ახალი ამბები

სახელმწიფო დაცვის სამსახურის ცნობით, მარგველაშვილის დაცვის საკითხზე ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის

18 ოქტომბერი, 2019 •
სახელმწიფო დაცვის სამსახურის ცნობით, მარგველაშვილის დაცვის საკითხზე ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ამბობს, რომ ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის დაცვის საკითხზე ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

კანონმდებლობის მიხედვით,  უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ვა­დის გას­ვლი­დან 1 წლის შემ­დეგ მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი, მათ შო­რის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, „სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის“ და­სა­ცავ პირ­თა სი­ა­ში აღარ ირი­ცხე­ბიან და, შე­სა­ბა­მი­სად, მათ დაც­ვა ეხ­სნე­ბათ. დაც­ვა ყოფილი თანამდებობის პირს არ მოეხსნება იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სახელმწიფო ჩათვლის, რომ მის სი­ცო­ცხლე­სა და ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხე ემუქ­რე­ბა.

გიორგი მარგველაშვილის შემთხვევაში ზემოხსენებული 1-წლიანი ვადა მიმდინარე წლის დეკემბერში გადის.

“ეს არის ინსტიტუტებზე შურისძიება. აქ არ არის გიორგი მარგველაშვილზე საუბარი, აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ პრეზიდენტი არავინ არ არის, არც ყოფილი პრეზიდენტი არავინ არ არის, ზოგადად, პრეზიდენტის ინსტიტუტი არაფერი არ არის. არც პრემიერ-მინისტრი ამ ქვეყანაში არავინ არ არის. ამისი იდეოლოგიზაცია ხდება. მე მგონი, ამ პოლიტიკური საუბრებების განმავლობაში ვეთანხმები ბატონ ყოფილ თავმჯდომარეს [ირაკლი კობახიძე], რომ მე ნამდვილად არაფერი მემუქრება და არ მგონია, რომ ასეთივე პოზიტივი ჰქონდეს მას. მე არაფერი მემუქრება, რადგან პოზიტივს ვხედავ საზოგადოების მხრიდან”, – აცხადებს მთავარ არხთან ინტერვიუში გიორგი მარგველაშვილი

ნეტგაზეთმა წერილობით მიმართა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, რის საფუძველზე დაადგინეს, რომ მარგველაშვილი დაცვას არ საჭიროებს. უწყებიდან წერილობით მოგვწერეს, რომ ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

“თქვენს მომართვაში გათვალისწინებულ საკითხზე მსგავსი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ, საკითხის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება მოხდება “სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით”, – ნათქვამია უწყების წერილში.

მასალების გადაბეჭდვის წესი