ახალი ამბები

თალაკვაძის თქმით, პარლამენტში თადუმაძის კანდიდატურის განხილვა ვერ შეჩერდება

18 ოქტომბერი, 2019 •
თალაკვაძის თქმით, პარლამენტში თადუმაძის კანდიდატურის განხილვა ვერ შეჩერდება

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ შალვა თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებული საკითხი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრამდე გაირკვევა. კანდიდატურის განხილვა კი, არჩილ თალაკვაძის თქმით, ვერ შეჩერდება.

“ბატონი თადუმაძის კანდიდატურა იყო უკვე მოსმენილი კომიტეტის სხდომაზე, შესაბამისად, ის ვერ შეჩერდება, იმიტომ, რომ უკვე იყო მოსმენა კომიტეტის სხდომაზე. რაც შეეხება კანდიდატების კენჭისყრას, მე დარწმუნებული ვარ, კენჭისყრამდე დიპლომებთან და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებული ნებისმიერი თემა იქნება ამოწურული. ამაზე კომიტეტიც მუშაობს. მე ვიცი, რომ სამოქალაქო საზოგადოებაც დაინტერესებულია და აუცილებლად მიიღებენ პასუხებს კითხვებზე”, – განაცხადა თალაკვაძემ

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” ეხმიანება მოქმედი გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობის თაობაზე გამართულ დისკუსიას და ამბობს, რომ სს კოდექსით, ისჯება არა მარტო ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება ან/და შეძენა, არამედ მისი გამოყენებაც, ამიტომაც, აღნიშნული საკითხი სცდება ჩვეულებრივი პოლიტიკური დისკუსიისა და პროფესიული შესაბამისობის დასადგენად მიზანშეწონილობის ფარგლებს და მას სამართლებრივი განზომილება გააჩნია.

კოალიციაში შემავალ არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ:

  • აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აუცილებელია ჩატარდეს სრულყოფილი გამოძიება, რათა დამაჯერებელი პასუხი გაეცეს ლეგიტიმურ შეკითხვას გენერალური პროკურორის დიპლომის ნამდვილობასა და შესაძლო ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებასთან დაკავშირებით;
  • პარლამენტმა კენჭი არ უნდა უყაროს შალვა თადუმაძის კანდიდატურას უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დასანიშნად, ვიდრე ყველა ზემოთ აღნიშნული პროცედურა არ იქნება გავლილი და დიპლომთან დაკავშირებით კითხვებს დამაჯერებელი პასუხები არ გაეცემა;
  • პარლამენტმა კანონით გათვალისწინებული პროცედურებით უნდა უზრუნველყოს შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობის გადამოწმება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი თადუმაძის ქმედებაში დანაშაულის ნიშნებს დაინახავს, კონსტიტუციის 48-ე მუხლის საფუძველზე, პარლამენტმა უნდა დაიწყოს იმპიჩმენტის პროცედურა.

შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობასთან დაკავშირებით კითხვები არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილსა და ოპოზიციას გაუჩნდათ მისი გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარდგენის შემდეგ.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აცხადებს, რომ მათ მიერ შესწავლილი დოკუმენტებით დიპლომთან დაკავშირებით შეუსაბამობაა. კერძოდ, დიპლომში მითითებულია, რომ შალვა თადუმაძემ სასწავლებელში 1993 წელს ჩააბარა, მაშინ, როდესაც თავად ინსტიტუტი 1994 წელს დაფუძნდა.

“შეუსაბამობა იკვეთება სასწავლებლის დამთავრების  თარიღთან დაკავშირებითაც – დიპლომში აღნიშნულია 1998 წელი, შალვა თადუმაძეს კი ბიოგრაფიაში 1999 წელი აქვს მითითებული. აღსანიშნავია ასევე ადმინისტრაციული ორგანოების ის საეჭვო ერთსულოვნება, რომლითაც ისინი მრავალი თვის განმავლობაში სხვადასხვა მოტივით უარს გვეუბნებოდნენ თადუმაძის დიპლომის ასლის მოწოდებაზე.

არსებული მიგნების საფუძველზე აუცილებელია, შესაბამისმა კომპეტენტურმა ორგანოებმა შეისწავლონ  გენერალური პროკურორის დიპლომი და წარმოადგინონ დასაბუთებული განმარტებები არსებულ შეუსაბამობებთან დაკავშირებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეჭვქვეშ დარჩება შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობა”, – ნათქვამია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ თემაზე:

თადუმაძის დიპლომის ნამდვილობაზე კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს – TI

მასალების გადაბეჭდვის წესი