ახალი ამბებისაზოგადოება

როცა ტურისტი ხარ და ტუალეტში გინდა… საქართველოში

15 ოქტომბერი, 2019 • 3356
როცა ტურისტი ხარ და ტუალეტში გინდა… საქართველოში

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ბოლო ექვს წელიწადში,  საერთაშორისო მარკეტინგული კამპანიების ჩასატარებლად და საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან ტურისტების მოსაზიდად 80 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის  მოწვევით 2018 წლის მდგომარეობით საქართველოს წელიწადში დაახლოებით 700 ჟურნალისტი და ბლოგერი სტუმრობდა. იწერება ათეულობით სტატია, ბლოგი და მზადდება ვიდეო რგოლი, რომელიც შემდეგ მსოფლიოს წამყვან გამოცემებში თუ არხებზე ქვეყნდება.

ქვეყანას, რომლის ეკონომიკაც მნიშვნელოვნადაა ტურიზმზე დამოკიდებული და რომლის ტურიზმის  ინდუსტრიაც დღითიდღე იზრდება, არ გააჩნია ტურისტებისათვის და საკუთარი მოქალაქეებისათვის, ძალიან მნიშვნელოვანი სერვისი – მოწესრიგებული საზოგადოებრივი საპირფარეშოების სისტემა.

„ტურში მყავდა ასაკოვანი ადამიანები, რომლებიც ყაზბეგიდან მომყავდა. სანამ ანანურამდე ჩამოვიდოდით, ძალიან გაუჭირდათ – საპირფარეშოში უნდოდათ. ვუთხარი რომ აი, ანანურში მივალთ, იქამდე გაძელით, მაგრამ ვერ გაძლეს, ძალიან ცუდად იყვნენ და შერცხვებოდნენ ავტობუსში. ამიტომ მომიწია სადღაც შუა გზაში გაჩერება. მეთქი არ ვიცი, სადაც ნახავთ ბუჩქს ან ხეს, შეგიძლიათ გამოიყენოთ. ცოტახანში დავინახე, რომ ვიღაც კაცი  მორბის ყვირილით. რაღაც ნაკვეთში გადასულან და მეპატრონე გამორბოდა – წამიბილწეს მთელი ბოსტანიო. ძალიან ცუდ  დღეში ჩავვარდი. იმდენი ბოდიში ვიხადე… იმდენად უხერხულ მდგომარეობაში ვიყავი აღარ ვიცოდი რა მექნა,“ – ასე იხსენებს ისტორიკოსი, ტურისტული გიდი ლელა გიორგაძე ერთ-ერთ უხერხულ ისტორიას, რომელიც მას და  მის ტურისტებს საქართველოს გზებზე ტუალეტების არ არსებობის გამო შეემთხვათ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, საპირფარეშოების თემა დიდი და კომპლექსური საკითხია. „ნეტგაზეთი“ დაინტერესდა როგორია პოლიტიკა ამ მიმართულებით, ადმინისტრაციას აქვს თუ არა გაცემული რეკომენდაციები ტურისტულად აქტიური რეგიონების მუნიციპალიტეტებისათვის.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, „ადმინისტრაციაში ამჟამად ამ თემაზე მუშა პროცესი მიმდინარეობს“.

რეალურად საპირფარეშოები ცალკეულმა მუნიციპალიტეტმა უნდა მოაწესრიგოს – ამ მიზნით გამოყოს ფული ადგილობრივი ბიუჯეტიდან და მონიტორინგი გაუწიოს სამუშაოების შესრულებას.  ტურიზმის ეროვნულ  ადმინისტრაციას შეუძლია საერთო პოლიტიკა შეიმუშაოს და რეკომენდაციები მისცეს მუნიციპალიტეტებს. რეალურად რა ტიპის რეკომენდაციები გასცა ადმინისტრაციამ, ამ ეტაპზე „ნეტგაზეთისთვის“  უცნობია. როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაში გვითხრეს „დეტალური ინფორმაციის მისაღებად საჯარო ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ“.

„საპირფარეშოები რეალურად არსად არაა. ძალიან ხელშემშლელია. მაშინ როდესაც  ვესაუბრებით ჩვენი ქვეყნის მაღალი დონის კულტურაზე და ელემენტალური რაღაც არ გვაქვს მოწესრიგებული. როგორც მშიერი ტურისტი არის ყოველთვის უკმაყოფილო, ისევე ადამიანი, რომელიც ვერ იკმაყოფილებს ბუნებრივ მოთხოვნილებებს არის ძალიან უკმაყოფილო. როგორც კარგი გზა, გარეგანათება და ნარჩენების მართვა გვჭირდება, ისე გვჭირდება მოწესრიგებული ტუალეტები,“ – ამბობს ლელა გიორგაძე.

რა მდგომარეობაა მუნიციპალიტეტებში და დიდ ქალაქებში, რამდენიმე ქალაქის მაგალითზე მიმოვიხილეთ.

ყაზბეგი

ყაზბეგის მიმართულება უცხოელ ტურისტებში ძალიან პოპულარულია. თბილისიდან ყაზბეგამდე 154 კმ-ია და გზას საშუალოდ 3 საათი სჭირდება. ამ გზაზე, მეტნაკლებად კეთილმოწყობილი საპირფარეშო, მხოლოდ ანანურშია.

გუდაურის გადმოსახედი, რომელის რეაბილიტაციისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯა, მნიშვნელოვანი ტურისტული ატრაქციაა. არ არსებობს ტურისტი, რომელიც ყაზბეგში მიდის, გადმოსახედზე არ მივიდეს.

„გუდაურის გადმოსახედი, მშვენივრად არის მოწყობილი. მაგრამ ტუალეტი არის ისევ ისეთი საზიზღრობა. ვერავინ ვერ შედის. ვერც კი შეიხედავ ისეთი საშინელებაა. როდესაც კეთდებოდა ამხელა ინფრასტრუქტურა, ხომ შეიძლებოდა იქ საპირფარეშო მოწყობილიყო?,“ –  კითხულობს ლელა გიორგაძე.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე  დავით ქირიკაშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ექვს ადგილას არის საზოგადოებრივი საპირფარეშო.

„ერთი დაბა სტეფანწმინდაში, მეორე გერგეტის სამებისკენ მიმავალ გზაზე და მესამე სამების ტაძართან. ასევე ახლადაშენებული საპირფარეშო არის  სოფელ ჯუთაში, უღელტეხილზე ე.წ. მჟავე წყლებთან და  ბიო ტუალეტები დგას გუდაურის გადმოსახედზე“.

კითხვაზე აპირებს თუ არა მუნიციპალიტეტი მომავალ წელს მაინც ჩადოს ბიუჯეტში თანხა  ახალი საზოგადოებრივი საპირფარეშოების ასაშენებლად, ამბობს რომ არ იცის.

„ვერ გეტყვით  ზუსტად რამდენ საპირფარეშოს ავაშენებთ, მაგრამ გარკვეულ ადგილებზე დაგეგმილი გვაქვს… მაგალითად, გუდაურში პანორამასთან მეორე ეტაპი გვაქვს სამუშაოების, სადაც შედის საპირფარეშოების მოწყობაც. მუნიციპალიტეტის მასშტაბით ზუსტი რაოდენობა და ადგილები არ ვიცი,“ – ამბობს დავით ქირიკაშვილი.

ქუთაისი

2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, ქუთაისში 147 635 ადამიანი ცხოვრობს. ქუთაისში საერთაშორისო  ვიზიტორების  რაოდენობა ყოველ წლიურად იზრდება. რასაც მოწმობს აეროპორტის გაზრდილი დატვირთვა და ჰოსტელების თუ საოჯახო სასტუმროების მზარდი რიცხვი ქალაქში.

ქალაქს, რომლისთვისაც ტურიზმი და მასთან დაკავშირებული ბიზნესი, ახალი სიცოცხლის ბიძგის მიმცემი აღმოჩნდა,  არ აქვს საზოგადოოებრივი საპირფარეშო. საპირფარეშო არის, მაგრამ როგორც გიდები ამბობენ “არ შეისვლება”, ქუთაისის მთავარ ტურისტულ სანახაობაზე – ბაგრატის  ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე. საპირფარეშო  არ არის  მოწამეთას მამათა მონასტრის ტერიტორიაზე, რომელიც ბაგრატი-გელათი – მოწამეთა – ტურისტულ მარშრუტში შედის.

ბოლო დრომდე არ იყო საპირფარეშო არც გელათის მონასტრის მიმდებარედ. ახალი საზოგადოებრივი ტუალეტი გელათის მონასტერთან 2019 წლის სექტემბერში გაიხსნა.

„ჭყონიამ გაიხაროს –  „მაკდონალდსი“ აგვიშენა ქუთაისში. ეგ არის ერთადერთი ნორმალური ადგილი, სადაც შეიძლება ტურისტი საპირფარეშოში შეიყვანო და არ შეგრცხვეს,“ – ამბობს გიდი ლაშა ბერეკაშვილი.

ქუთაისის მერიის ეკონომიკის, ქონების მართვისა და ტრანსპორტის სამსახურის  უფროსის მოადგილის, ვალერი სილაგაძის თქმით დღეისათვის ქუთაისში ქალაქის მუნიციპალიტეტის ბაზაზე ოთხი საპირფარეშოა.

„სამწუხაროდ ნაკბელად კეთილმოწყობილია ეს ტუალეტები, მაგრამ მუნიციპალიტეტი აპირებს ტენდერით შეისყიდოს მომსახურება და მოგვარდება ეს პრობლემა. თვითონ ქალაქი, თავისი ხარჯებით ჩასმული აქვს და ეს პრობლემა აღარ იქნება ქალაქში,“ -ამბობს ის.

საპირფარეშოების მოვლას ააიპ „მუნიციპალურ სერვისები“ ახორციელებდა.

„შემდეგ რატომღაც ამოვიღეთ მისი ბალანსიდან, სამჯერ იყო აუქციონზე გატანილი, რომ მომხდარიყო  მუნიციპაური საპირფარეშოების განკარგვა აუქციონის წესით. ვინაიდან ბიზნესის ჩართვა გვინდოდა. ბიზნესს მოეარა. ვერ მოხერხდა იჯარით გაცემა, ახლა მერიამ გადაწყვიტა თვითონ მოაგვაროს ეს პრობლემა,“ – ასე აღწერს ვალერი სილაგაძე მიზეზს, თუ რატომ არ აქვს ქუთაისს თუნდაც ერთი მოწესრიგებული საზოგადოებრივი საპირფარეშო.

ბათუმი

ყველაზე ხშირად მონახულებად ადგილებს შორის ბათუმი და აჭარის რეგიონი მეორე ადგილზეა უცხოელ ტურისტებში. მსგავსად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიც მილიონობით ლარს ხარჯავს ბათუმის და აჭარის ტურისტული პოტენციალის რეკლამირებაზე.

დეპარტამენტის ბოლო წლების სტრატეგია, ტურისტების მთიანი აჭარით დაინტერესებაა.

ბათუმიდან დაბა ხულომდე 81 კმ-ია. გზის არცერთ მონაკვეთზე არაა მოწესრიგებული საპირფარეშო –  არც კერძო და არც მუნიციპალური, სადაც დაცული იქნება ჰიგიენის  მინიმალური სტანდარტები. დაბა ხულოდან კურორტ გოდერძიმდე 30 კმ-იანი საავტომობილო გზაა, რომლის გავლასაც მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურის გამო ორ საათზე მეტი სჭირდება. მართალია გზაზე საზოგადოებრივი საპირფარეშო არის, მაგრამ იმდენად მოუწესრიგებელია, გიდებს გამოუვალი სიტუაციის გარდა, არასდროს შეჰყავთ იქ ტურისტები. ერთადერთი საპირფარეშო, სადაც ჰიგიენის ნორმები დაცულია, დაბა ხულოს ცენტრში დგას.

„ქალაქში მაინც უფრო ადვილია, კაფე-რესტორნების იმედად ვართ, ქალაქიდან თუ გახვედი, დაღუპული ხარ. ვმასპინძლობ ხოლმე ასაკოვან ტურისტებს, რომლებსაც ძალიან ხშირად სჭირდებათ საპირფარეშოში შესვლა და პრობლემებიც აქ იწყება. განსაკუთრებით როცა ერთი ქალაქიდან მეორეში მიდიხარ ან რეგიონიდან რეგიონში. გზაზე უნდა გაჩერდე აუცილებლად ბენზინგასამართ სადგურზე, სადაც უმრავლეს შემთხვევაში ერთი კაბინაა და 40 კაციანი ჯგუფი რომ მიგყავს, ბევრი დრო იკარგება.

გზებზე რა ტუალეტებიც არის, იქ ისეთი საშინელი სუნი დგას არასოდეს არ ვსარგებლობ, ტურისტები მარტო  მაშინ შედიან, როცა უბრალოდ სხვა გზა და გამოსავალი არაა,“ – ამბობს სალომე გორგილაძე, გიდი ბათუმიდან.

„რთული მოსავლელია,“ –  ამბობს ხულოს მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ზაზა აბულაძე და აგრძელებს „ჯობია რომ კერძო სტრუქტურები დავავალდებულოთ.  ვინც გახსნის ბენზინგასამართ სადგურს, მარკეტს და რესტორანს, მოემსახურონ ტურისტებსაც და მოსახლეობასაც“.

ზაზა აბულაძის თქმით,  მას შემდეგ რაც იჯარით გასცეს დაბა ხულოში მუნიციპალური საპირფარეშო, მეიჯარემ შენობა გაარემონტა და შშმ პირთათვის ადაპტირებული გახადა. კურორტ გოდერძისკენ მიმავალ გზაზე მდებარე საპირფარეშოები კი ისევ მუნიციპალური საკუთრებაა. მიუხედავად იმისა რომ ხულოს მერია, მათ მოვლა პატრონობაში ფულს იხდის, ტუალეტები მოუწესრიგებელია.

 

რაც შეეხება ბათუმს, რომელიც ტურისტულად მზარდი ქალაქის რიცხვში შედის, ბულვარში მდებარე საპირფარეშოების  გარდა, უშუალოდ ქალაქის ტერიტორიაზე 3 მუნიციპალური საპირფარეშოა. ერთი ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერში, მეორე შინდისის სკვერში, მესამე კი ზუბალაშვილისა და ლუკა ასათიანის ქუჩაზე ახლადაშენებულ სკვერში. მერიაში ამბობენ რომ ჯერჯერობით სხვა საპირფარეშოების მშენებლობა დაგეგმილი არაა.

აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტს ვკითხეთ, მისცა თუ არა რეკომენდაციები საპირფარეშოების მოსაწყობად აჭარის მუნიციპალიტეტებს, როდის და რა ფორმით.

„აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო პერიოდულად ამზადებენ  ტურისტულ სერვისებთან დაკავშირებულ სხვადასხვა ტიპის რეკომენდაციებს მუნიციპალიტეტებისთვის, მათ შორის საპირფარეშოებთან დაკავშირებითაც.

აღნიშნული რეკომენდაციები ზეპირი ფორმითაც მიეწოდება მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს, როდესაც იმართება სახვასხვა ტიპის სამუშაო შეხვედრები ტურიზმის სექტორთან. მუნიციპალიტეტების მიერ ეტაპობრივად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები ტურისტულ ადგილებში, კერძოდ უკვე მოწყო საპირფარეშოები ბულვარის ტერიტორიაზე, მირვეთში, ბათუმი ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე,“ –  მოგვწერეს პასუხად დეპარტამენტიდან.

მთავარი ფოტო: საქართველოს ტუალეტების გზამკვლევი

ფოტოზე: მარცხნივ, უშგულის გზაზე მდებარე ტუალეტი, მარჯვნივ მუცოს გზაზე მდებარე ტუალეტი

მასალების გადაბეჭდვის წესი