“ალბათ, როდესაც დამატებითი განხილვა მოხდა დე ფაქტო პრემიერ–მინისტრთან, მან სასტიკად აუკრძალა ფორმალურ პრემიერ–მინისტრს ამის განხორციელება. მე მაქვს ჩემი მიზეზშედეგობრივი კავშირი გარკვეულ მოვლენებთან, იმ შეფასებებთან, რომელიც კეთდებოდა რუსეთის ფედერაციის დიპლომატიურ თუ სხვა ოფიციალურ პირების მხრიდან კონკრეტულად თავდაცვითი შეიარაღების შესახებ, როდესაც რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა თქვა, რომ რაში ჭირდება, ჩვენ არ გვესმის, საქართველოს თავდაცვა, ვისგან უნდა დაიცვას თავიო, – ასეთი ცინიკური განცხადებები გააკეთეს. შემდეგ იქ იყო სხვა განცხადებები, მათ შორის, ნატოს ერთობლივ საწვრთნელ ცენტრთან დაკავშირებით. ის ქვეყანა, რომელიც ასეთი განცხადებების გავლენით პოსტიდან უშვებს თავდაცვის მინისტრს, ან სხვა ნაბიჯებს დგამს, რა თქმა უნდა, მისი დამოუკიდებლობა, მისი სტაბილური განვითარება საფრთხის ქვეშ არის,”– განაცხადა ალასანიამ.
ალასანიას განცხადებით, ეს აბსოლუტურად ლოგიკური დასკვნაა. თავდაცვის ყოფილი მინისტრი იქვე დასძენს, რომ თუ ეს ასე არ იყო, მაშინ გაუგებარია, რატომ არ გაფორმდა ეს შეთანხმება.
ალასანია გამორიცხავს, რომ შეთანხმების გაუფორმებლობის მიზეზი ფრანგული მხარე იყოს:
“მათაც აწყობთ ეს, ეს არის ჩვეულებრივი სამხედრო ინდუსტრიის ბიზნესი და რახან პოლიტიკური გადაწყვეტილება არის, მათ ინტერესებში შედის, რომ ეს გაგრძელდეს.”
ალასანიას განცხადებით, ამ 6 თვის განმავლობაში მთავრობას პროცესის წინ წაწევისთვის არაფერი გაუკეთებია:
“როდესაც უკვე მომწიფებულია და მომზადებულია ყველაფერი და 6 თვის განმავლობვაში თითი-თითზე არ გვაქვს დადებული ამ მიმართულებით, რა პასუხისმგებლობაზეა საუბარი. მისი პასუხისმგებლობაა, რომ დაიცვას საკუთარი ჯარი შემოტევის შემთხვევაში და საჰაერო სივრცე იყოს მაქსიმალურად დაცული. და როდესაც ასეთი შესაძლებლობები უკვე ხელის გულზე გიდევს, რომ მეტი არაფერი არ არის საჭირო გარდა იმისა, რომ შეასრულო იმ მემორანდუმით გათვალისწინებული შეთანხმებები და არაფერს აკეთებ, ეს არის პასუხისმგებლობა?”– განაცხადა ალასანიამ.
თავდაცვის მოქმედმა მინისტრმა მინდია ჯანელიძემ დღეს “მაესტროს” ეთერში განაცხადა, რომ საფრანგეთის მხარესთან მოლაპარაკებები გრძელდება და პროცესს საფრთხე არ ემუქრება, “თუ ნამეტანს არ იზამენ ჩვენი ოპონენტები და უფრო მეტად არ დააზარალებენ ქვეყნის ინტერესებს”. ჯანელიძის თქმით, ამ საკითხზე მითქმა–მოთქმა ქვეყნის თავდაცვით ინტერესებს აზიანებს.
ირაკლი ალასანიამ 3 აპრილს ბრიფინგზე განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს საჰაერო თავდაცვით შეიარაღებაზე უარი ათქმევინეს. მისივე თქმით, დეტალურად ვერ ისაუბრებს 2014 წლის 28 ოქტომბერს საფრანგეთთან მის მიერ ხელმოწერილი მემორანდუმის შესახებ, რომელსაც ექვსი თვის ვადაში უნდა მოჰყოლოდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება. ყოფილი თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ 6 თვე გავიდა და ეს შანსი ქვეყანამ ხელიდან გაუშვა. მან დღეს ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა ბენეფიტებს მიიღებდა ქვეყანა, თუკი ეს ხელშეკრულება გაფორმდებოდა.