ალდაგის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო აქტუარული ასოციაციის ზოგადი დაზღვევის სექციის, ASTIN-ის კონფერენცია – ASTIN CAUCASUS LOCAL CHAPTER გაიხსნა.
კონფერენცია რეგიონში პირველად ტარდება და მიზნად ისახავს ადგილობრივი აქტუარული პროფესიის განვითარებას. კონფერენციას ესწრებიან სადაზღვევო ბიზნესის, კონკრეტულად კი აქტუარული სფეროს წარმომადგენლები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას ადგილობრივ პროფესიონალებს უზიარებენ.
კონფერენციის თემები მთლიანად მორგებულია საქართველოს სადაზღვევო ბიზნესისისთვის მნიშვნელოვან საკითხებს. ღონისძიების ფარგლებში შედგა თემატური მოხსენებები და ვორქშოფები, სადაც პროფესიონალებმა აქტუარულ მიმართულებაში არსებულ გამოწვევებსა თუ მიღწევებზე ისაუბრეს და სფეროს განვითარების პერსპექტივები განიხილეს.
აქტუარული შეფასებისა და რისკის მოდელები, სადაზღვევო პროდუქტების ტარიფები, ბაზრის სტატისტიკა, პრაქტიკული ქეისები, გადაზღვევის გადაწყვეტები, მონაცემთა მნიშვნელობა, ეს ის თემებია, რომელსაც ორდღიანი კონფერენცია მოიცავს.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვიყოთ საქართველოში პირველი საერთაშორისო აქტუარული კონფერენციის მხარდამჭერები, რადგან ვთვლით, რომ სადაზღვევო სფეროს განვითარება და მიღწევები მნიშვნელოვანწილად დგას აქტუარის პროფესიონალიზმზე. ალდაგი, როგორც ყველაზე გამოცდილი სადაზღვევო კომპანია, ამ მიმართულებას თავის ძლიერ მხარედ მიიჩნევს და სურს, კიდევ უფრო შეუწყოს ხელი საქართველოში სადაზღვევო ბიზნესის და კონკრეტულად აქტუარის პროფესიის განვითარებას. გვიხარია, რომ გვაქვს საშუალება კოლეგებს გავუზიაროთ ამ სფეროში არსებული საერთაშორისო გამოცდილება,“- განაცხადა ალდაგის მთავარმა აქტუარმა, გიორგი აბაშიძემ.