ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

არასანქცირებული აქცია ბაქოში ამჯერად ქალებმა გამართეს

20 ოქტომბერი, 2019 • 1431
არასანქცირებული აქცია ბაქოში ამჯერად ქალებმა გამართეს

დღეს, 20 ოქტომბერს, ბაქოში აზერბაიჯანელმა აქტივისტებმა აქცია, სახელწოდებით “არ მოითმინო, გამოდი!” გამართა. იმის გამო, რომ ქალაქის ადმინისტრაციამ ქალებს კვირადღეს “მოქალაქეების დასვენებისთვის ხელის შეშლის” მოტივით აქციის გამართვის უფლება არ მისცა, აქცია არასანქცირებული იყო. შესაბამისად, პლაკატების გაშლის შემდეგ პოლიციამ ძალადობრივი მეთოდებით აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო. ბაქოს პოლიციამ გუშინ ოპოზიციის არასანქცირებული მიტინგიც დაშალა.

ფოტო: Gulnara Mehdieva

სხვადასხვა აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, დაკავებულები პოლიციამ მალევე გაათავისუფლა.

ბაქოში აქციის გამართვის მიზეზი გახდა აზერბაიჯანში ბოლო დროს გახშირებული ქალთა მკლელობები.

ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში აზერბაიჯანში ცხრა ქალი მოკლეს, მათ შორის ექვსი – შვილების თვალწინ.

“ჩვენ ვიბრძვით ახალგაზრდა ქალების უფლებებისთვის, რომელთაც წაართვეს უფლება ესწავლათ, რომლებიც საკუთარი სურვილის წინააღმდეგ დააქორწინეს და რომლებიც იძულებული ხდებიან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულონ”, – წერია აქციის ორგანიზატორთა განცხადებაში.

მიტინგის მონაწილეები ასევე მოითხოვდნენ, აზერბაიჯანმა ხელი მოაწეროს ევროპის საბჭოს სტამბოლის კონვენციას ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი