ახალი ამბები

საკრებულომ კიდევ 10 ქალი შეარჩია, რომელთა სახელები თბილისის ქუჩებს მიენიჭება

7 აპრილი, 2015 •
საკრებულომ კიდევ 10 ქალი შეარჩია, რომელთა სახელები თბილისის ქუჩებს მიენიჭება

ქალები, რომელთა სახელები მიენიჭება თბილისის ქუჩებს, არიან ანასტასია თუმანიშვილი-წერეთელი, ეკატერინე ფორაქიშვილი სარაჯიშვილი, მარიამ ჯამბაკურ ორბელიანი, ნინო ტყეშელაშვილი, მარიამ ივანიშვილი-დემურია, დესპინე გელოვანი ბანოვანი, ელისაბედ (ლიზიკო) ქავთარაძე, დომინიკა ერისთავი(განდეგილი), ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძე, მარიამ დადიანი-ანჩაბაძე.

 

საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლია ჯახველაძემ განგვიცხადა, რომ გადაწყვეტილება მოღვაწე ქალების სახელების მინიჭების შესახებ საკრებლოს ჯერ არ მიუღია, თუმცა ეს არის პროექტი, რომელსაც საკრებულო მხარს დაუჭერს.

 

ჯახველაძის თქმით, თვითმმართველობის კანონის მიღების შემდეგ ქუჩების სახელდების ახალი წესი უნდა განიხილოს პარლამენტმა და შემდეგ საქართველოს მთავრობამ დაამტკიცოს. სანამ წესი ახლიდან არ დამტკიცდება, საკრებულოს სახელების მინიჭების უფლება არ აქვს.

 

ჯახველაძის თქმით, აღნიშნული წესის განხილვა აპრილის ბოლოს პარლამენტში ჩანიშნულია და სანამ საკანონმდებლო ორგანო საკითხს არ განიხილავს, მანამდე ქუჩებს სახელს ვერ მიანიჭებენ.

 

ლია ჯახველძე ამბობს, რომ ამ მოღვაწე ქალების სახელები საკრებულოს ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიურომ მიაწოდა. ბიოლის ფონდთან თანამშრომლობით საკრებულომ უკვე შეარჩია 5 პოლიტიკოსი ქალი, რომლის სახელი თბილისის ქუჩებს მიენიჭება.

 

საკრებულოსა და ბიოლის ფონდს შორის მემორანდუმი 2014 წლის დეკემბერში გაფორმდა. მემორანდუმის მიხედვით, ბიოლის ფონდთან თანამშრომლობით საკრებულო  ცნობილი მოღვაწე ქალების სახელებს დაარქმევს უსახელო ქუჩებს.

 

თავდაპირველად იგეგმება, რომ 36 ქუჩას დაერქვას ფონდის პროექტში “50 ქალი საქართველოდან”” შესული ქალების სახელები. 

 

თბილისის საკრებულოს მონაცემებით, თბილისში 1200 ქუჩაა, რომლებსაც პიროვნების სახელი აქვს მინიჭებული.
აქედან 1120 ქუჩას კაცი მოღვაწის სახელი აქვს, ხოლო ქალი მოღვაწის სახელი- მხოლოდ 80 ქუჩას.

თბილისის საკრებულო
თბილისის საკრებულო

მასალების გადაბეჭდვის წესი