ახალი ამბები

უწყებები კომენტარს არ აკეთებენ აბასთუმნის საჰაერო მარშრუტის შესაძლო ცვლილებაზე

8 ოქტომბერი, 2019 •
უწყებები კომენტარს არ აკეთებენ აბასთუმნის საჰაერო მარშრუტის შესაძლო ცვლილებაზე

შეიცვლება თუ არა აბასთუმნის საჰაერო მარშრუტი? ეს საკითხი ჯერ უცნობია.

ნეტგაზეთს ეკონომიკის სამინისტროს კუთვნილმა კომპანიამ, საქაერონავიგაციამ და სამინისტროს სსიპ-მა, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კომენტარზე უარი უთხრა. 

უწყებებში აცხადებენ, რომ ამ თემაზე განმარტება მოგვიანებით გაკეთდება. ინფორმაცია, რომ აბასთუმნის თავზე შესაძლოა ფრენები აიკრძალოს და საჰაერო მარშრუტი შეიცვალოს, “მთავარმა არხმა” გაავრცელა. 

საქართველოში თვითმფრინავების მარშრუტების მართვასა და უსაფრთხო გადაადგილებაზე პასუხისმგებელი უწყება არის სახელმწიფო კომპანია საქაერონავიგაცია. ამ კომპანიის სერვისით და, შესაბამისად, საქართველოს საჰაერო მარშრუტების ტრანზიტით თუ ქვეყნაში შემოსვლით 60-ზე მეტი ავიაკომპანია საერგებლობს.

ორგანიზაცია Hub Georgia-ს დამფუძნებელი გიორგი კოდუა ნეტგაზეთს ეუბნება, რომ როცა მედიით შეიტყო, რომ შესაძლოა აბასთუმნის თავზე ფრენები აიკრძალოს, საქაერონავიგაციის ხელმძღვანელს დაუკავშირდა, თუმცა გიორგი ედიშერაშვილმა მასთან ეს ინფორმაცია უარყო. 

კოდუა ამბობს, რომ საჰაერო მარშრუტების მეშვეობით სახელმწიფო ყოველწლიურად საკმაოდ დიდ თანხას იღებს, საუბარია ამ ავიაკომპანიების მიერ გადახდილ მოსაკრებელზე. კოდუა ასეთი პოტენციური ცვლილების ინიციატივას არ მიესალემა:

“ეს კომპანიები ამ თანხას EUROCONTROL-ს უხდიან და შემდეგ ეს ორგანიზაცია რიცხავს ქვეყნის ბიუჯეტში. ქართულ მხარეს ამ ავიაკომპანიებთან პირდაპირი კავშირი არ აქვს. ეს კომპანიები ჩვენს ტრასას იყენებენ და აქ მხოლოდ ტრანზიტული ფრენები არ იგულისხმება, რადგან ამ ორგანიზაციას უხდიან ფულს ის ავიაკომპანიებიც, რომლებიც საქართველოდან რეისებს ახორციელებენ.

ამ თანხას ავიატორები ციდან ჩამოვარდილ ფულს ვეძახით, რადგან ყველა სახელმწიფო ცდილობს ტრანზიტულმა მიმართულებებმა მის ცაზე გაიაროს. ფაქტობრივად, არაფერში, უბრალოდ, ამ ფრენების კოორდინაციაში ვიღებთ ფულს. დისპეტჩერები, რომლებიც საქაერონავიგაციას ჰყავს, ახდენენ ამ თვითმფრინავების უსაფრთხო გადაადგილებას. ამასთან, ეს საჰაერო ტრასები დამტკიცებულია და EUROCONTROL-ის რუკებზეა დამატებული”,-ამბობს კოდუა.

EUROCONTROL საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაციაა, რომლის მიზანიც  ერთიანი ევროპის ცის დანერგვაა, სადაც უსაფრთხოების  ერთიანი სტანდარტები იქნება დაცული. საქართველო ამ ორგანიზაციის წევრი 2014 წელს გახდა. 

კოდუა განმარტავს, რომ საქრათველოს ძალიან გაუჭირდება  EUROCONTROL-ს აუხსნას, რატომ ცვლის მარშრუტს, რადგან ამას საკმაოდ მყარი დასაბუთება სჭირდება: როგორებიც არის უსაფრთხოება, ომი და სხვა. 

“როცა მარშრუტის ცვლილების შესახებ ორგანიზაციას ატყობინებ, უნდა განუმარტო, ამას რატომ აკეთებ. ომი იწყება?! რაიმე განგაშია?! ასეთი პრეცედენტი მხოლოდ 2008 წელს იყო, როცა რუსეთმა ომი გამოგვიცხადა. ამის გამო ორგანიზაციამ მყისიერად მიიღო ზომები და ფრენები შეწყდა. შედეგად, ქვეყანამ დიდი შემოსავალი დაკარგა. 

ახლა, როცა ჩვენ EUROCONTROL -ს ვეუბნებით, რომ მაცხოვრებლებს უშლის ხელს, ეს სერიოზული არ არის. როგორც ასეთი, აბასთუმანი, ასეთი წერტილი ტრასაზე აღნიშნული არ არის, რადგან იქ დაფიქსირებულია შემოსვლისა და გასვლის  ორი წერტილი. ცვლილების შემდეგ თუ დაგრძელდა მარშრუტი, ავიაკომპანიას ტარიფი ეზრდება, რაზეც წინააღმდეგნი იქნებიან. თუ მარშრუტის გადაწევა მოხდება, შეიძლება საქართველოს ტერიტორიას გასცდეს, რადგან ავიაკომპანიები ტარიფს გავლილ ყოველ 100 კმ-ში იხდიან. ასე თუ მოხდა, საქართველოს ბიუჯეტი საკმაოდ სერიოზულ შემოსავალს დაკარგავს”,-ამბობს კოდუა. 

მისივე თქმით,  მცირე ტერიტორიიდან გამომდინარე, საქართველოს მარშრუტის ცვლილების, მანევრების გაკეთების ბევრი საშუალება არ აქვს:

“ჩვენ არ ვართ რუსეთი, ყაზახეთი…ამავე დროს მნიშვნელოვანია სტაბილურობა.  EUROCONTROL -ის მიერ საქართველო სტაბილურ ქვეყნად არის დამტკიცებული. რაც უფრო სტაბილურია ეს მარშრუტები, მით მეტ ავიაკომპანიას იზიდავ. შესაბამისად, იზრდება ტრაფიკიც. მარშრუტების ცვლილებით არასტაბილურობის განცდაც რჩება. ევროპა-აზიას შორის ვართ და ვცდილობთ ნავიგაციის მეშვეობით სარგებელი მივიღოთ.”

ინფორმაციის გადამოწმება აბასთუმნის გამგებელთანაც ვცადეთ. გიორგი ელისაბედაშვილმა გვითხრა, რომ ამ საკითხზე ინფორმაცია არ აქვს. ნეტგაზეთის კითხვაზე, ოდესმე თუ მიუმართავთ მოქალაქეებს გამგეობისთვის, რომ საჰაერო გზა მათ პრობლემას უქმნის, ელისაბედაშვილი გვპასუხობს, რომ ასეთი რამ არ მომხდარა.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ამბობს, რომ არ იცის, განიხილავს თუ არა მთავრობა აბასთუმანში საჰაერო ტრასის ცვლილების საკითხს. კაკულია ვარაუდობს, რომ თუ მთავრობა ამ საკითხზე იმსჯელებს, ამის ერთადერთი დასაბუთება აბასთუმნის საკურორტო სტატუსი და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხი იქნება:

“განიხილება თუ არა ეს საკითხი, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს… პრესიდან გავიგე ამის შესახებ…  ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ თუ კურორტს [აბასთუმანს] გვინდა მივანიჭოთ ისეთი სტატუსი, რომლისთვისაც ეკოლოგიური პარამეტრები ძალიან მნიშვნელოვანია, ამან შესაძლოა გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანას გაცილებით მეტი სარგებელი მოუტანოს, ვიდრე ეს საჰაერო გადაადგილების გზით ხდება. მხოლოდ ეს ვიცი. ზოგადად ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს ეს მოტივაცია აქვს ხოლმე”, – ამბობს კაკულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი