ახალი ამბები

ბათუმის მიმართ თურქეთის ინტერესზე რუკა გაყალბებულია

16 ოქტომბერი, 2019 • 2388
ბათუმის მიმართ თურქეთის ინტერესზე რუკა გაყალბებულია

ფეისბუქში თურქეთის თავდაცვის მინისტრის, ჰულუსი აქარის სახელით გავრცელებული რუკა, დეზინფორმაციაა.

დეზინფორმაციული რუკა, თანდართული ტექსტით, ფეისბუქზე 14 ოქტომბერსაა გამოქვეყნებული. რუკის მიხედვით, თურქეთი პრეტენზიას აცხადებს ბულგარეთის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს  ტერიტორიების ნაწილზე.

ფეისბუქ-გვერდი, რომელზეც აღნიშნული რუკა გამოქვეყნდა, სინამდვილეში არ ეკუთვნის თურქეთის თავდაცვის მინისტრს. ამას მოწმობს ისიც, რომ გვერდს არ  აქვს ოფიციალური გვერდის ნიშანი.

თურქეთის გენერალური კონსული ბათუმში მაქბულე ქოჩაკი „ბათუმელებთან“ აცხადებს რომ გავრცელებული რუკა ტყუილია და ის ოფიციალურ ანკარას საქმის კურსში ჩააყენებს. კონსული ასევე ურჩევს მოქალაქეებს, ენდონ მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომელსაც ოფიციალური პირები გაავრცელებენ და არ აჰყვნენ დეზინფორმაციას.

„ნაციონალისტურ გვერდებზე, ანონიმური სახელების გამოყენებით, მითითებული ანგარიში არის ყალბი და არ ეკუთვნის თურქეთის თავდაცვის მინისტრს. ამის მსგავსად, სხავადასხვა პირების სახელზე უამრავი ანგარიში იხსნება. აღნიშნულის ფარგლებში, გირჩევთ, რომ საზოგადოებამ სიფრთხილე გამოიჩინოს ასეთი პროვოკაციული ხასიათის და ყალბი ანგარიშების მიმართ“, –  აცხადებს თურქეთის კონსული ბათუმში, მაქბულე ქოჩაკი „ბათუმელებთან“ საუბარში.

კონსულის განცხადებით, თურქეთის მიერ ჩრდილოეთ სირიაში დაწყებული სამხედრო ოპერაციის შემდეგ სოციალურ ქსელში არაერთი დეზინფორმაციის შემცველი პოსტი ქვეყნდება, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება.

„ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ს სირიის ფრთის, PYD/YPG-ს წინააღმდეგ მიმდინარე „მშვიდობის წყაროს“ ოპერაციასთან დაკავშირებით სხვადასხვა მოვლენებისა და პერიოდის ფოტოების გაზიარებით ცდილობენ შექმნან წარმოდგენა, თითქოს ამ ოპერაციის მიზანი არის მშვიდობიანი მოსახლეობა“, – ამბობს კონსული „ბათუმელებთან“.

თურქულმა საინფორმაციო პორტალმა „ანადოლუ აჯენსიმ“ სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობისას გავრცელებულ დეზინფორმაციულ ნიუსებზე მასალა მოამზადა, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბათუმზე თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლების ყალბი განცხადებები ვრცელდება.

რა (არ) თქვა სინამდვილეში ერდოღანმა ბათუმზე

ამავე თემაზე გირჩევთ

თურქეთის პოზიციები ყარსის შეთანხმებაზე, ბათუმზე, მეჩეთსა და საზღვრებზე

მასალების გადაბეჭდვის წესი