შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტან გომელაური სოფელ ატოცში მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესს ეხმაურება და ამბობს, რომ ვითარება კონტროლს ექვემდებარება და ესკალაციის საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს.
მინისტრის თქმითვე, ადგილზე ჟურნალისტებს “მათივე უსაფრთხოების დაცვის მიზნით” არ უშვებენ.
“ერთი თვის წინ ე.წ ადმინისტრაციულ ხაზზე დააყენეს რკინის ბოძები, ხოლო დღეს ცხაურის ე.წ სეტკის გაკვრა დაიწყეს. ვითარება კონტროლს ექვემდებარება… უბრალოდ ხალხისა და ჟურნალისტების დაშვება ისევ მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ ხდება. დღევანდელი ვითარებაზე უსაფრთხოების სამსახური საქმის კურსში ჩავაყენეთ, მათ კი ინფორმაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მიაწოდეს. საერთაშორისო ორგანიზაციებს მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ბორდერიზაციის პროცესი გააგრძელეს… ესკალაციის საფრთხე დღესდღეობით არ არსებობს,”-აცხადებს გომელაური.
სოფელ ატოცში უკანონო ბორდერიზაციის შესახებ ინფორმაცია დღეს, 19 ოქტომბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა:
“რუსეთის საოკუპაციო ძალები აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. ამჟამად, ისინი უკანონო ბორდერიზაციის პროცესს ახორციელებენ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს”.