ახალი ამბები

მუქარის წერილზე აღმოჩნდა 120 ანაბეჭდი, დედანს პროკურატურას გადავცემთ – ხაზარაძე

16 ოქტომბერი, 2019 •
მუქარის წერილზე აღმოჩნდა 120 ანაბეჭდი, დედანს პროკურატურას გადავცემთ – ხაზარაძე

მამუკა ხაზარაძის თქმით, ე.წ მუქარის წერილის [მისი თქმით, გახარიასგან გაგზავნილზე] დედანს პროკურატურას გადასცემს.

თიბისი ბანკის დამფუძნებელი ამბობს, რომ ექსპერტიზით ამ წერილზე 120 ანაბეჭდი აღმოჩნდა, შესაბამისად, პროკურატურამ ეს ანაბეჭდები სპეციალურ ბაზაში უნდა შეამოწმოს და პირების იდენტიფიცირება მოახდინოს.

” ჩვენ რამდენიმე დღის წინ საბოლოო დოკუმენტები მივიღეთ ლაბორატორიიდან… ყველა საბუთი თბილისშია, ახლა იურისტებთან გავდივართ კონსულტაციას, რომ ის დედანი, რომელსაც პროკურატურას ჩავაბარებთ, თავის 120 ანაბეჭდთან ერთად, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა, არ გაქრეს.

ძალიან საეჭვოდ დაემთხვა გახარიას მიერ ბელარუსული კომპანიის მაისში დაქირავება, რომელსაც ტენდერის ჩატარების გარეშე ჩვენი ანაბეჭდების ბაზა გადაეცა … მიუხედავად ამისა, იდენტიფიცირება შესაძლებელია, თუმცა არ მჯერა, ამ პროკურატურის პირობებში მსგავსი რამ მოხდეს. ჩვენ ჩავაბარებთ და დაველოდებით, როგორ იმოქმედებენ. დედანს ვაძლევთ და დედანთან ერთად დეტალურ ანალიზს ვაძლევთ თითის 120 ანაბეჭდის შესახებ”,-განაცხადა ხაზარაძემ “ტვ პირველის” ეთერში.

4 მარტს, პარლამენტში გამოსვლისას, ხაზარაძემ თქვა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მაშინდელი შს მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო წერილი, სადაც იყო გარკვეული მოთხოვნები, რომლებიც მათ არ შეასრულეს:

“ამ წერილში ეწერა, რომ ისინი ჩვენს რეპუტაციას დაანგრევენ ადგილობრივ და საერთაშორისო ასპარეზზე. ძალიან გამიკვირდა, რომ ეს წერილი დაწერეს. ეს წერილი მე მაქვს. იქ იყო მოთხოვნები, რომლებიც ჩვენ არ შევასრულეთ. ეს წერილი შს მინისტრისგან იყო მოწერილი. ეს არის მუქარის წერილი, რომელიც ჩვენ არ შევასრულეთ”.

გიორგი გახარია ბრალდებას უარყოფს. “პარლამენტის ტრიბუნა გამოყენებული იყო ჩვეულებრივი ჭორაობისა და ტყუილებისთვის,” – აცხადებდა გახარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი