ახალი ამბები

ლომის წილი მიგიძღვით ჩვენი ოჯახის განადგურებაში – ახალაია “ევროპულ საქართველოს”

15 ოქტომბერი, 2019 • 1195
ლომის წილი მიგიძღვით ჩვენი ოჯახის განადგურებაში – ახალაია “ევროპულ საქართველოს”

პარლამენტის ყოფილი წევრი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” როლანდ ახალაია ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში ყოფილი ხელისუფლების წევრების მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულზე ამნისტიის გამოცხადების შესახებ “ევროპული საქართველოს” ინიციატივას ეხმაურება.

“წლებია, ხმა არ ამოგიღიათ თქვენს თანამებრძოლ პოლიტიკურ ტუსაღებზე და ვის ჰპირდებით პოლიტიკურ ამნისტიას. ალბათ, თქვენ თავსაც გულისხმობთ, რადგან არანაკლები წვლილი მიგიძღვით მათ პოლიტიკურ დევნაში. თქვენი წინასწარი განზრახულობაც ხომ ეგ იყო – რამდენიმე პირისთვის შეგეხოცათ ხელი და გათეთრებულები დარჩენილიყავით. მიუხედავად იმისა, ივანიშვილთან გარიგებულები ხართ, მაინც წარმოუდგენლად მიმაჩნია, თქვენ ხელისუფლებაში მოხვიდეთ და თქვენი გადასაწყვეტი იყოს, ვინ იქნება უფრო მაღლა – თქვენ თუ კანონი. ნუ გვაღიზიანებთ გამწარებულ ოჯახებს, თორემ ეს უსამართლობით გამოწვეული ისედაც პიკზე მყოფი”აგრესია” თქვენკენ მობრუნდება და მაინც არ გისურვებთ მის განცდას, მიუხედავად იმისა, ლომის წილი მიგიძღვით ჩვენი ოჯახის განადგურებაში. ეს არაა ლიტონი სიტყვები და ის აღსრულებადია”, – წერს ახალაია სოციალურ ქსელ Facebook-ში.

როლანდ ახალაია “გამყიდველს” უწოდებს თენგიზ გუნავას და ეკითხება, თუ როგორ თანაცხოვრობს “სიყრმის მეგობრების მტრებთან”.

“ევროპული საქართველო” მომხრეა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გამოცხადდეს ამნისტია წინა ხელისუფლების წევრების მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებზე, გარდა მკვლელობისა და წამებისა. გიგა ბოკერიას თქმით, ის მიზანშეწონილად არ მიიჩნევს ქონების ხელახალ გადანაწილებასაც. “ევროპული საქართველოს” მოსაზრება გააკრიტიკეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა “გაერთიანებული ოპოზიციიდან” და “რესპუბლიკური პარტიიდან”.

მასალების გადაბეჭდვის წესი