სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება კერძო სამედიცინო დაწესებულებებში უკვე შესაძლებელია და მისი ფასი 25-დან 40 ლარამდე მერყეობს. სახელმწიფო იმუნიზაციის ცენტრებში გრიპის ვაქცინა ოქტომბრის ბოლოდან იქნება ხელმისაწვდომი და რისკჯგუფში მყოფი გარკვეული კატეგორიის პაციენტებს, წინა წლების მსგავსად, უფასოდ გაუკეთდებათ.
ნეტგაზეთი დაუკავშირდა რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებას, რომელთაც სამედიცინო ცენტრები, თბილისის გარდა, რეგიონებშიც აქვთ. მსურველებს გრიპის ვაქცინის შეძენა და გაკეთება შუძლიათ მედალფას ქსელში, ასევე- ჯიპისიში, იაშვილის კლინიკაში, ევექსის ქსელში და ა.შ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით, გრიპის პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებად გრიპის საწინააღმდეგო ვაქციანაციაა მიჩნეული. გრიპის შტამი ყოველ წელს იცვლება და, შესაბამისად, ყოველ წელს ახალი ვაქცინა იქმნება, რომელიც ამ კონკრეტულ შტამზეა მორგებული.
“ჯერჯერობით კერძო სექტორში შემოტანილი ვაქცინა სამვალენტიანია, რომელიც 3 ტიპის, ყველაზე გავრცელებული ვირუსებისაგან (2 ტიპის ინფლუენზა A ვირუსი და 1 ტიპის ინფლუენზა B ვირუსი) იცავს ადამიანს. მოგვიანებით, როგორც კერძო სექტორში, ასევე სახელმწიფო სექტორშიც, ოთხვალენტიანი ვაქცინები შემოვა, სადაც დამატებულია B ვირუსის კიდევ ერთი ტიპი”, – უთხრა ნეტგზეთს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა ხათუნა ზახაშვილმა.
ზახაშვილის თქმით, სახელმწიფო სექტორიში შემოტანილი პრეპარატი ფრანგული წარმოებისაა და ევროპის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ქვეყნებისთვისაა გათვლილი. კერძო სამედიცინო დაწესებულებები კი თავად წყვეტენ, თუ რომელი ქვეყნის ნაწარმს შემოიტანენ.
ვისთვის არის ვაქცინაცია მნიშვნელოვანი?
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ცნობით, ვაქცინაცია სრულად უსაფრთხოა და რეკომენდებულია ნებისმიერი ადამიანისთვის, თუმცა არსებობენ რისკჯგუფებში მყოფი ადამიანები, რომლებისთვისაც ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სახელმწიფო სწორედ მათ გადასცემს ვაქცინას უფასოდ. ესენია:
- შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ნებისმიერი ადამიანი;
- დიალიზზე მყოფი პაციენტები;
- C ჰეპატიტითა და აივ ინფიცირებული პირები;
- სამედიცინო პერსონალი;
- სხვა სავალდებულო იმუნიზაციას დაქვემდებარებული ჯგუფები;
- ორსულები ნებისმიერ ტრიმესტრში.
რა გვერდითი ეფექტები აქვს აცრას?
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი ხათუნა ზახაშვილი აღნიშნავს, აცრას პრაქტიკულად არ აქვს გვერდითი ეფექტები, რადგან ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალრეაქტოგენური ვაქცინა და რეკომენდებულია ნებისმიერი ასაკისა და მდგომარეობის მქონე ადამიანისთვის.
ვაქცინა კვერცხის ცილის კომპონენტებს შეიცავს. შესაბამისად, ერთადერთი გვერდითი მოვლენა, რაც შეიძლება მას თან ახლდეს, ცილაზე გამოხატული მკვეთრი ალერგიის მქონე პირებში მცირე რეაქციის გამოვლენაა. ამიტომაც, მსგავსი ალერგიის მქონე პირებს ვაქცინა მხოლოდ ექიმის გადაწყვეტილებით ენიშნებათ.