ახალი ამბები

პირადი პოლიტიკურია – ქალები საქართველოდან საკუთარ ისტორიებზე საუბრობენ

12 მარტი, 2017 • 6009
პირადი პოლიტიკურია – ქალები საქართველოდან საკუთარ ისტორიებზე საუბრობენ

“რა თქმა უნდა, მიუჩვეველზე, დახმარების გარეშე მარტო ცხოვრება რთული აღმოჩნდა, თუმცა ეგ ცალკე ისტორიებია და ამ მსხვერპლის გაღება თავისუფლებისთვის ნამდვილად ღირდა”, – ამბობს მზეო, რომელიც მამისგან ძალადობის გამო იძულებული გახდა სახლიდან წამოსულიყო.

“ჩვენ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები, იდეალური მსოფლიოს და იდეალური ადამიანების ხატს ვამსხვრევთ. ამიტომ ხალხს ურჩევნია, ჩვენ სადღაც ერთად თავმოყრილები და თან მათი თვალისგან მოშორებით ვიყოთ”, – ამბობს სალომე მიქაძე.

იზოლდა მურუსიძე, პროექტ "ქალები საქართველოდან" მონაწილე. ფოტო: ნინო ბაიდაური

იზოლდა მურუსიძე, პროექტ “ქალები საქართველოდან” მონაწილე. ფოტო: ნინო ბაიდაური

“კი, საქართველო თუ ვინმეს უყვარს, ერთ-ერთი მეც ვარ. ძალიან აქტიური და პატრიოტი ვიყავი ყველაფერში, მაგრამ შვილის სიკვდილი იმდენად რთულია, რომ მითქვამს, ლაჩარი მყოლოდა და ცოცხალი მყოლოდა-მეთქი”, – ამბობს იზოლდა მურუსიძე, რომელმაც სხვა დედებთან ერთად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ფონდი შექმნა, რათა ერთად მოეძებნათ აფხაზეთის ომის დროს დაღუპული მეომრები.

“როცა ამბებს ვწერ ხოლმე გიორგიზე ფეისბუქზე, მწერენ – „გენიოსი ბავშვი“, „განსაკუთრებული ბავშვი“, „ყველაზე ნიჭიერი“ – ესეც პრობლემაა. მე თვითონაც მივხვდი, რომ ერთი პერიოდი თვითტკბობაში ვიყავი ამის გამო, შენს თავს ეუბნები „მერე რა, რომ სხვებისნაირი არ არის, სხვებზე უკეთესია“. ახლა უკვე ესეც აღარ მაქვს და ვფიქრობ, როგორიც არის, ისეთი არის. კარგი ბიჭია, ჭკვიანი, თავისებური, საინტერესო, გულღია, ბავშვური, შავი თვალებით, აკვიატებებით, პაწუკა ცხვირით და აუტისტური სპექტრის აშლილობის დიაგნოზით. რაღაცაში ჩემზე უკეთესი უნარები აქვს, მაგალითად, უკვე უკეთესად იცის მათემატიკა, ვიდრე მე ვიცი, რაღაც კი ძალიან რთულია მისთვის, მაგალითად, ფეხსაცმლის თასმების შეკვრა”, – ყვება დიანა ანფიმიადი.

დიანა ანფიმიადი, პროექტ "ქალები საქართველოდან" მონაწილე. ფოტო: ნინო ბაიდაური

დიანა ანფიმიადი, პროექტ “ქალები საქართველოდან” მონაწილე. ფოტო: ნინო ბაიდაური

“მყვარებია მხოლოდ ერთხელ, დღემდე ის ადამიანი მიყვარს, მთელი არსებით. ვთვლი, რომ ყველაზე კეთილი, საყვარელი და კარგი ადამიანია, ვისაც ვიცნობ. და რა მნიშვნელობა აქვს ვინმესთვის, ის გოგოა თუ ბიჭი? როგორ შეიძლება მისი სქესით გაიზომოს ჩემი სიყვარულის სიწრფელე, ხარისხი, ჩემი ან მისი ადამიანობა? სიყვარული ადამიანების სქესის, გენდერისა და იდენტობის მიღმაა. მაქსიმალურად ვცდილობ, ნულამდე დავიყვანო ის ზიანი, რასაც ამ სამყაროს ვაყენებ და ვფიქრობ, ეს ყველა ასპექტში უნდა გამოვლინდეს – ცხოველებთან, მცენარეებთან, ზოგადად ბუნებასთან – ვარ ვეგეტარიანელი, ქუჩაში ნაგავს არ ვყრი, ხეს არ ვჭრი, დავდივარ ფეხით, ჩემი დროის უმეტეს ნაწილს ვცდილობ, აქტივიზმით ვიყო დაკავებული. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ზოგს მხოლოდ იმის გაგება, რომ ქვიარი ვარ, ჰყოფნის იმისთვის, რომ გარყვნილის, ცუდის, მიუღებლის იარლიყი მომაკრას. რატომ ვარ გარყვნილი ადამიანი? გარყვნილი იმის გამო, რომ ვთვლი ყველა ადამიანს აქვს უფლება უყვარდეს და იყოს მასთან, ვისთანაც უნდა?“- ამბობს მარი კურტანიძე.

მარი კურტანიძე, პროექტ "ქალები საქართველოდან" მონაწილე. ფოტო: ნინო ბაიდაური

მარი კურტანიძე, პროექტ “ქალები საქართველოდან” მონაწილე. ფოტო: ნინო ბაიდაური

ეს ხუთი ამბავი იმ ქალების შესახებაა, რომლებიც პროექტის “ქალები საქართველოდან მონაწილეები არიან. პროექტი, რომელიც 150 ქალის ისტორიას აერთიანებს, ერთი წლის წინ დაიწყო, ქალები ამბები სოციალურ ქსელ “ფეისბუკზე” ვრცელდებოდა და ახლა უკვე წიგნად გამოიცა.

პროექტის ერთ-ერთი ავტორი ნინო გამისონია ამბობს, რომ ამ პროექტის განხორციელების იდეა შარშან 8 მარტს გაუჩნდათ, როდესაც ახორციელებდნენ პროექტს “პოლიტიკაSHE” და მიმდინარეობდა საუბრები კვოტირებაზე საკანონმდებლო ორგანოში.

ნინო იხსენებს, რომ კვოტირების მოწინააღმდეგეები ყოველთვის იმ არგუმენტს იშველიებდნენ, რომ ქალებს არ აქვთ განსაკუთრებული პრობლემები, არაფრით არ გამოირჩევა მათი პრობლემები ზოგადი პრობლემებიდან და არ არიან ქალები, რომლებსაც პოლიტიკაში უნდათ მონაწილეობა.

ნინო გამისონია, პროექტ "ქალები საქართველოდან" ერთ-ერთი ავტორი

ნინო გამისონია, პროექტ “ქალები საქართველოდან” ერთ-ერთი ავტორი

“გადავწყვიტეთ, მოგვეძებნა ქალები, რომლებიც თავის პრობლემებზე, მიღწევებზე და სურვილებზე ისაუბრებდნენ. იმის თქმა გვინდოდა, რომ ამ ქალებს თითონ შეუძლიათ ილაპარაკონ თავის პრობლემებზე. გვინდოდა, პირველ პირში ესაუბრათ მათ თავის პრობლემებზე, არა ის, რომ ჩვენ გვესაუბრა, მესამე პირში გადმოგვეცა. როცა ჩვენ ვლაპარაკობდით მესამე პირში, ყოველთვის მოდიოდა, რომ თქვენ იგონებთ ამას, რეალურად ამ ქალებს არ აქვთ პრობლემები”, – ამბობს ნინო გამისონია.

პროექტის ავტორებმა თავდაპირველად გამოყვეს კონკრეტული ჯგუფი: შშმ ქალები, შშმ ბავშვების დედები, ლბტ თემი წევრი ქალები, რომლებიც არიან განსაკუთრებით მარგინალიზებული ჯგუფი. თუმცა, დროთა განმავლობაში არეალი გაფართოვდა, რათა უფრო საინტერესო ყოფილიყო ეს ისტორიები.

სალომე ცოფურაშვილი, პროექტ "ქალები საქართველოდან" ფოტოგრაფი. ფოტო: სალომე ცოფურაშვილი

სალომე ცოფურაშვილი, პროექტ “ქალები საქართველოდან” ფოტოგრაფი. ფოტო: სალომე ცოფურაშვილი

“მიზანი ის არის, რომ დავანახოთ საზოგადოებას, პოლიტიკოსებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, რომ ქალები არიან, ქალები ხმას იღებენ, მათ აქვთ პრობლემები, მათ ამაზე შეუძლიათ საუბარი და მათ ასევე შეუძლიათ გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე იყვნენ და გადაწყვიტონ საკუთარი პრობლემები”, – ამბობს ნინო გამისონია.

პროექტს “ქალები საქართველოდან” ჰყავს სამი ავტორი: ნინო გამისონია, იდა ბახტურიძე და მაიკო ჩიტაია და ორი ფოტოგრაფი: სალომე ცოფურაშვილი და ნინო ბაიდაური.

პროექტის ავტორებმა ჯერ სანაცნობო წრით დაიწყეს რესპონდენტების მოძიება. ქალების პოვნაში მათ არასამთავრობო ორგანიზაციებიც ეხმარებოდნენ, თუმცა უკვე როცა პროექტი გაიცნო აუდიტორიამ უფრო მარტივი გახდა რესპონდენტების პოვნა. ახლა პროექტის ავტორებს იქით ატყობინებენ, ამა თუ იმ საინტერესო რესპონდენტის შესახებ.

ნინოს გამისონიას თქმით, ყველა ქალს აქვს დამოკიდებულება, რომ მას მოსაყოლი არაფერი აქვს.

მზეო, პროექტ "ქალები საქართველოდან" მონაწილე. ფოტო: სალომე ცოფურაშვილი

მზეო, პროექტ “ქალები საქართველოდან” მონაწილე. ფოტო: სალომე ცოფურაშვილი

“ჩვენი არგუმენტი არის ის, რომ ყველა ქალს აქვს მოსაყოლი. ნებისმიერი ქალი, რომ ქუჩაში გავაჩერო ექნება მას ისტორია, გააჩნია როგორი კუთხით წარმოაჩენს”, – ამბობს ნინო.

სალომე ცოფურაშვილი, რომელიც პროექტის ფოტოგრაფიც არის და მონაწილეც, ამბობს, რომ პროექტის ყველზე მნიშვნელოვანი და პირველადი ღირებულება ისაა, რომ ძალიან ბევრი სხვადასხვა ჯგუფის ძალიან ბევრი საჭიროება და პრობლემატიკა გაჟღერდა.

“მე თითონ გენდერის მკვლევარი ვარ და ხომ ვიცი ეს ყველაფერი… ვიცით, რომ ქალებს აქვთ პრობლემები და გამოწვევები, [მაგრამ] ამ ინტერვიუებში იმდენი დეტალი გამოიკვეთა, იმდენი ნიუანსი, გამოიკვეთა, როდესაც ქალები უშუალოდ ლაპარაკობენ პრობლემებზე, რომლებზეც, თუ კი პირდაპირი შეხება არ აქვს ადამიანს, არ მოსდის თავში და არ უფიქრდება”, – ამბობს სალომე ცოფურაშვილი.

სალომე ამბობს, რომ ქალთა საკითხებზე მსჯელობად ერთჯერადი გაჟღერების ფორმა აქვს და შემდეგ იკარგება ეს ყველაფერი, ან “ფეისბუკის” სტატუსებში ჩნდება ხოლმე ქალთა საჭირობებზე საუბარი, რაც წყლის ნაყვაა.

ფოტოგამოფენა "ქალები საქართველოდან"

ფოტოგამოფენა “ქალები საქართველოდან”

ყველა გამოცდილება იმდენად უნიკალურია, იმდენად მნიშვნელოვანია, რომ შეიძლება თქვა, რომ იყო ისტორიები, რომლებიც ჩემს პირად გამოცდილებასთან რაღაც მომენტში ახლოს იყო, და ამან ბუნებრივია უფრო მეტი ემოცია მოიტანა, რომელიც ჩემს ისტორიას რაღაც მომენტში ეხმიანებოდა, ამბობს სალომე.

“არც ერთი ისტორია არ აღმოჩნდა ადვილად მოსაყოლი. ყველა ისტორიამ მიაღწია ისეთ აუდიტორიას, რომლებსაც ჰქონდათ მსგავსი განცდილი, გადაულახავთ კრიტიკული მომენტები და სხვა ქალებისთვის ძალიან გამაძლიერებელი იყო,”, – ამბობს სალომე.

სალომე ცოფურაშვილი ამბობს, რომ ამ პროექტმა იგი გაზარდა პროფესიულადაც და ადამიანურადაც, როგორც გენდერის მკვლევარი, როგორც ფოტოგრაფი და როგორც ქალი.

ეკა გეჯაძე ერთერთია იმ ქალებს შორის, რომლებმაც თავიანთი ისტორიები საჯაროდ მოუთხრეს საზოგადოებას.

 

“იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ქალების ხმა არ ისმის, რომელთა ხმაც ზოგადად ნაკლებად ისმის საქართველოში. ეს ისეთი ისტორიებია, რომლებიც ახლოს არიან რეალობასთან, მაგრამ ამაზე რატომღაც არ ლაპარაკობენ”, – ამბობს ეკა.

ეკა გეჯაძეს მიაჩნია, ის, რომ ქალები საკუთარ ისტორიებსა და გამოცდილებას ყვებიან, ამსხვრევენ სტერეოტიპებს ქალებზე.

ეკა გეჯაძე, პროექტ "ქალები საქართველოდან" მონაწილე

ეკა გეჯაძე, პროექტ “ქალები საქართველოდან” მონაწილე

“ჩემი ისტორიით დიდი იმედი მაქვს, რომ ბევრ ადამიანს დავაფიქრებ საქართველოში არსებულ რელიგიურ ფუნდამენტალიზმზე, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უკავშირდება და იმედი მაქვს, რომ ბევრი ადამიანი დაინახავს თავის თავს ამ ისტორიაში”, – ამბობს ეკა გეჯაძე.

ნინო გამისონია ამბობს, რომ ერთწლიანი მუშაობის შემდეგ, 150 ქალის ისტორია შეკრიბეს და ამ ეტაპზე პროექტი დასრულდა. მათ “თბილისი მომაში” ფოტოგამოფენაც გამართეს 10 მარტს. გამისონია ამბობს, რომ აპირებენ პროექტის გაგრძელებას, თუმცა განახლებული ფორმატით.

წიგნი "ქალები საქართველოდან", რომელშიც პროექტის დროს მოგროვებული ისტორიებია თავმოყრილი

წიგნი “ქალები საქართველოდან”, რომელშიც პროექტის დროს მოგროვებული ისტორიებია თავმოყრილი

მასალების გადაბეჭდვის წესი