ახალი ამბები

რუსთავში მოსახლეობას კვლავ უსიამოვნო სუნი აწუხებს, სამინისტრო მოკვლევას იწყებს

15 ოქტომბერი, 2019 •
რუსთავში მოსახლეობას კვლავ უსიამოვნო სუნი აწუხებს, სამინისტრო მოკვლევას იწყებს

რუსთაველების ინფორმაციით, თითქმის ერთი თვეა, რაც უსიამოვნო სუნი აწუხებთ, რომელსაც ქალაქის შესასვლელთან მდგარ სოკოს საწარმოს უკავშირებენ.

ერთ-ერთმა მათგანმა ნეტგაზეთს წერილობით მომართა. წერილში ნათქვამია, რომ სუნი იმდენად ძლიერია, საცხოვრებელ სახლებშიც აღწევს.

რაც შეეხება სხვა მოქალაქეებს, ისინი უსიამოვნო სუნის გასაპროტესტებლად აქციასაც გეგმავენ. 

ნეტგაზეთმა ამ თემასთან დაკავშირებით მიმართა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სადაც გვითხრეს, რომ პრობლემის შესახებ მათთვისაცაა ცნობილი.

უწყება ამბობს, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი დღეს სოკოს საწარმოში იყო, უახლოეს პერიოდში კი საწარმოო პროცესის შემოწმება დაიწყება, რომელიც სავარაუდოდ, ერთ კვირაში დასრულდება.

რუსთავში უსიამოვნო სუნის შესახებ ინფორმაცია დაახლოებით აგვისტოს ბოლოდან სხვადასხვა მედიასა თუ სოციალურ ქსელში ვრცელდება. ერთ-ერთი გამოცემა, რომელიც ამ საკითხზე წერს, Info Rustavi-ია. გამოცემამ 31 აგვისტოს მოქალაქეების საპროტესტო აქცია გააშუქა.

მაშინ რუსთაველები ქალაქის მერიასთან შეიკრიბნენ, სიმბოლურად სახეზე პირბადეები აიფარეს, გოგირდი დაწვეს და ჰაერში სპეციალური გამწმენდი საშუალებები გაუშვეს.

იგივე გამოცემა 6 ოქტომბერს წერდა, რომ უსიამოვნო სუნის გავრცელების კერის აღმოსაჩენად ექსპერიმენტი ჩატარდა და დადასტურდა, რომ სუნი სწორედ სოკოს საწარმოდან მოდიოდა.

“კომპოსტირება, რომელსაც სოკოს საწარმო ახორციელებს, არის 24- საათიანი, უწყვეტი ციკლი. შედეგად წარმოიქმნება ნიადაგი,  რომლითაც სოკო მოჰყავთ. დავესწარი ამ ექსპერიმენტს, დაახლოებით 3 საათი მომიწია იქ ყოფნა.

საწარმოო პროცესში ის სუნი, რაზეც საუბარია, ნამდვილად გამოიყოფა. ჩვენ დამატებით ტესტიც გვქონდა ატანილი სიურპრიზად და სწორედ ამ დასკვნამდე მივედით”, – განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ Info Rustavi-თან.

გამოცემასთან ინტერვიუში მუნიციპალიტეტის მერი ამბობს, რომ კომპანია თურქეთიდან ახალი დანადგარის ჩამოტანას გეგმავს, მოსაგვარებელი კი მხოლოდ ტრანსპორტირების საკითხი დარჩა.

მასალების გადაბეჭდვის წესი