ახალი ამბები

ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ მეარაყიშვილი კვლავ გაამართლა

16 ოქტომბერი, 2019 •
ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ მეარაყიშვილი კვლავ გაამართლა

თამარა მეარაყიშვილმა, ახალგორელმა აქტივისტმა, რომელსაც სამხრეთ ოსეთში აქტივიზმის გამო დევნიან, ახალგორის დე ფაქტო პროკურატურას სასამართლო დავა მესამედ მოუგო. ამის შესახებ ის ფეისბუკზე წერს. ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ მეარაყიშვილი ყველა პუნქტში უდანაშაულოდ ცნო.

მანამდე ახალგორის დე ფაქტო პროკურატურამ გასაჩივრების ვადის ამოწურვის დღეს, 20 ივლისს, ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა თამარ მეარაყიშვილის საქმეზე ახალგორის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისად, მას სისხლის სამართლის ყველა ბრალდება მოუხსნეს და გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები გაუუქმეს.

16 აგვისტოს ორი წელი გახდა, რაც ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ ცხინვალის ხელისუფლებამ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო. მეარაყიშვილს დღემდე თავისუფალი გადაადგილება შეზღუდული აქვს [ყველა საბუთი ჩამოართვეს] და, ფაქტიურად, შინაპატიმრობაში იმყოფება.

თამარ მეარაყიშვილს 2018 წლის 12 ივნისს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით – სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის უკანონო მიღება საქართველოს მოქალაქეობის პარალელურად გაყალბებული განცხადების საფუძველზე; აღნიშნული გაყალბებული დოკუმენტის გამოყენება და  მმართველი პარტია “ერთიანი ოსეთის” რეგიონული განყოფილების მიმართ ცილისწამება.

მასალების გადაბეჭდვის წესი