ახალი ამბები

ჯანელიძე: ფრანგულ მხარესთან მოლაპარაკების პროცესს საფრთხე არ ემუქრება

3 აპრილი, 2015 •
ჯანელიძე: ფრანგულ მხარესთან მოლაპარაკების პროცესს საფრთხე არ ემუქრება

მინდია ჯანელიძე აცხადებს, რომ მოლაპარაკებები გრძელდება და პროცესს საფრთხე არ ემუქრება.

 

“მოლაპარაკებები გრძელდება. არანაირი საფრთხე ამ პროცესს არ ემუქრება, თუ ნამეტანს არ იზამენ ჩვენი ოპონენტები და უფრო მეტად არ დააზარალებენ ქვეყნის ინტერესებს,”– განაცხადა ჯანელიძემ.

 

ჯანელიძემ დღესვე განაცხადა, რომ მემორანდუმი ნაწილობრივადაც არ გასაჯაროვდება, რადგან “მსგავსი საკითხები საჯაროობას არ ექვემდებარება.”

 

თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ძალიან სამწუხაროა, ეს საკითხი პოლიტიკური სპეკულაციების საგანი რომ გახდა, რადგანაც საქმე ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება. თუმცა, ჯანელიძის თქმით, რახან ოპონენტები ამ საკითხის ირგვლივ აჟიოტაჟის შექმნას აგრძელებენ, საჭიროდ ჩათვალა, რომ საზოგადოებისთვის განმარტება გაეკეთებინა:

 

“ის, რომ არ არსებობს არანაირი ხელშეკრულება, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, ამას ვამბობდით წარსულშიც, მაგრამ აქვე ვამბობდით, რომ ხელმოწერა განხორციელდა ე.წ განზრახულობათა წერილზე, იგივე მემორანდუმზე, რომელიც, ხელშეკრულებისგან განსხვავებით, სრულიად სხვა სახის საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტია შედეგების თვალსაზრისით. ანუ რას გულისხმობს ეს: ხელშეკრულებას მოსდევს კონკრეტული ვალდებულებები, რომელიც უნდა შეასრულოს ხელშეკრულების ორივე მხარემ, თუ ეს ორმხრივი ხელშეკრულებაა. ხოლო მემორანდუმი – ეს არის დეკლარაციული ხასიათის დოკუმენტი, რომელიც გულისხმობს მხარეების, ასე ვთქვათ, კეთილ ნებას კონსულტაციების თაობაზე. ამ დოკუმენტს, კი ბატონო, მოეწერა ხელი,”– განაცხადა მინდია ჯანელიძემ ტელეკომპანია “მაესტროს ეთერში.

 

ჯანელიძის განცხადებით, კონსულტაცია შესაძლებელია მემორანდუმის არსებობის გარეშეც და მემორანდუმი არ არის რაიმე კონსულტაციების წარმოებისთვის აუცილებელი წინაპირობა.

 

დღეს საფრანგეთის ელჩმა რენო სალენსმა განაცხადა, რომ ქართულ მხარეს საჰაერო თავდაცვით შეიარაღებასთან დაკავშირებით არანაირ შეთანხმებაზე, ხელშეკრულებასა თუ ვალდებულებაზე ხელი არ მოუწერია და მხოლოდ განხილვა მიმდინარეობს. ჯანელიძე ამბობს, რომ როგორც ელჩმა დაადასტურა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს და იმედოვნებს, რომ შედეგებიც წარმატებული იქნება.

 

“თუმცა მე აქვე მინდა ხაზი გავუსვა, ჩვენი პარტნიორები გამოხატავენ შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ არის უამრავი მითქმა–მოთქმა, არის უამრავი, ასე ვთქვათ, ჭორი და მართალი ამ საკითხის გარშემო, რამაც დააზიანა გარკვეულწილად ჩვენი ინტერესები, ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ინტერესები, შესაბამისად, პასუხისმგებლობა ამაზე ეკისრებათ იმ პირებს, ვისაც, მუხედავად მრავალი მოწოდებისა, ვინც არ გაითვალისწინა ეს მოწოდება და კვლავ აგრძელებს ამ საკითხზე სპეკულაციას,”– თქვა ჯანელიძემ.

 

ჯანელიძის განცხადებით, მან ალასანიას მხოლოდ იმიტომ დაურეკა, რომ ხელმოწერის პროცედურები დაეცვა და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოეწერა ხელი მემორანდუმისთვის.

 

“მე არასდროს არ მითქვამს უარი იმასთან დაკავშირებით, რომ ზარი განხორციელდა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მე არასდროს არ მითქვამს და არც ერთი ჩემი გადადგმული ნაბიჯის არ მრცხვენია. და რახან ამაზე დაიწყო საუბარი ბატონმა ალასანიამ, მიუხედავად იმისა, რომ მეჩვენება, რომ მისი საუბარი არაკორექტულია, მე, კი ბატონო, დავადასტურე, რომ ეს ზარი შედგა. მაგრამ აქვე ხაზს ვუსვამ, რომ ეს ზარი შედგა იმის გამო,  რომ მან არ დაიცვა პროცედურები და ამ ზარის განხორციელების მიზეზი იყო ის, რომ მას გადაედო გარკვეული პერიოდით ამ მემორანდუმზე ხელმოწერა იმისათვის, რომ ჯერ ეს პროცედურები ყოფილიყო დაცული, შეთანხმებული და გავლილი საბოლოოდ, ხოლო შემდეგ ყოფილიყო ხელი მემორანდუმზე მოწერილი,”– თქვა თავდაცვის მინისტრმა.

 

მისი თქმით, მთავრობა მოწადინებულია, რომ საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობები გაიზარდოს:

 

“ახლა უნდათ წარმოაჩინონ ეს ზარი, თითქოს ვინმე ეწინააღმდეგება რაღაც კარგის გაკეთებას ქვეყნის თავდაცვისთვის. ეს არის სრული აბსურდი, უპასუხისმგებლო განცხადება. პირიქით, ჩვენ ყველა მოწადინებული ვიყავით მაშინაც და ახლაც, რომ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობები გაიზარდოს. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი წესი და რიგი და ეს წესი და რიგი უნდა დავიცვათ თთოეულმა ჩვენგანმა,”– განაცხადა ჯანელიძემ.

 

ჯანელიძემ ასევე უპასუხა ალასანიას დღევანდელ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ არაერთი თვის განმავლობაში ყველა დეტალი შეთანხმებული იყო როგორც პრემიერთან, ასევე უსაფრთხოების კაბინეტის წევრებთან. ჯანელიძის განცხადებით, საკითხი სრულად შეთანხმებული არ ყოფილა:

 

“ეს არ არის სწორი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, საკითხი იყო ცნობილი ჩვენთვის, იყო განხილული, მაგრამ საბოლოოდ საკითხი არ ყოფილა შეთანხმებული იმიტომ, რომ გარკვეულ კორექტირებას მოითხოვდა ის წინადადება, რაც ბატონმა ალასანიამ წარმოადგინა. მას მიეცა მითითება, რომ ეს კორექტირება განეხორციელებინა, რაც მას არ განუცორხიელებია. შესაბამისად, ჩვენ არ გვქონდა საბოლოო წარმოდგენა იმასთან დაკავშირებით, თუ რის შესახებ უნდა ეწარმოებინა მას კონსულტაციები საფრანგეთის სხბვადასხვა ინდუსტრიულ ჯგუგფებთან,”– განაცხადა ჯანელიძემ.

 

ირაკლი ალასანიამ 3 აპრილს ბრიფინგზე განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს საჰაერო თავდაცვით შეიარაღებაზე უარი ათქმევინეს. მისივე თქმით, დეტალურად ვერ ისაუბრებს 2014 წლის 28 ოქტომბერს საფრანგეთთან მის მიერ ხელმოწერილი მემორანდუმის შესახებ, რომელსაც ექვსი თვის ვადაში უნდა მოჰყოლოდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება. ყოფილი თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ 6 თვე გავიდა და ეს შანსი ქვეყანამ ხელიდან გაუშვა. მან დღეს ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა ბენეფიტებს მიიღებდა ქვეყანა, თუკი ეს ხელშეკრულება გაფორმდებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი