარაძე ამბობდა, რომ  აღნიშნული ინიციატივა რელიგიური კონფესიების წინააღმდეგ არ იქნება მიმართული, რადგან მისი ინფორმაციით, 27 წელს ქვემოთ მღვდელმსახურების რაოდენობა მცირეა. ამასთან, ტომარაძე აღნიშნავდა, რომ თუ საჭირო იქნება, კანონი კონფესიებს მისცემს შესაძლებლობას, რომ 27 წლამდე ასაკის მღვდელმსახურისთვის ჯარის გადავადების თხოვნით პრემიერს მიმართონ.

მსგავსი კანონპროექტი თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი სესიაშვილსაც ჰქონდა მომზადებული, თუმცა დოკუმენტს შემდგომი მსვლელობა არ მისცემია. ტომარძე აცხადებდა, რომ ირაკლი სესიაშვილის მიერ მომზადებული კანონპროექტისგან განსხვავებით, ჩამონათვალში სასულიერო სასწავლებლებს ტოვებდა და  სხვა სასწავლებლების მსგავსად, სადაც სტუდენტები ახერხებენ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებას, ასევე იქნებოდა სასულიერო სასწავლებლის შემთხვევაშიც.


 2017 წელს “გირჩის” წევრებმა დაარეგისტრირეს რელიგიური ორგანიზაცია “საქართველოს ქრისტიანული, ევანგელური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლება”, რომელიც ახალგაზრდებს მღვდელმსახურებად აკურთხებს და ამით სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებაში ეხმარება.

საკანონმდებლო წინადადებით, “გირჩის” მღვდელმსახურები ჯარს თავს ვერ დააღწევენ

მასალების გადაბეჭდვის წესი