ახალი ამბები

დევნილები ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნით აქციას მართავენ

16 ოქტომბერი, 2019 • 1395
დევნილები ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნით აქციას მართავენ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეკრებილი დევნილები მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრას ითხოვენ. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, თენგო ცინდელიანის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მინისტრი დღის ოთხ საათამდე მათთან შესახვედრად არ ჩამოვა, აქციის მონაწილეები თავად შეეცდებიან სამინისტროში შეღწევას:

“უკვე ერთი თვეა, რაც სამინისტროს წარმომადგენლებისგან პასუხს ვითხოვთ კითხვებზე, რატომ არ გვაკმაყოფილებენ საცხოვრებელი ფართებით იმ ოჯახებს, ვისაც 6-ბალიანი ზღვარის ზემოთ გვაქვს მინიჭებული ქულები და რატომ გადასცეს 3-ქულიან ოჯახებს ბინები” – ამბობს ცინდელიანი – “თუ დაცვა მინისტრთან შესვლის საშუალებას არ მოგვცემს, მაშინ განგვიმარტონ მაინც მიზეზი. მინისტრს ხომ მაინც არ სჭირდება საშვი, დაბლა რომ ჩამოვიდეს?”

დევნილების აქცია სამინისტროსთან. 16 ოქტომბერი, 2019. ფოტო: სოფო აფრიამაშვილი/ნეტგაზეთი

ცინდელიანის განმარტებით, 59 ოჯახი აკმაყოფილებს სპეციალური დახმარებისა და საცხოვრებელი ფართის მინიჭების კრიტერიუმებს, თუმცა მათგან მხოლოდ 3 ოჯახის მოთხოვნები შესრულდა.

დღევანდელი აქციის მონაწილეების ძირითადი კითხვები ქულების მინიჭების სისტემასა და დაბალქულიანი ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემას შეეხება.

“დევნილები ამ სახელმწიფოს არ ვჭირდებით” – რა ხდება “დირსის” კორპუსებთან

მასალების გადაბეჭდვის წესი