ახალი ამბები

საფრანგეთის ელჩი: ქართულ მხარეს თავდაცვით შეიარაღებაზე შეთანხმებისთვის ხელი არ მოუწერია

3 აპრილი, 2015 •
საფრანგეთის ელჩი: ქართულ მხარეს თავდაცვით შეიარაღებაზე შეთანხმებისთვის ხელი არ მოუწერია

ელჩის განცხადებით, საუბარია მხოლოდ განხილვებზე, რომელიც საქართველოს მთავრობასა და ფრანგ მწარმოებლებს შორის გასულ წელს დაიწყო.

 

“გასულ წელს დაიწყო გარკვეული განხილვები საქართველოს მთავრობასა და ფრანგ მწარმოებლებს შორის, ორმხრივი თანამშრომლობის ჩვეულ რეჟიმში. მე კიდევ ერთხელ ვამახვილებ ყურადღებას ტერმინზე „განხილვები“, რადგან ქართული მხრიდან არანაირ ვალდებულებაზე ხელი მოწერილი არ ყოფილა – არანაირი შეთანხმება, არანაირი ხელშეკრულება, არანაირი ვალდებულება და არაფერი მსგავსი. ერთადერთი, რისი თქმაც ახლა შემიძლია, არის ის, რომ ის განხილვები, რომლებიც გასულ წელს დაიწყო, გრძელდება,”– თავდაცვის სამინისტროს ცნობით, განაცხადა რენო სალენსმა.

 

მინდია ჯანელიძე და რენო სალენსი. ფოტო – თავდაცვის სამინისტრო
მინდია ჯანელიძე და რენო სალენსი. ფოტო – თავდაცვის სამინისტრო

ელჩმა ეს კომენტარი საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, მინისტრის პირველ მოადგილესთან და თავდაცვის ატაშესთან, ვიცე-პოლკოვნიკ ანდრე ევრასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. 

 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა  დღის წესრიგში არსებული მიმდინარე საკითხები  და ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. მინდია ჯანელიძემ  ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობის ფორმატში, საფრანგეთის რესპუბლიკასთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაამახვილა ყურადღება. ფრანგ დიპლომატთან საუბრის ერთ-ერთი თემა საქართველოსთვის მინიჭებული  არსებითი პაკეტის იმპლემენტაციისა და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი იყო.

 

დღეს საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ  2014 წლის 28 ოქტომბერს საფრანგეთში საჰაერო თავდაცვით შეიარაღებასთან დაკავშირებით მემორანდუმს ხელი მოაწერა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი