თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ არ იგეგმება საფეხმავლო ხიდების მონტაჟი იმავე ადგილებზე, საიდანაც აიღეს. როგორც “ნეტგაზეთს” მერიის პრესსამსახურში გნუცხადეს, წლის ბოლომდე 19 ხიდის დემონტაჟი მოხდება.
აღნიშნულ საკითხზე თავდაპირველად ინტერპრესნიუსმა დაწერა. გამოცემასთან მერია აცხადებს, რომ ხიდები, რომელთა დემონტაჟი უკვე განხორციელდა, საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ ქუჩებზე შესაძლოა ისევ დამონტაჟდეს:
“ყველა ხიდი დემონტაჟის შემდეგ მიაქვთ მერიის სასაწყობე მეურნეობაში. თბილისში სულ 34 რკინის ხიდია, აქედან წლის ბოლომდე დაგეგმილია 19 ხიდის დემონტაჟი. უკვე აღებულია 9 ხიდი, დარჩენილი 10 ხიდის დემონტაჟი წლის ბოლომდე განხორციელდება. ყველა ხიდის ადგილზე მოსახლეობის უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის შუქნიშნებით რეგულირებული ქვეითთა ერთდონიანი ზებრა-გადასასვლელები მოეწყობა. რაც შეეხება ხიდებს, რომლის დემონტაჟიც უკვე განხორციელდა, საჭიროების შემთხვევაში, ცალკეულ ქუჩებზე შესაძლოა ისევ დამონტაჟდეს“, – განუცხადეს “ინტერპრესნიუსს” თბილისის მერიაში.
მერიაში ამბობენ, რომ ხიდები დასაწყობდება და საჭიროების შემთხვევაში კვლავ გამოიყენებენ, თუმცა, არა იმ ქუჩებზე, საიდანაც აიღეს. თბილიის მერიის განმარტებით, ამ დროისთვის ქუჩები, სადაც შესაძლოა საფეხმავლო ხიდების მონტაჟი გახდეს საჭირო, განსაზღვრული არ არის.