ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას თქმით, მთავრობამ მხარი დაუჭირა აბასთუმნის ობსერვატორიის თავზე ფრენების დროებითი შეზღუდვის 8-კილომეტრიანი არეალის შექმნას. თურნავას თქმით, ამ გადაწყვეტილებით საქართველო საერთაშორისო მარშრუტებს არ კარგავს.
“აბასთუმნის ობსერვატორია არის ჩვენი ერთ-ერთი უნიკალური და მსოფლიოსთვისაც უნიკალური სამეცნიერო ცენტრი, სადაც ყველაზე მეტი მეცნიერი მოღვაწეობს და ასობით სამეცნიერო ნაშრომი სრულდება. მთავარი მიმზიდველობა ამ ცენტრის და მთელი იდეა მისი განთავსების 100 წლის წინ სწორედ აბასთუმანში იყო ის, რომ იქ არის ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური ჰაერი, ატმოსფერო თავისი სისუფთავით იძლევა საშუალებას, რომ მაღალი სიზუსტის კვლევები ჩატარდეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ როდესაც მოგვმართა აბასთმუმნის ობსერვატორიამ, რომ ყოფილიყო მცირედი კორექტირება საჰაერო მარშრუტების (და აქ არის საუბარი არანარი საერთაშორისო საჰაერო მარშრუტებზე) და იმდაგვარად, რომ დროებითი შეზღუდვის 8-კილომეტრიანი არეალი დაწესებულიყო, თან იმდაგვარად, რომ არცერთი თეთრი რა იკარგება ამით და არანაირი ზარალი არ ადგება, არცერთი საერთაშორისო მარშრუტი არ გადის საქართველოს ფრენების არეალიდან, რასაკვირველია, ამას დავუჭირეთ მხარი”, – განაცხადა თურნავამ.
მისი თქმით, ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა, მათ შორის, საქართველოსთვისაც, სადაც კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო ტექნიკის გამოყენების დროს ან ნავთობსადენების ზემოთ დროდადრო იცვლება ფრენების მარშრუტი.
ოფიციალური ინფორმაციით, აბასთუმნის თავზე ფრენების აკრძალვის მოთხოვნით ეკონომიკის სამინისტროს ობსერვატორიამ მიმართა.
ამ თემაზე:
უწყებები კომენტარს არ აკეთებენ აბასთუმნის საჰაერო მარშრუტის შესაძლო ცვლილებაზე