ახალი ამბები

ანა დოლიძე: ირაკლი კობახიძეს “ოქტომბრელის” გულსაბნევი უნდა გადავცე

15 ოქტომბერი, 2019 •
ანა დოლიძე: ირაკლი კობახიძეს “ოქტომბრელის” გულსაბნევი უნდა გადავცე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე, რომელიც პოლიტიკური მოღვაწეობის დაწყებას გეგმავს, ირაკლი კობახიძეს პასუხობს. საკუთარ განცხადებაში პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ თქვა, რომ მისი აზრით, თუ დოლიძე პარტიას შექმნის, საპარლამენტო არჩევნებში ბუნებრივ ბარიერსაც ვერ გადალახავს.

საპასუხოდ, ანა დოლიძე ტელეკომპანია “პირველთან” ამბობს, რომ მის მიმართ შეტევები როგორც “ქართული ოცნებიდან”, ასევე, “ერთიანი ნაციონაური მოძრაობიდან” იმას მოწმობს, რომ ამ ორ პარტიას ახალი პოლიტიკური მოძრაობების ჩამოყალიბება აშინებთ:

“ეს მიანიშნებს იმ ძალიან ძლიერ შიშზე, რომელიც ამ ორ დმკვიდრებულ პოლიტიკურ ძალას აქვს ახალი ძალების მიმართ. ეს ორი ძალა ასულდგმულებს ერთმანეთს და პოლიტიკურ სპექტრში ახალი ძალების გამოჩენის ეშინიათ”, – ამბობს დოლიძე.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ირაკლი კობახიძეც გააკრიტიკა, მას “ოქტომბრელი” უწოდა და შესაბამისი სიმბოლოც უყიდა საჩუქრად, რომელსაც როგორც თავად ამბობს, კობახიძესა და მის გუნდს 2020-ის ოქტომბერში ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ გადსცემს.

პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეჭვობს, რომ თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, იურისტი ანა დოლიძე პოლიტიკურ მოძრაობას ჩამოაყალიბებს, ბუნებრივი ბარიერის გადალახვას შეძლებს.

“დოლიძეზე როცაა საუბარი, საერთოდ არ მგონია, რომ მან შეიძლება გადალახოს ბუნებრივი ბარიერი [დაახლოებით 0.66%]”, – აცხადებს კობახიძე.

ის არ აკონკრეტებს, რომელ პარტიებთან შეიძლება ითანამშრომლოს 2020-ის არჩევნების შემდეგ “ქართულმა ოცნებამ”, თუ მთავრობის დასაკომპლექტებლად პარლამენტში კოალიციის ჩამოყალიბება იქნება საჭირო. კობახიძე ასეთ თანამშრომლობას გამორიცხავს ენმ-სთან, ევროპულ საქართველოსა და პატრიოტთა ალიანსთან.

“[ახლა] არასწორია პარტიაზე, გვარებზე საუბარი”, – აცხადებს კობახიძე, რომლის პროგნოზითაც “ქართულ ოცნებას” კოალიცია საერთოდ არ დასჭირდება და 60 პროცენტის მიღებას შეძლებს არჩევნებში. შედარებისთვის, პროპორციული წესით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ოცნებამ” 48 პროცენტი მიიღო.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე აცხადებს, რომ თანამოაზრეებს კრებს, რომლებთან ერთადაც „ორგანიზებული ძალის“ შექმნას აპირებს და ერთ-ერთ ასეთ ადამიანად „ქართული ოცნების“ ყოფილ პარლამენტარს, ამჟამად დამოუკიდებელ დეპუტატს, ლევან კობერიძეს ასახელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი