ახალი ამბები

საკანონმდებლო წინადადებით, “გირჩის” მღვდელმსახურები ჯარს თავს ვერ დააღწევენ

7 ოქტომბერი, 2019 • 3341
საკანონმდებლო წინადადებით, “გირჩის” მღვდელმსახურები ჯარს თავს ვერ დააღწევენ

ზვიად ტომარაძემ პარლამენტს სამხედრო სამსახურის შესახებ კანონში შესატანი ცვლებები წარუდგინა. ამის შესახებ ტომარაძემ მედიაცენტრ “მთავარში” გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

როგორც ტომარაძე ამბობს, მის მიერ შემუშავებული ცვლილებებით, სამხედრო სამსახურის შესახებ კანონის 30-ე მუხლიდან, სადაც არის ჩამონათვალი, თუ ვინ შეიძლება მოითხოვოს სამხედრო სამსახურის გადავადება, სიტყვა მღვდელმსახურს ამოიღებენ:

“ეს განპირობებულია იმით, რომ 2017 წლიდან სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებასთან დაკავშირებით გაჩნდა პრობლემა. კერძოდ, კანოში არსებულმა ამ ჩანაწერმა მისცა საშუალება ფსევდორელიგიურ ორგანიზაციას ძირგამომთხრელი საქმიანობა ეწარმოებინა ქვეყნის წინააღმდეგ და როდესაც შექმნა ეს ფსევდოორგანიზაცია, ამის მეშვეობით მოხდა ათასობით ახალგაზრდა წვევამდელის მიერ თავის არიდება სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან”, – ამბობს ტომარაძე.

მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივა რელიგიური კონფესიების წინააღმდეგ არ იქნება მიმართული, რადგან მისი ინფორმაციით, 27 წელს ქვემოთ მღვდელმსახურების რაოდენობა მცირეა. ამასთან, ტომარაძე აღნიშნავს, რომ თუ საჭირო იქნება, კანონი კონფესიებს მისცემს შესაძლებლობას, რომ 27 წლამდე ასაკის მღვდელმსახურისთვის ჯარის გადავადების თხოვნით პრემიერს მიმართონ.

როგორც ტომარაძე აღნიშნავს, წინადადების განხილვისას რელიგიური კონფესიების ინტერესებს გაითვალისწინებენ.

ზვიად ტომარაძე სავალდებულო სამხედრო სამსახურში წვევამდელების გაწვევის არსებული პრაქტიკის ნაკლოვანებასაც ხედავს და ამბობს, რომ წვევამდელებს ხშირად უწევთ სამხედრო მომზადების ნაცვლად სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებაში მორიგეობა.

ამასთან, ზვიად ტომარძე აღნიშნავს, რომ ირაკლი სესიაშვილის მიერ მომზადებული კანონპროექტისგან განსხვავებით, ჩამონათვალში სასულიერო სასწავლებლებს ტოვებს და  სხვა სასწავლებლების მსგავსად, სადაც სტუდენტები ახერხებენ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებას, ასევე იქნება სასულიერო სასწავლებლის შემთხვევაშიც:

“ბატონი ირაკლი ცდილობდა მთლიანად ამოღებას. მე სასულიერო სასწავლებელს ვტოვებ. როგორც სხვა სასწავლებლებში ხდება დატოვება, ასევე სასულიერო სასწავლებლებში ვინც სწავლობს, ისინიც დარჩებიან. მე ველოდები დისკუსიის გახსნას ამ თემაზე”, – ამბობს ზვიად ტომარაძე.


 2017 წელს “გირჩის” წევრებმა დაარეგისტრირეს რელიგიური ორგანიზაცია “საქართველოს ქრისტიანული, ევანგელური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლება”, რომელიც ახალგაზრდებს მღვდელმსახურებად აკურთხებს და ამით სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებაში ეხმარება.

მასალების გადაბეჭდვის წესი