ახალი ამბები

ხაზარაძე ილია მეორეს შეხვდა

17 ოქტომბერი, 2019 • 2158
ხაზარაძე ილია მეორეს შეხვდა

საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ილია მეორეს შეხვდა. ამის შესახებ ხაზარაძე ფეისბუკზე წერს.

“შეხვედრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, უწმიდესსა და უნეტარესთან, ილია მეორესთან. ვისაუბრეთ მოძრაობა “ლელოს” მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე. ასევე საუკუნის პროექტზე -ანაკლიის პორტზე, რომელიც უმნიშვნელოვანესია როგორც სამეგრელოსთვის, ასევე, ჩვენი ქვეყნისთვის და მთელი რეგიონისთვის.
პატრიარქმა დაგვლოცა და წარმატება გვისურვა. ერთად საქართველოსთვის”, – ნათქვამია ხაზარაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გუშინ მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძეზე სოციალურ ქსელებში ნეტგაზეთზე მითითებით ყალბი ინფორმაცია გავრცელდა.

ფეისბუკზე სხვადასხვა პროსამთავრობო ჯგუფმა და გვერდმა ხაზარაძის ციტატა გაავრცელა, რომელიც მან თითქოს ნეტგაზეთთან ინტერვიუში თქვა:

“მიუხედავად იმისა, რომ ილია მეორეს დიდ პატივს ვცემ, აშკარაა, რომ ის დაბერდა. ახალგაზრდობაში უფრო გამოირჩეოდა ბრძნული საუბრით. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ბოლო ქადაგების დროს მევახშეობაზე, როგორც ერთ-ერთ უმძიმეს ცოდვაზე ისაუბრა. უბრალოდ, ბოლო წლებში ისე სხარტად ვეღარ აზროვნებს. ზოგჯერ საერთოდ მგონია, რომ სხვის დაწერილ ტექსტებს კითხულობს, ისე, რომ შინაარსიც ვერ გამოაქვს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, შეიძლება ურიგო არ იყოს მისი მესაყდრის – შიოს გაპატრიარქება… ბევრად უფრო მშვიდად იქნებოდა თავად ილიაც. მინდა მას სიმშვიდე და ჯანმრთელობა ვუსურვო”.

სინმადვილეში ხაზარაძეს მსგავსი განცხადება ნეტგაზეთთან ინტერვიუში არ გაუკეთებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი