ნიდერლანდური მედიის ცნობით, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე პროვინცია დრენთეში ზრდასრული მამაკაცი და მისი შვილები რამდენიმე წელი ცხოვრობდნენ დასახლებული პუნქტისგან მოშორებული ფერმის სარდაფში და “ქვეყნის აღსასრულს ელოდებოდნენ“, წერს The Guardian.
მათი აღმოჩენა მას შემდეგ მოხერხდა, როცა 25 წლის უფროსი შვილი ადგილობრივ ბარში მივიდა და მის მფლობელს უთხრა, რომ დახმარება სჭირდებოდა.
“გრძელი, დაუვარცხნელი თმა ჰქონდა. ლაპარაკი დავიწყეთ. მერე თქვა, რომ გამოქცეული იყო და დახმარება სჭირდებოდა, სკოლაში არასდროს უვლია. შემდეგ პოლიციაში დავრეკეთ“, – განაცხადა კრის ვესტერბეკმა, ბარის მფლობელმა. გარდა ამისა, ვესტერბეკმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდის თქმით, გარეთ 9 წელია არ ყოფილა.
უცნობია, რამდენ ხანს ცხოვრობდნენ მამაკაცი და შვილები ასეთ გარემოში, ან სად იყო შვილების დედა. ადგილობრივი მედიასაშუალება Algemeen Dagblad-ის ცნობით, პოლიცია განიხილავს შესაძლებლობას, რომ დედა გარდაიცვალა და სადმე იქვე არის დასაფლავებული.
დრენთეს პოლიციამ დაადასტურა, რომ ისინი მივიდნენ სოფელ რუინერვოლდში მდებარე ფერმაში მას შემდეგ, რაც მიიღეს ინფორმაცია, რომ რამდენიმე ადამიანი შეუსაბამო პირობებში, დახურულ სივრცეში ცხოვრობდა.
მედიის ინფორმაციით, ისინი განდეგილ ცხოვრებას ეწეოდნენ, არ გადიოდნენ გარეთ და საკვებიც თავად მოჰყავდათ, ხოლო მერის თქმით, ეს ადამიანები ადგილობრივ ორგანოებში რეგისტრირებულნი არ იყვნენ.
ფერმის მეპატრონეების განცხადებით, მათ არაფერი იცოდნენ და ეს წლები ეგონათ, რომ ფერმა ერთ კაცზე ჰქონდათ მიქირავებული.
ექვს ზრდასრულ ადამიანს შესაბამისი დახმარება აღმოუჩნეს, ხოლო 58 წლის მამაკაცი, რომელიც ამ ფერმას ქირაობდა, დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარი თქვა. ადგილობრივმა მედიამ მამაკაცს “ჯოზეფ ბ.“ უწოდა. პოლიციის ინფორმაციით, კაცი ბავშვების მამა არ არის.
სოფლის მაცხოვრებლების თქმით, მათ მხოლოდ ეს კაცი ჰყავდათ შემჩნეული და ეგონათ, რომ მარტო ცხოვრობდა. თუმცა ერთმა განაცხადა, რომ როცა კაცი ადგილზე არ იყო, ფერმიდან ხმაური ესმოდა. ადგილობრივების თქმით, კაცი სახლიდან ყველაფერს ბინოკლით აკვირდებოდა და კარგად იცოდა გერმანული ენა, რის გამოც „ავსტრიელის“ ფსევდონიმიც ჰქონდა.
პოლიცია არ ადასტურებს, რომ ფერმაში აღმოჩენილ ადამიანთა შორის ახალგაზრდების მამაა. “ჩვენი უპირველესი სადარდებელი ოჯახის კეთილდღეობაა. ზუსტად რა მოხდა ფერმაში, ამჟამად ძალიან გაუგებარია. ყველა შესაძლო სცენარზე ვმუშაობთ“ ,– განაცხადა პოლიციის პრეს-სპიკერმა.