დღეს, 22 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში წიგნის, სახელწოდებით “ ქალები საქართველოდან“ პრეზენტაცია გაიმართება.
კრებულში 60-მე მეტი ქალის ისტორიაა თავმოყრილი, რომელთა დისკრიმინაციაზე, თავიანთი უფლებების დაცვაზე და საზოგადოების მხრიდან დამოკიდებულებაზე საუბრობენ. წიგნის პრეზენტაციის დროს, ორგანიზატორების თქმით, მკითხველებს შესაძლებლობა ექნებათ წიგნის გმირებს შეხვდნენ და მათ გაესაუბრონ.
წიგნის გამოცემამდე, “ქალები საქართველოდან“ პროექტის ფარგლებში, ქალთა ისტორიები თავდაპირველად ფეისბუკზე ქვეყნდებოდა.
„ქალები, რომელთა ხმას ყოველდღე გაიგონებთ, გაბედულად იწყებენ საუბარს საკუთარი სახელით, საკუთარ ცხოვრებაზე და სურვილებზე. ეს ისტორიები არ იქნება შელამაზებული. ამ ისტორიებს ნამდვილი ადამიანები ყვებიან და მათ შესახებ, შეიძლება, არც არასდროს გსმენიათ. ეს არის საქართველოს ქალების ამბები – უნიკალური, აქამდე უცნობი და უჩინარი. ეს ამბები უხილავი და ჭრელი უმრავლესობის ხმაა“, – ნათქვამია პროექტის აღწერაში.
პროექტის ავტორები და ფოტოგრაფები არიან: მაიკო ჩიტაია, იდა ბახტურიძე, ნინო გამისონია, ნინო ბაიდაური, სალომე ცოფურაშვილი, სოფო აფციაური.
ნეტგაზეთი გირჩევთ:
პირადი პოლიტიკურია – ქალები საქართველოდან საკუთარ ისტორიებზე საუბრობენ