ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

დაკავებული აქტივისტები და ოპოზიციის ლიდერები – რა ხდება ბაქოში

19 ოქტომბერი, 2019 • 1491
დაკავებული აქტივისტები და ოპოზიციის ლიდერები  – რა ხდება ბაქოში

აზერბაიჯანში ოპოზიციური პარტიის ლიდერები ალი ქერიმლი, ვაჰიდ მაგერამლი და ტოფიგ იაგუბლი, ასევე მათი ათეულობით მხარდამჭერი აქტივისტი დღეს ბაქოში, არასანქცირებული მიტინგის დროს დააკავეს. ოპოზიციის მონაცემით, დაკავებულთა რაოდენობა 100-მდე მერყეობს.

მიტინგი, რომელიც დღეს ბაქოში ოპოზიციური ძალების მიერ იმართებოდა, მხოლოდ დღის 14:00 – მდე იყო სანქცირებული. თუმცა, აქტივისტებმა განაცხადეს, რომ ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე ბაქოს ერთ-ერთ მოედანზე შეიკრიბებოდნენ და ისევ გამართავდნენ აქციას. პოლიციამ გააფრთხილა მომიტინგეები, რომ შეკრების შემთხვევაში მიტინგს დაშლიდა. შესაბამისად, მათი შეკრების დროს ექვსი აქტივისტი დააკვეს, მათგან ერთის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოიძიებაც დაიწყო ნარკოტიკის უკანონო ბრუნვის ბრალდებით. შედეგად, ოპოზიციამ ბაქოში ერთ-ერთი მეტროს წინ გზა გადაკეტა.

აქციის დროს დააკავეს ასევე ოპოზიციის ლიდერები ალი ქერიმლი, ვაჰიდ მაგერამლი და ტოფიგ იაგუბლი და აქტივისტები, რომლებიც ყვიროდნენ “გადადექი!” აქტივიტები პოლიციამ ავტობუსებით წაიყვანა პოლიციის განყოფილებებში.

აზერბაიჯანში მცხოვრები ფეისბუკ მომხმარებლები წერენ ასევე, რომ ბაქოში ინტერნეტის მიწოდებაც შეზღუდულია.

ოფიციალური განცხადება პოლიციას დაკავებულთა რაოდენობის შესახებ არ გაუკეთებია, თუმცა, ოფიციალურ კომენტარში განთქვამია, რომ უკანონო აქციის დროს დაკავებულთა წინააღმდეგ კანონის შესაბამისად ზომები იქნება მიღებული.

ფოტო: meydan.tv

თანამედროვე აზერბაიჯანის ხელისუფლება სხვადასხვა ბრალდებით [მათ შორის ნარკოტიკების გავრცელების, თაღლითობის, გადასახადებისგან თავის არიდების და ა.შ.], განსხვავებული აზრის, კრიტიკისა და ხელისუფლებისადმი არალოიალური განწყობების გამო ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებსა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს დევნის. Freedom House-ის ახალი, 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, დემოკრატიის მაჩვენებლით რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი მდგომარეობა აზერბაიჯანშია. აღნიშულ ანგარიშში აზერბაიჯანის შესახებ წერია, რომ ავტორიტარიზმი ქვეყანაში სულ უფრო ღრმავდება, პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და მისი ოჯახის ძალაუფლება კი კიდევ უფრო ძლიერდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი