საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი გაჩეჩილაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფორმატში, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის მოსმენაზე გამოეხმაურა ინფორმაციას, რომელიც შეეხებოდა შავ ზღვაში შეერთებული შტატების ყოფნასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებას. გაჩეჩილაძეს მამუკა ხაზარაძე არ დაუსახელებია, თუმცა თქვა, რომ “ვინც პოლიტიკაში თავის ბიზნესის დასაცავად მოდის ხოლმე,” სახელმწიფოს საფუძვლების რყევას უნდა შეეშვას.
“მინდა გთხოვოთ, საგარეო ურთიერთობაში გაწაფულ ადამიანებს შეახსენოთ, ანდა, თუ არ იციან, უთხრათ, რომ 2016 წლის ივნისში ვარშავის ნატო-ს სამიტზე პირველად იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ შავ ზღვაში შემოდიოდა შეერთებული შტატები და ნატო. ამის შედეგია შემდეგ… სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა ეს ყველაფერი, იმიტომ, რომ 2012-ში რომ მოხდა ეს ყველაფერი და რუსული ხელისუფლება ჩამოშორდა საქართველოს ძალაუფლებას, სწორედ ამის შემდეგ შესაძლებელი გახდა ასეთი რაღაცების კეთება. იქნებ შეახსენოთ ამ ხალხს, რომ 2019 წელს შავი ზღვის უსაფრთხოების პაკეტი იქნა მიღებული სწორედ იმაზე დაყრდნობით, სადაც საქართველოს ხელუსუფლება იყო ჩართული და საქართველო და უკარაინა მოხსენიებული არიან როგორ წამყვანი ქვეყნები შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკაშვირებით”, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.
ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების ზომების გაძლიერება 2016 წლის ვარშავის სამიტის შემდეგ გადაწყვიტა. ნატო მიიჩნევს, რომ უკანასკნელ წლებში შავი ზღვის რეგიონში სიტუაცია გაუარესდა უსაფრთხოების კუთხით. ამ მხრივ გადამწყვეტი გახდა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია. ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთმა შავი ზღვის რეგიონზე დიდი კონტროლი მოიპოვა. რუსეთმა ბევრი რესურსი დახარჯა სევასტოპოლში თავისი ფლოტის მოდერნიზებისთვის, გააძლიერა საჰაერო თავდაცვითი საშუალებები, განავითარა სარაკეტო სისტემები, რომლებსაც შეუძლია, იოლად და სწრაფად მიაღწიოს შავი ზღვის რეგიონის ნებისმიერ ქვეყნას.
ამ თემაზე:
რისი გაკეთება შეუძლია საქართველოს ნატოსთან ერთად შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის